დიდი ბრიტანეთის მთავრობის საიდუმლო ბრძანება Apple-ის მიმართ, რომელიც ბოლოდან-ბოლომდე დაშიფრული iCloud-ის საცავის სერვისისთვის „უკანა კარის“ შექმნას მოითხოვს, სამოქალაქო უფლებათა ორმა ჯგუფმა, Liberty-მ და Privacy International-მა გაასაჩივრა. მათ ხუთშაბათს შესაბამისი საჩივრები შეიტანეს. ისინი ბრძანებას „მიუღებელსა და არაპროპორციულს“ უწოდებენ და „გლობალურ შედეგებზე“ აფრთხილებენ, რადგან ვარაუდობენ, რომ წვდომის ბრძანება არაბრიტანელ მომხმარებლებსაც შეეხება.
ორგანიზაციებმა, ასევე Privacy International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გას ჰუსეინმა და სამოქალაქო თავისუფლებათა ადვოკატმა ბენ ვიზნერმა, იურიდიულ ფირმა Leigh Day-ს დაავალეს, გაასაჩივროს შინაგან საქმეთა სახელმწიფო მდივნის, ივეტ კუპერის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Apple-ს „ტექნიკური შესაძლებლობის შეტყობინება“ (TCN) გამოეწერა „გამოძიების უფლებამოსილებათა აქტის“ (IPA) საფუძველზე. საიდუმლო ბრძანების არსებობა მხოლოდ გასულ თვეში პრესის ცნობებით გახდა ცნობილი.
„Privacy International-სა და Liberty-ს ეშინიათ, რომ ეს TCN, ან მომავალში მსგავსი TCN-ები, შესაძლოა გამოყენებულ იქნას ბოლოდან-ბოლომდე დაშიფვრის გასანადგურებლად, რაც აუცილებელია კონფიდენციალურობისა და თავისუფალი გამოხატვის დაცვისთვის“, - წერენ ისინი პრესრელიზში.
Apple-მა TCN-ის გასაჩივრება სასამართლოში უკვე დაიწყო - და მისი საჩივრის განხილვა „გამოძიების უფლებამოსილებათა ტრიბუნალში“ (IPT) არის დაგეგმილი, რომელიც ბრიტანეთის სადაზვერვო სააგენტოების წინააღმდეგ საჩივრებს განიხილავს. სამოქალაქო უფლებათა ორივე ჯგუფს, ჰუსეინსა და ვიზნერს მიაჩნიათ, რომ ისინი მთავრობის TCN-ის გადაწყვეტილების უშუალო მსხვერპლნი არიან და ითხოვენ, რომ მათი საჩივრები Apple-ის საჩივარს შეუერთდეს. ისინი ასევე ითხოვენ, რომ საქმის განხილვა საჯაროდ, და არა დახურულ კარს მიღმა წარიმართოს - რითაც უერთდებიან კონფიდენციალურობის უფლებათა დამცველი ჯგუფების ადრინდელ მოწოდებებს.
IPT-ის მოსმენა, სავარაუდოდ, პარასკევს, 14 მარტს არის დაგეგმილი.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს