სამხრეთ კორეას უპრეცედენტო მასშტაბის ტყის ხანძრები ემუქრება. შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს უახლესი მონაცემებით, სტიქიის შედეგად სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ჰან დოკ-სუს განცხადებით, შექმნილი კრიზისი კვლავ კრიტიკულია და ხანძრები "ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი ტყის ხანძრების რეკორდებს ამყარებს".
ევაკუირებულია 23 000-ზე მეტი ადამიანი. სერიოზულად დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობის რამდენიმე ძეგლი, მათ შორის 1300 წლის ბუდისტური ტაძარი, რომელიც მთლიანად განადგურდა. სამწუხაროდ, ოთხშაბათს, დღის პირველ ნახევარში, ულისონის რაიონის მთებში მეხანძრე ვერტმფრენი ჩამოვარდა, რისი მიზეზების დასადგენადაც მიმდინარეობს გამოძიება.
ხანძრის სალოკალიზაციოდ მობილიზებულია ათასობით მეხანძრე და დაახლოებით 5000 სამხედრო მოსამსახურე, ასევე კორეაში განლაგებული ამერიკული სამხედრო ძალების ვერტმფრენები. ეროვნულმა სახანძრო სააგენტომ კრიზისის უმაღლესი, წითელი დონე გამოაცხადა, რაც წელს პირველად მოხდა.
სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრები შედარებით იშვიათია და მსხვერპლიც იშვიათად ფიქსირდება. თუმცა, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ტრაგიკულად განვითარდა და 18 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მსხვერპლია. განადგურებულია დაახლოებით 17 000 ჰექტარი ტყის მასივი, რაც ფართობის მიხედვით მესამე ყველაზე დიდი მაჩვენებელია სამხრეთ კორეის ისტორიაში.
ულისონში გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა გოუნსას ტაძარი, რომელიც 618 წელს აშენდა და პროვინციის ერთ-ერთ უდიდეს ტაძრად ითვლებოდა. ასევე განადგურდა ჩოსონის დინასტიის (1392-1910) დროინდელი ბუდისტური არქიტექტურული ნაგებობა, რომელიც ეროვნულ საგანძურად იყო აღიარებული.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, მობილიზებულია ყველა არსებული რესურსი და ტექნიკა, თუმცა ძლიერი ქარი აფერხებს ხანძრის ჩაქრობის პროცესს. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ნალექი ხელს შეუწყობს ხანძრის ლოკალიზებას. ჰან დოკ-სუს თქმით, მსგავსი მასშტაბის ტყის ხანძრის შედეგები ქვეყანას არასდროს გამოუცდია.
კორეის მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, ოთხშაბათს რეგიონში წვიმა არ არის მოსალოდნელი, ხოლო ხუთშაბათს მცირე რაოდენობით, 5-დან 10 მმ-მდე ნალექია მოსალოდნელი. ჰან დოკ-სუმ განაცხადა, რომ კრიზისის დასრულების შემდეგ, მთავრობა დეტალურად შეისწავლის ხანძრის საპასუხო ღონისძიებების ყველა ხარვეზს და შეეცდება მომავალში პრევენციული სტრატეგიების გაუმჯობესებას. მისი თქმით, ტყის ხანძრის ჩაქრობა უზარმაზარ რესურსებს მოითხოვს და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს.
სამხრეთ კორეაში ნალექების ნაკლებობა შეინიშნება. წელს უკვე 244 ტყის ხანძარია დაფიქსირებული, რაც 2.4-ჯერ მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მთავრობა ასევე გეგმავს უკანონო ცეცხლის დანთების წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებას, რაც ტყის ხანძრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
ტყის ხანძრები პირველად გასულ პარასკევს სანჩეონის რაიონში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გაჩნდა, თუმცა ამჟამად მეზობელ ქალაქებში - ულისონში, ანდონგში, ჩონგსონგში, იონგიანგსა და იონგდოკშიც გავრცელდა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს