გრენლანდიის წამყვანი პოლიტიკური პარტიები ერთობლივი განცხადებით გამოვიდნენ და მკაცრად დაგმეს დონალდ ტრამპის "მიუღებელი ქცევა". ეს განცხადება მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან კუნძულის ანექსიის მცდელობების გააქტიურებას.
ინაცისარტუტის (პარლამენტის) ყველა პარტიის ლიდერმა ერთობლივად განაცხადა, რომ ისინი "ვერ შეეგუებიან გრენლანდიის ანექსიასა და მასზე კონტროლის დამყარებასთან დაკავშირებულ განმეორებით განცხადებებს".
ეს განცხადება მოჰყვა ტრამპისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრას, სადაც პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ანექსიის გეგმა.
გრენლანდიის ერთობლივი განცხადება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მუტე ეეგდეს ინიციატივით მომზადდა. ეეგდემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ჩვენი ქვეყანა არასდროს გახდება აშშ და ჩვენ, გრენლანდიელები, არასდროს გავხდებით ამერიკელები. შეწყვიტეთ ჩვენდამი უპატივცემულო მოპყრობა. საკმარისია!".
გრენლანდია, მსოფლიოს უდიდესი კუნძული, დაახლოებით 300 წელია დანიის კონტროლის ქვეშ იმყოფება. კუნძული საშინაო საქმეებს თავად მართავს, მაგრამ საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილებებს კოპენჰაგენი იღებს.
აშშ-ს დიდი ხანია აქვს უსაფრთხოების ინტერესები კუნძულზე. მეორე მსოფლიო ომის დროიდან იქ სამხედრო ბაზა აქვს განთავსებული. სავარაუდოდ, ტრამპს ასევე აინტერესებს იშვიათი ლითონები, რომელთა მოპოვებაც კუნძულზეა შესაძლებელი.
ტრამპის ანექსიის შესახებ საუბრებმა გრენლანდია უკვე თავდაცვით პოზიციაში დააყენა, მაგრამ მისმა კომენტარებმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე კიდევ უფრო დიდი რეზონანსი გამოიწვია, როდესაც მან მიანიშნა, რომ კუნძულის ხელში ჩასაგდებად შესაძლოა ნატოს დახმარებაც კი იყოს საჭირო.
გრენლანდიის პოლიტიკოსების ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ისინი ერთიანნი არიან ტრამპის გეგმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
"გრენლანდია აგრძელებს მუშაობას გრენლანდიისთვის", - ნათქვამია განცხადებაში. "ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ ამ ძალისხმევას და მკაცრად ვემიჯნებით უთანხმოების შექმნის მცდელობებს".
მათი გადაწყვეტილება საჯაროდ გამოეხატათ საკუთარი პოზიცია, მოჰყვა არჩევნებს, რომელშიც ცენტრისტულმა ოპოზიციურმა პარტიამ მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა. მისი ლიდერი, იენს-ფრედერიკ ნილსენი, რომელიც სავარაუდოდ გრენლანდიის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება, ამჟამად სხვა პარტიებთან კოალიციის ფორმირებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს