დომინიკ და ჟიზელ პელიკოს ქალიშვილი, კაროლინ დარიანი, მამას ბრალს სდებს ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებით გაუპატიურებაში. ბრალდებული ამ ბრალდებას ყოველთვის უარყოფდა.
შეგახსენებთ, რომ დომინიკ პელიკოს გასული წლის დეკემბერში 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ყოფილი მეუღლის, ჟიზელის, ნარკოტიკული საშუალებებით გაბრუებისა და გაუპატიურებისთვის, ასევე ათწლეულის განმავლობაში ათობით მამაკაცის მიერ მის მიმართ ძალადობის წახალისებისთვის.
პელიკო ცოლის გაუპატიურების ფაქტებს ვიდეოზე იღებდა და ასობით ვიდეოჩანაწერი მყარ დისკზე ჰქონდა შენახული. ამ ჩანაწერებს შორის აღმოჩნდა მისი ქალიშვილის ორი ფოტოც, რომლებზეც, დარიანის თქმით, ის აშკარად უგონო მდგომარეობაშია, უცნაურ პოზაში სძინავს და აცვია საცვალი, რომელსაც ვერ ცნობს.
დომინიკ პელიკოს ამ ფოტოებთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა აქვს, თუმცა ყოველთვის უარყოფდა ქალიშვილზე სექსუალურ ძალადობას. დარიანი ამტკიცებს, რომ ფოტოები იმის მტკიცებულებაა, რომ მამამისი მასაც ნარკოტიკულ საშუალებებს აძლევდა და აუპატიურებდა.
პოლიცია დაიწყებს გამოძიებას, რის შემდეგაც პროკურატურა გადაწყვეტს, გაგრძელდეს თუ არა საქმის წარმოება.
დომინიკ პელიკოს ადვოკატმა, ბეატრის ზავარომ, განაცხადა, რომ დარიანის გადაწყვეტილება ბრალდების წაყენების შესახებ "გასაკვირი არ არის". მან ასევე აღნიშნა, რომ წინა სასამართლო პროცესზე პროკურორებმა განაცხადეს, რომ არ არსებობდა საკმარისი "ობიექტური ელემენტები" პელიკოს ბრალდებისთვის ქალიშვილის გაუპატიურებასა და მისთვის ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაში.
დარიანსა და მამამისს შორის სასამართლო დარბაზში გამართული მწვავე დებატები ერთ-ერთი ყველაზე დრამატული იყო 16-კვირიან პროცესზე, რომელმაც საფრანგეთი და მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. "არასდროს შეგხებივარ, არასდროს", - ევედრებოდა პელიკო ქალიშვილს ერთ-ერთი სესიის დროს. "შენ იტყუები!" - პასუხობდა დარიანი.
დარიანის თქმით, ის თავს პროცესის "დავიწყებულ მსხვერპლად" გრძნობდა, რადგან, დედის საქმისგან განსხვავებით, არ არსებობდა მის მიმართ ძალადობის რაიმე ჩანაწერი, რაშიც ის დარწმუნებული იყო.
დარიანმა დაიქირავა ადვოკატი ფლორენს რო, რომელიც მრავალი წელია იბრძვის სამართლიანობისთვის ორი ქალისთვის, რომლებიც 1990-იან წლებში ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. ერთ-ერთი მათგანი, ახალგაზრდა უძრავი ქონების აგენტი, ფსევდონიმით მარიონი, 1999 წელს გაუპატიურების მცდელობის მსხვერპლი გახდა, რაც პელიკომ აღიარა. მეორე - ასევე 20-იან წლებში მყოფი უძრავი ქონების აგენტი - 1991 წელს გააუპატიურეს და მოკლეს. პელიკოს ამ საქმესთან დაკავშირებით ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ის ყოველთვის უარყოფდა რაიმე სახის კავშირს.
დარიანმა აღნიშნა მსგავსება საკუთარ თავსა და მარიონს შორის.
საფრანგეთის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დარიანის პოლიციაში შეტანილ საჩივარში რო წუხს, რომ დარიანს არასოდეს ჩატარებია გინეკოლოგიური გამოკვლევები და არც გამოუკვლევიათ იმ ნარკოტიკებზე, რომლებსაც პელიკო ცოლზე იყენებდა. რო-ს თქმით, გამოძიება მხოლოდ ჟიზელ პელიკოზე იყო ფოკუსირებული და მის კლიენტს "პერიფერიულ მსხვერპლად" ექცეოდნენ. მან ხელისუფლებას მოუწოდა, დაიწყოს ახალი, "სერიოზული და სიღრმისეული" გამოძიება.
დომინიკ პელიკოსთან ერთად დეკემბერში 49 მამაკაცს მიესაჯა სასჯელი. ყველა მათგანი დამნაშავედ იქნა ცნობილი ჟიზელ პელიკოს მიმართ გაუპატიურებაში ან სექსუალურ ძალადობაში. თავდაპირველად ჩვიდმეტმა განაცხადა, რომ გაასაჩივრებდა მათ წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს, მაგრამ შვიდმა მათგანმა გადაწყვეტილება შეცვალა. ისინი, ვინც გადაწყვეტენ გასაჩივრებას, წლის ბოლოს ნიმში, სამხრეთ საფრანგეთში წარდგებიან სასამართლოს წინაშე.
პირველმა სასამართლო პროცესმა - რომელიც 2024 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე გაგრძელდა - მსოფლიო ყურადღება მიიპყრო ჟიზელ პელიკოს გადაწყვეტილების წყალობით, რომელმაც ანონიმურობაზე უარი თქვა და სასამართლო პროცესი საზოგადოებისა და მედიისთვის გახსნა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს