ცნობილი გახდა, რომ "კრისტალ პალასის" სპორტული დირექტორი, დაგი ფრიდმანი, ზაფხულში კლუბს დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ის საუდის არაბეთში სამუშაო შეთავაზებას განიხილავს. ფრიდმანი, რომელსაც 50 წელი შეუსრულდა, "პალასში" მოთამაშის, მწვრთნელისა და სპორტული დირექტორის პოზიციებზე 2017 წლიდან მუშაობდა. მისი დამსახურებაა ისეთი ფეხბურთელების მოყვანა, როგორებიც არიან მაიკლ ოლიზე, ებერეჩი ეზე, მარკ გუეი, ადამ უორტონი და დინ ჰენდერსონი. წყაროების თანახმად, ფრიდმანს "დირიას კომპანიამ" სპორტის ხელმძღვანელის პოსტი შესთავაზა. ეს კომპანია ფლობს საფეხბურთო კლუბ "ალ-დირიას", რომელიც საუდის არაბეთის მეორე დივიზიონში თამაშობს. სავარაუდოდ, ფრიდმანის როლი მრავალმხრივი იქნება და ის "დირიას კომპანიის" ქოლგის ქვეშ არსებული შვიდი სხვა სპორტის სახეობის განვითარებაზეც იზრუნებს. ჯერჯერობით უცნობია, მიიღო თუ არა ფრიდმანმა ოფიციალურად შეთავაზება. ცნობილია, რომ შოტლანდიელმა ყოფილმა თავდამსხმელმა საუდის არაბეთიდან ინტერესის შესახებ ერთი თვის წინ შეიტყო, თუმცა მოლაპარაკებები ბოლო კვირის განმავლობაში გააქტიურდა. ვარაუდობენ, რომ ის ზაფხულის განმავლობაში "კრისტალ პალასს" საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს, სანამ საბოლოოდ დატოვებს კლუბს. აღსანიშნავია, რომ მას მანჩესტერ იუნაიტედთან ორჯერ ჰქონდა საუბარი და გასულ სეზონში ნიუკასლთანაც გამართა მოლაპარაკებები. იაინ მუდი, რომელიც "პალასის" საკადრო პოლიტიკაზე კონსულტანტის სტატუსით მუშაობს, კლუბში უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, თუმცა ამ ეტაპზე ის ფრიდმანის პირდაპირ შემცვლელად არ განიხილება. "პალასის" თავმჯდომარემ, სტივ პერიშმა განაცხადა, რომ ფრიდმანმა "გადამწყვეტი როლი ითამაშა ყველაფერში, რაც ბოლო რვა წლის განმავლობაში გავაკეთეთ". ფრიდმანმა კი დასძინა: "კლუბს იმედისმომცემი ტალანტებით სავსე გუნდით ვტოვებ, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი ხელმძღვანელობს. მჯერა, რომ საფუძველი მყარია და მისი გაძლიერება შესაძლებელია."
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს