როგორ შეიძლება მსოფლიოს გააგებინო, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული? ამ კითხვაზე პასუხის ძიებაში, 23 წლის ნანუკა კაკაბაძეს მოქარგული ზურგჩანთების შექმნის იდეა მოუვიდა. მან ესკიზი შექმნა და ბებიასთან ერთად, წყალგაუმტარი, სამოგზაურო ზურგჩანთების წარმოება დაიწყო, რომლებზეც საქართველოს რუკა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ წარწერაა დატანილი.
ნანუკა პროფესიით სოციოლოგია, თუმცა ჰობი ბიზნესად აქცია. რეკლამისა და გრაფიკული დიზაინის კურსების გავლის შემდეგ, ამჟამად მარკეტინგს ეუფლება, რათა საკუთარი საქმის პოპულარიზაციას თავადვე შეუწყოს ხელი. ზურგჩანთები, სტარტაპ „ანანკეს“ სახელით, სოციალურ ქსელში იყიდება.
„მთავარი მიზანი „ანანკეს“ ზურგჩანთების შექმნისას იყო, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეწოდებინა ინფორმაცია საქართველოში არსებული პრობლემის შესახებ. „ანანკეს“ ზურგჩანთების ტარებით ადამიანებს შეუძლიათ გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ. მე ვქმნი და ვატარებ ამ ზურგჩანთას იმისთვის, რომ საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც ვამცნო ადამიანებს, რომ არ მიმაჩნია აფხაზეთი და სამაჩაბლო დაკარგულ ტერიტორიებად და მივიჩნევ მათ საქართველოს ნაწილად. ასევე, მინდა ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ოკუპაცია ყოველდღიურად გრძელდება. სწორედ ეს წარწერაა დატანილი ზურგჩანთის წინა მხარეს, საქართველოს რუკასთან ერთად“, - აცხადებს ნანუკა.
„ჩვენი სამიზნე სეგმენტი ასაკით ან სხვა მახასიათებლებით შეზღუდული არ არის, რადგან ნებისმიერ მსურველს შეუძლია ზურგჩანთის ტარება. პროდუქტი მაღალი ხარისხის სტანდარტებით, წყალგაუმტარი მასალისგან მზადდება, რაც მას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. ზურგჩანთის ზომები 40-30-20 სანტიმეტრია, რაც ვიზეარის ხელბარგის სტანდარტებს შეესაბამება და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ის საქართველოსა თუ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას გამოიყენონ.“
სახელწოდება „ანანკე“ სტარტაპის დამფუძნებლისთვის საყვარელ საქმიანობას უკავშირდება, რომლის იდეებსაც ბებია რეალობად აქცევდა. „ანანკე“ საოჯახო სტარტაპია, რომელიც უკვე 2 წელია ფუნქციონირებს და ტანსაცმლის, ქურთუკების წარმოებასთან ერთად, განსაკუთრებული შინაარსის მქონე ზურგჩანთებსაც ქმნის.
„სახელი შემთხვევითი არ არის. „ანანკე“ ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ურღვევი კანონის განმასახიერებელი ქალღმერთია. ეს გარკვეულწილად ზურგჩანთების შექმნის იდეასაც უკავშირდება, რადგან ეხმიანება ისეთ პრობლემას, რომელიც ბუნებრივ კანონს არღვევს. ვგულისხმობ საქართველოს უკანონოდ, ძალადობრივი მეთოდით მითვისებულ ტერიტორიებს, რომელსაც კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არ ვეთანხმები და დროებით მოვლენად მივიჩნევ, რომელიც ჩვენი შესაცვლელია“, - განმარტავს ნანუკა.
„ჩემი დიდი სურვილია, რომ „ანანკე“ ერთჯერადი წამოწყება არ იყოს. ამ ეტაპზე პროდუქციის პოპულარიზაცია და საზოგადოებისთვის გაცნობა მხოლოდ სოციალური ქსელის მეშვეობით ხდება. სამომავლოდ ვგეგმავთ, ამ თემატიკის სხვადასხვა სახის პროდუქტიც დავამზადოთ, რადგან ჩემი მთავარი მოტივაციაა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენი ქვეყნის შესახებ და პრობლემის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება გამოხატოს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამ გზით ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ პრობლემის მოგვარებაში.“
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს