გრენლანდიაში, ბოლო მონაცემებით, საყოველთაო არჩევნებში ცენტრისტულ-მემარჯვენე ოპოზიციამ გაიმარჯვა. არჩევნების მთავარი თემა დონალდ ტრამპის განცხადება იყო დანიის ავტონომიური ტერიტორიის შეძენის შესახებ.
ხმების 90%-ზე მეტის დათვლის შედეგად, პარტია "დემოკრაატები", რომელიც დამოუკიდებლობისკენ თანდათანობით სვლას უჭერს მხარს, ხმების თითქმის 30%-ს იღებს. მეორე ადგილზეა პარტია "ნალერაკი", რომელიც კოპენჰაგენიდან დაუყოვნებლივ გამოყოფას და აშშ-სთან უფრო მჭიდრო კავშირებს ემხრობა, დაახლოებით 25%-ით. პრემიერ-მინისტრ მუტე ბ. ეგედეს პარტია "ინუიტ ატაკატიგიიტი" (IA), რომელიც ასევე დამოუკიდებლობის მომხრეა, 21%-ზე მეტით მესამე ადგილზეა.
გრენლანდია, მსოფლიოში უდიდესი კუნძული არქტიკასა და ატლანტის ოკეანეებს შორის, დაახლოებით 300 წელია დანიის კონტროლის ქვეშ იმყოფება, რომელიც მისგან თითქმის 3000 კილომეტრითაა დაშორებული. გრენლანდია თავად მართავს საშინაო საქმეებს, მაგრამ საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილებებს კოპენჰაგენი იღებს.
57,000 მოსახლიდან დაახლოებით 44,000 გრენლანდიელს ჰქონდა ხმის მიცემის უფლება 31 დეპუტატისა და ადგილობრივი მთავრობის ასარჩევად. ბიულეტენებში ექვსი პარტია იყო წარმოდგენილი. სიუმუტის პარტია, რომელიც ეგედეს პარტნიორია მემარცხენე მმართველ კოალიციაში, ხმების თითქმის 15%-ით მეოთხე ადგილზეა. დანარჩენი ორი პარტია, "ატასუტი" 7%-ით და "ქულეკი" 1%-ზე ოდნავ მეტით, მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან.
არჩევნები 72 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, რომლებიც კუნძულის მასშტაბით იყო გაფანტული. გრენლანდიის სტრატეგიულმა მდებარეობამ და გამოუყენებელმა მინერალურმა რესურსებმა დონალდ ტრამპის ყურადღება მიიპყრო. მან პირველად 2019 წელს წამოაყენა კუნძულის ყიდვის იდეა და მას შემდეგ არაერთხელ გაიმეორა თავისი განზრახვა. გრენლანდიისა და დანიის ლიდერებმა არაერთხელ უარყვეს მისი მოთხოვნები და განაცხადეს, რომ გრენლანდია არ იყიდება და იმსახურებს "პატივისცემით მოპყრობას".
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს