ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა მზადაა განიხილოს ამერიკული მხარის მოთხოვნა რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.
ცნობილია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი საუდის არაბეთში ჩავლენ, სადაც უკრაინელ კოლეგებთან მოლაპარაკებებს გამართავენ. პრეზიდენტმა ტრამპმა გააძლიერა ზეწოლა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე, რათა მან მიიღოს მისი მოთხოვნა მოსკოვთან სწრაფი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა ამერიკის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების დაუყოვნებლივ დაპირების გარეშე.
ცოტა ხნის წინ, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე, ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკი არ იყო მზად საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად. მოგეხსენებათ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 2022 წლის თებერვალში დაიწყო და ამჟამად მოსკოვი უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20%-ს აკონტროლებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ის ფაქტი, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები მოლაპარაკებებისთვის ჩადიან, მიანიშნებს, რომ მათ სურთ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა და წინსვლა.
მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკი ასევე იმყოფება სპარსეთის ყურის სამეფოში, სადაც ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდება, მოსალოდნელი არ არის, რომ ის ფორმალურ როლს შეასრულებს ამერიკელებთან მოლაპარაკებებში. უკრაინულ დელეგაციას ზელენსკის აპარატის ხელმძღვანელი, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ასევე საგარეო და თავდაცვის მინისტრები წარადგენენ.
ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ იმედოვნებს შედეგებს, როგორც მშვიდობის დამყარების კუთხით, ასევე მხარდაჭერის გაგრძელების თვალსაზრისით. ზელენსკი ამერიკის მხრიდან ძლიერი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებამდე დათმობებზე წავიდეს. ამავდროულად, ის მოითხოვს კიევისთვის მტკიცე უსაფრთხოების გარანტიებს და ხაზს უსვამს, რომ პუტინმა დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის წინა შეთანხმებები.
ამ დრომდე, არ არის ცნობილი, ახორციელებს თუ არა აშშ რაიმე სახის ზეწოლას მოსკოვზე დათმობების მისაღებად. თეთრ სახლში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ზელენსკიმ სინანული გამოთქვა და შეეცადა აშშ-სთან ურთიერთობის გამოსწორებას, რადგან ეს ქვეყანა უკრაინის უმსხვილესი სამხედრო მომწოდებელია.
ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრამპმა ზელენსკისგან წერილი მიიღო, რომელშიც "ბოდიში" და "მადლიერების გრძნობა" იყო გამოხატული. მისივე თქმით, საუდის არაბეთში ამერიკულ დელეგაციას სურს განიხილოს მშვიდობის "ჩარჩო", რათა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მნიშვნელოვანი მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმება, რომელიც თეთრ სახლში მომხდარი ინციდენტის გამო შეფერხდა, საუდის არაბეთში კვლავ დღის წესრიგშია. უკრაინამ შესთავაზა აშშ-ს იშვიათი ლითონების მარაგებზე წვდომა, სანაცვლოდ კი აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.
თეთრ სახლში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, აშშ-მ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება შეაჩერა და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეწყვიტა. თუმცა, კითხვაზე, განიხილავდა თუ არა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების განახლებას, ტრამპმა უპასუხა, რომ თითქმის მიაღწიეს შეთანხმებას და სურთ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ უკრაინა სერიოზულად მოეკიდოს რაიმეს გაკეთებას. მან დამატებითი დეტალები არ გაამჟღავნა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს