Microsoft-მა და შვეიცარიულმა სტარტაპმა Inait-მა პარტნიორობა გამოაცხადეს ძუძუმწოვრების ტვინით შთაგონებული ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელების შემუშავების მიზნით. ტექნოლოგია ფინანსური ინდუსტრიისა და რობოტექნიკური აპლიკაციების მომსახურებაზეა ორიენტირებული. Microsoft-მა და ლოზანის სტარტაპმა Inait სამშაბათს გააკეთეს განცხადება ტვინის მოდელირებაზე დაფუძნებული AI მოდელების შექმნის შესახებ პარტნიორობის თაობაზე. განცხადების თანახმად, Microsoft გეგმავს Inait-ის ტექნოლოგიის გამოყენებას ბიზნეს კლიენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის შეთავაზებების გასაფართოებლად. Inait-ის ტექნოლოგია ტვინის ოცწლიან კვლევას ეფუძნება. „ინტელექტის ერთადერთი დადასტურებული ფორმა ტვინშია და თუ ჩვენ შევძლებთ ტვინის დაუფლებას, სრულიად განსხვავებული, ძალიან ძლიერი, ახალი სახის ხელოვნური ინტელექტის შექმნა იქნება შესაძლებელი“, – აცხადებს Inait-ის აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ ფრეი. ტექნოლოგია საკვანძო უპირატესობას გვპირდება: ჩვეულებრივი AI სისტემებისგან განსხვავებით, ის რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით სწავლაზეა აგებული და არა მხოლოდ არსებულ მონაცემებზე. Inait-ის დამფუძნებლის, ჰენრი მარკრამის თქმით, ტექნოლოგია 18 მილიონ ხაზ კოდს მოიცავს, რომელიც ძუძუმწოვრების ტვინის სიმულაციას ახდენს. მარკრამი განმარტავს, რომ ტვინზე დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის მოდელები შექმნილია იმისთვის, რომ იყოს უფრო ენერგოეფექტური და ისწავლოს უფრო სწრაფად, ვიდრე არსებული სისტემები, ამასთან, სწავლა კლიენტებისთვის მიწოდების შემდეგაც გააგრძელოს. „Inait არის ხელოვნური ინტელექტის ახალი პარადიგმის პიონერი, რომელიც სცილდება მონაცემებზე დაფუძნებულ ტრადიციულ მოდელებს და გადადის ციფრულ ტვინზე, რომელსაც ნამდვილი შემეცნება შეუძლია“, – აცხადებს ადირ რონი, Microsoft-ის ღრუბლოვანი ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის დირექტორი EMEA რეგიონში სტარტაპებისთვის. თავდაპირველად, პარტნიორობა ორ მიმართულებაზე იქნება ფოკუსირებული: ფინანსური სექტორისთვის მოწინავე სავაჭრო ალგორითმებისა და რისკების მართვის ინსტრუმენტების შემუშავება, ასევე სამრეწველო რობოტების შექმნა, რომლებსაც რთულ და დინამიურ გარემოში უკეთ ადაპტირება შეეძლებათ. Inait ტვინის მოდელირების სფეროში 20-წლიან კვლევას ეყრდნობა. დამფუძნებელი მარკრამი ამ სფეროს პიონერია და იყო Swiss Blue Brain Project-ის დამფუძნებელი და დირექტორი, რომლის მიზანი მღრღნელების ტვინის ციფრული რეკონსტრუქცია იყო. ის ასევე იყო Human Brain Project-ის დამფუძნებელი და პირველი დირექტორი, რომელიც 2013 წელს დაახლოებით ერთი მილიარდი ევროს ბიუჯეტით დაიწყო. HBP-ის მიზანი ადამიანის ტვინის გაგება და კომპიუტერული მოდელებისა და სიმულაციების საშუალებით ხელახლა შექმნა იყო. მარკრამის გრანდიოზული ხედვა HBP-ის შესახებ სუპერკომპიუტერზე ადამიანის ტვინის სრული სიმულაციის შექმნა იყო ათი წლის განმავლობაში – განცხადება, რომელიც მან საჯაროდ TED Talk-ზე 2009 წელს გააკეთა. ამ ამბიციურ მიზანს სამეცნიერო საზოგადოებაში სკეპტიციზმითა და კრიტიკით შეხვდნენ, ბევრმა ის არარეალურად მიიჩნია. HBP სწრაფად შეექმნა პრობლემები. მარკრამი გააკრიტიკეს მისი ხელმძღვანელობის სტილისა და დაპირებების გამო, რომლებიც ბევრს გადაჭარბებულად მიაჩნდა. 2014 წელს ასობით ნეირომეცნიერმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელშიც პროექტის მართვა, კერძოდ, მარკრამის მიდგომა დაგმეს. 2015 წელს ის HBP-ის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მისი როლი ქვეპროექტის (ტვინის მოდელირების პლატფორმა) ხელმძღვანელობამდე შეამცირეს. თავად HBP ტვინის სრული სიმულაციის თავდაპირველი ხედვიდან უფრო ფართო კვლევით ქსელში გადაიზარდა, რომელიც ნეირომეცნიერებისა და ნეიროინფორმატიკის სხვადასხვა ასპექტს მოიცავს. პროექტი 2023 წლის სექტემბერში დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ HBP-მ ტვინის დაპირებული სრული სიმულაცია ვერ უზრუნველყო, მან ხელი შეუწყო ისეთი ინსტრუმენტების შემუშავებას, როგორიცაა EBRAINS პლატფორმა, რომელიც ნეირობიოლოგებს მთელ მსოფლიოში მონაცემებსა და მოდელირების შესაძლებლობებს აძლევს.
„ადამიანის ტვინის პროექტის“ დამფუძნებელი Microsoft-თან ერთად „ციფრული ტვინის“ შექმნაზე მუშაობს

გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს