დომინიკ და ჟიზელ პელიკოს ქალიშვილი, კაროლინ დარიანი, მამას წინააღმდეგ სარჩელს აღძრავს. ის მას ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებით გაუპატიურებაში ადანაშაულებს, რასაც დომინიკ პელიკო ყოველთვის უარყოფდა.
ცნობილია, რომ დომინიკ პელიკოს გასული წლის დეკემბერში 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ყოფილი მეუღლის, ჟიზელის, ნარკოტიკული საშუალებებით გაბრუებისა და გაუპატიურებისთვის, ასევე ათწლეულის განმავლობაში ათობით მამაკაცის მიერ მისი ძალადობისთვის ხელშეწყობისთვის.
პელიკო მეუღლის გაუპატიურების ფაქტებს ვიდეოზე იღებდა და ასობით ჩანაწერი მყარ დისკზე ჰქონდა შენახული. ამ ჩანაწერებს შორის აღმოჩნდა მისი ქალიშვილის ორი ფოტოც, რომლებზეც, კაროლინ დარიანის თქმით, ის აშკარად უგონო მდგომარეობაშია, უცნაურ პოზაში სძინავს და აცვია საცვალი, რომელსაც არ ცნობს.
დომინიკ პელიკოს ამ ფოტოებთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ახსნა აქვს, თუმცა, ქალიშვილის სექსუალურ ძალადობაში ის არასდროს გამოუტყდა. კაროლინ დარიანი ამტკიცებს, რომ ფოტოები მტკიცებულებაა იმისა, რომ მამამისი მასაც ნარკოტიკულ საშუალებებს აძლევდა და აუპატიურებდა.
სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას დაიწყებენ, რის შემდეგაც პროკურატურა გადაწყვეტს, გაგრძელდეს თუ არა საქმის წარმოება. დომინიკ პელიკოს ადვოკატის განცხადებით, კაროლინ დარიანის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მან ასევე აღნიშნა, რომ წინა სასამართლო პროცესზე პროკურორებმა განაცხადეს, რომ არ არსებობდა საკმარისი "ობიექტური ელემენტები" პელიკოს ქალიშვილის გაუპატიურებაში დასადანაშაულებლად.
სასამართლო პროცესზე, რომელიც საფრანგეთსა და მთელ მსოფლიოს შეძრა, კაროლინ დარიანსა და მის მამას შორის მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. "არასდროს შეგხებივარ, არასდროს", - ეხვეწებოდა პელიკო ქალიშვილს ერთ-ერთი სხდომის დროს. "მატყუებ!", - პასუხობდა კაროლინ დარიანი.
კაროლინ დარიანის თქმით, ის თავს "დავიწყებულ მსხვერპლად" გრძნობდა, რადგან დედის საქმისგან განსხვავებით, არ არსებობდა მისი დარწმუნებით განხორციელებული ძალადობის არანაირი ჩანაწერი. მან განაცხადა, რომ მამის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები "სიმბოლურია", მაგრამ "შეესაბამება იმას, რასაც თავიდანვე ვამბობდი: რომ ვარ ქიმიური ზემოქმედების მსხვერპლი, მაგრამ არასდროს მიღიარებივარ ასეთად".
მისი ინტერესების დაცვას ადვოკატი ფლორენს როლტი უზრუნველყოფს. ქალბატონი როლტი მრავალი წელია იბრძვის ორი ქალის უფლებებისთვის, რომლებიც 1990-იან წლებში ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. ერთ-ერთი მათგანი, ახალგაზრდა უძრავი ქონების აგენტი, ფსევდონიმით მარიონი, 1999 წელს გაუპატიურების მცდელობის მსხვერპლი გახდა, რაც პელიკომ აღიარა. მეორე, ასევე უძრავი ქონების აგენტი, 20 წლის, 1991 წელს გააუპატიურეს და მოკლეს. პელიკოს ამ საქმესთან დაკავშირებითაც იძიებენ, თუმცა, ის ყოველთვის უარყოფდა რაიმე სახის კავშირს.
კაროლინ დარიანმა აღნიშნა, რომ მასსა და მარიონს შორის მსგავსებას ხედავს. "ჩვენ საოცრად ვგავართ ერთმანეთს. ის ქერაა, ბობ-ვარცხნილობა აქვს, ერთ წელს დავიბადეთ... მინდოდა შევხვედროდი მის ადვოკატს და ყველა დეტალი მომესმინა", - განაცხადა მან.
პოლიციისთვის მიცემულ საჩივარში, რომელიც ფრანგულმა მედიამ გაავრცელა, ქალბატონმა როლტმა აღნიშნა, რომ კაროლინ დარიანისთვის არასდროს შეუთავაზებიათ გინეკოლოგიური გამოკვლევები და არ ჩატარებულა ტესტირება იმ ნარკოტიკებზე, რომლებსაც პელიკო მეუღლეზე იყენებდა. როლტის თქმით, გამოძიება მხოლოდ ჟიზელ პელიკოზე იყო ფოკუსირებული და მისი კლიენტი "პერიფერიულ მსხვერპლად" განიხილებოდა. მან ხელისუფლებას მოუწოდა, დაიწყოს ახალი, "სერიოზული და სიღრმისეული" გამოძიება.
დომინიკ პელიკოსთან ერთად დეკემბერში 49 მამაკაცს მიესაჯა სასჯელი. ყველა მათგანი დამნაშავედ ცნეს ჟიზელ პელიკოს მიმართ ჩადენილ ერთ ან რამდენიმე დანაშაულში - გაუპატიურებაში ან სექსუალურ ძალადობაში. თავდაპირველად 17-მა მათგანმა განაცხადა, რომ გაასაჩივრებდა მათ წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს, მაგრამ შვიდმა მათგანმა მოგვიანებით გადაიფიქრა. ისინი, ვინც გადაწყვეტენ გაასაჩივრონ განაჩენი, წლის ბოლოს ნიმში, საფრანგეთის სამხრეთში, წარდგებიან სასამართლოს წინაშე.
პირველმა სასამართლო პროცესმა, რომელიც 2024 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე გაგრძელდა, მსოფლიო ყურადღება მიიპყრო ჟიზელ პელიკოს გადაწყვეტილების გამო, რომ უარი ეთქვა ანონიმურობაზე და სასამართლო პროცესი საზოგადოებისა და მედიისთვის ღია გაეხადა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს