სუდანში არსებული ვითარება კვლავ უკიდურესად მძიმეა. ადგილობრივი საომარი მოქმედებების მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციით, სუდანის შეიარაღებულმა ძალებმა დარფურის რეგიონში, ერთ-ერთ ბაზარზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაიღუპა. იურისტთა საგანგებო ჯგუფი, რომელიც 2023 წლის აპრილში დაწყებული სამოქალაქო ომის დროს ორივე მხარის მიერ ჩადენილ დარღვევებს აფიქსირებს, ამ თავდასხმას "საშინელ ხოცვა-ჟლეტად" აფასებს და აცხადებს, რომ ასობით ადამიანი დაშავდა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში, რომლებიც ნაწილობრივ არმიის მოწინააღმდეგე გასამხედროებულმა დაჯგუფებამ, სწრაფი რეაგირების ძალებმა (RSF) გაავრცელეს, ჩანს ბაზრის დანგრეული და დამწვარი სავაჭრო ჯიხურები, ასევე ამოუცნობად დამწვარი ცხედრები.
სამხედრო უწყების წარმომადგენლები უარყოფენ მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართულ დაბომბვას და აცხადებენ, რომ მხოლოდ ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე ახორციელებდნენ თავდასხმებს. თუმცა, სუდანის შეიარაღებულ ძალებსა და RSF-ს არაერთხელ დასდეს ბრალი სამოქალაქო ობიექტების დაბომბვაში.
ცნობილია, რომ RSF დარფურში დრონებს იყენებს, ხოლო არმიას საბრძოლო თვითმფრინავები ჰყავს და რეგიონის მასშტაბით RSF-ის პოზიციებზე რეგულარულად ახორციელებს საჰაერო დარტყმებს. ბაზარზე მომხდარი თავდასხმის ზუსტი თარიღისა და მსხვერპლის რაოდენობის გადამოწმება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ბაზარი მდებარეობს ქალაქ ელ-ფაშერიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 35 კილომეტრში.
დარფურის აქტივისტური ჯგუფის, "სამართლიანობისა და მშვიდობის დარფურის ინიციატივის" განცხადებით, თავდასხმა ორშაბათს მოხდა და ეს იყო "ომის დაწყებიდან ყველაზე სისხლისმღვრელი ერთჯერადი დაბომბვა". ბოლო თვეების განმავლობაში, ქვეყანაში მიმდინარე სასტიკი სამოქალაქო კონფლიქტის ესკალაციასთან ერთად, დაბომბვებისა და საარტილერიო თავდასხმების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შემთხვევები გახშირდა.
გაეროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 12 მილიონმა სუდანელმა დატოვა საკუთარი სახლი. ქვეყანაში შიმშილი მძვინვარებს და მოსახლეობის ნახევარზე მეტი "სურსათის მწვავე უკმარისობას" განიცდის. სხვადასხვა შეფასებით, ბრძოლების შედეგად სულ მცირე 150,000 ადამიანი დაიღუპა.
RSF უარყოფს დარფურში გენოციდის ჩადენის მტკიცებულებებს, მათ შორის ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობასა და არაარაბი ქალების გაუპატიურებას, რაც "ეთნიკური წმენდის" საშუალებად არის მიჩნეული. გაეროს შეფასებით, სუდანში მსოფლიოში ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისია.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს