„ფორსაჟი 9“, თუ მსოფლიოსთვის, მხოლოდ ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბლოკბასტერის გაგრძელებაა, ჩვენთვის აღმოჩნდა შანსი, საერთაშორისო კინოინდუსტრიას უფრო კარგად გაეცნო საქართველო. Universal Pictures -ის ფილმის ოფიციალური წარდგენა უკვე დაიწყო და დაახლოებით, 2 თვის განმავლობაში, თითქმის, ყველა კონტინენტის მაყურებელი ნახავს ჰოლივუდის ვარსკვლავებს, გასაოცარ ტრიუკებსა და სპეცეფექტებს, რომელთა ნაწილი თბილისში – ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის გამზირზე, ასევე რუსთავშია გადაღებული. “ფორსაჟი 9”-ს კიდევ ერთი ტრეილერი გამოვიდა! [ვიდეო] როგორ მოხვდა ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ბლოკბასტერის გადასაღებ მოედნებს შორის თბილისი და რუსთავი?! – Universal Pictures -თან თანამშრომლობასა და სამომავლო, საერთაშორისო პერსპექტივებზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელს, მიხეილ ხიდურელს ვესაუბრეთ. „ჩვენს სააგენტოს აქვს პროგრამა „გადაიღე საქართველოში“, რომელიც ზუსტად იმისთვის შეიქმნა, რომ ქვეყანაში ასეთი პროექტები – ფილმები, გადაღებები მოვიზიდოთ. კომუნიკაცია ჰოლივუდის სხვადასხვა სტუდიასთან წლებია, გვაქვს – ჩავდივართ კონფერენციებზე, ვმართავთ პირდაპირ შეხვედრებს მათთან. ბუნებრივია, მოლაპარაკებები გვქონდა „Fast and Furious 9“, იგივე „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებზეც. პარალელურად, ქართული საპროდიუსერო კომპანია „ენკენი“ მუშაობდა სტუდიასთან, პროექტის საქართველოში განხორციელების შესაძლებლობებზე. ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ ორი კომპონენტის, სახელმწიფოსა და ადგილობრივი პარტნიორის გარეშე, ეს პროექტი არ შედგებოდა. მოლაპარაკების პროცესში ძალიან ბევრი ფილტრი გაიარა საქართველომ, ამერიკაში ჩვენი ვიზიტების შემდეგ, აქ ჩამოვიდნენ Universal Pictures-ის საკმაოდ მაღალი რგოლის მენეჯერები, ადგილზე შეისწავლეს ყველა დეტალი, ჰქონდათ შეხვედრები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან, მინისტრებთან. მათ დაინახეს ჩვენი მოქნილობა, მზაობა და გარანტიები ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განსახორციელებლად . საბოლოოდ, გადაწყდა, რომ მსოფლიოს 10 ქვეყანას შორის, სწორედ საქართველოში გადაიღებდნენ „ფორსაჟი 9“-ის სცენებს. რითი აღმოჩნდა მათთვის მიმზიდველი საქართველო, როგორც გადასაღები მოედანი? მიხეილ ხიდურელი: ვაჩვენეთ, რომ მზად ვართ, მაქსიმალურად მცირე ვადებში მოვაგვაროთ ნებისმიერი ნიუანსი. ერთ და ორ დღეში წყდებოდა მანქანების თუ სხვა დანადგარების შემოტანის, ქუჩების გადაკეტვის საკითხები. მსოფლიოს მასშტაბით, დედაქალაქების შემთხვევაში, ასეთი თემები მარტივად არ გვარდება. ჩვენ კი, სახელმწიფო უწყებების 24-საათიანი ჩართულობით, მოვახერხეთ საკუთარ თავზე აგვეღო ყველა საჭირო პირობის ძალიან მალე შესრულება და ასეც მოხდა. მთელს ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საპროდიუსერო კომპანიამ „ენკენი“, ეს არის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელსაც ენდო Universal Pictures და მათ, ბუნებრივია, ნდობა გაამართლეს. მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ნამდვილად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა“. სააგენტოს წარმომადგენლები Universal Puctures-ის ოფისში უშუალოდ, სამუშაო პროცესზე რომ გვიამბოთ . . . საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებისა და დასტურის მიღების პროცესი გაიწელა. ამიტომ, თავიდანვე იყო ისეთი მოცემულობა, რომ ძალიან ცოტა დრო გვქონდა. 24-საათიან რეჟიმში ხაზზე ვიყავი მეც და სააგენტოს თანამშრომლებიც, მობილიზებული იყო ყველა უწყება, ერთ დღეში ხდებოდა, განკარგულებების დონეზე, გადაწყვეტილებების მიღება. ეს არ იყო მარტივი, მაგრამ ყველა მხარე მაქსიმალურად ჩავერთეთ, ბუნებრივია, ყველა წესის დაცვით, თუმცა, ძალიან მოქნილად და ეფექტურად, უმცირეს ვადებში ვაკეთებდით ყველაფერს. იყო გამოწვევებიც, მაგალითად, ქუჩების გადაკეტვა. ელემენტარულად, ალტერნატიული გზები ხომ უნდა დახაზულიყო, ტრანსპორტისთვის?! ბუნებრივია, დაკეტილი ქუჩების გამო დისკომფორტი ექმნებოდა მოსახლეობას. ამაზე მაშინაც დიდ ბოდიშის ვუხდიდით და ახლაც იმავეს გავიმეორებ. თუმცა, საზოგადოებაც იმდენად ჩართული და დაინტერესებული იყო ასეთი მასშტაბური პროექტის საქართველოში განხორციელებით, რომ მათგანაც დიდ მხარდაჭერას და პოზიტივს ვგრძნობდით. ყველას ძალიან კარგად ესმოდათ, რომ „ფორსაჟი 9“ ჩვენს ქვეყანას მსოფლიო ასპარეზზე წარმოაჩენს. ანუ, მოახერხეთ ყველა პირობის შესრულება? მართლა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მთელი პროცესი შეუფერხებლად წასულიყო. მომდევნო წელს რომ ჩავედით და შევხდით კომპანიის TOP მენეჯმენტს, აღტაცებულები იყვნენ, სახელმწიფოს მოქნილობითა და ეფექტური მუშაობით. აღფრთოვანებულები იყვნენ „ენკენის“ გუნდით, ასეთი რანგის პროფესიონალებთან თანამშრომლობით. მიუხედავად იმისა, რომ ეს უზარმაზარი ინდუსტრიაა, მაინც ჩაკეტილი სფეროა და სულ ერთმანეთთან მიდის საუბარი, გამოცდილების გაზიარება, პოტენციურ თანამშრომლებთან თუ პარტნიორებთან დაკავშირებით. „ფორსაჟი 9“-ის გადაღების შემდეგ, საქართველო გახდა ერთ-ერთი წამყვანი თემა ჰოლივუდის კინოინდუსტრიაში და პოტენციური პარტნიორი იქაური კომპანიებისთვის, იმიტომ რომ თავადაც გაკვირვებულები იყვნენ, როგორ უზრუნველყო ამ პატარა ქვეყანამ გადაღებების უმაღლეს დონეზე ჩატარება. მათ დაინახეს სახელმწიფოს უპრეცედენტო მხარდაჭერა და ადგილობრივი პარტნიორის ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი. დაზოგეს დიდი თანხები, დრო, ენერგია და მიიღეს მაქსიმალური შედეგი. ეს ყველაფერი რა შესაძლებლობას აძლევს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე? პროექტის საქართველოში ასე წარმატებით განხორციელების შემდეგ, დიდი გარდატეხა მოხდა. ჰოლივუდმა გზა გაგვიხსნა, ახლა, მსოფლიო ასპარეზზე, საქართველო არის ქვეყანა, სადაც ერთ-ერთი ურთულესი ბლოკბასტერი გადაიღეს და სადაც ნებისმიერი დონის, საერთაშორისო პროექტების განხორციელება შეიძლება. მილიონობით ადამიანი, მთელს მსოფლიოში, ნახავს თბილისისა და რუსთავის ქუჩებში გადაღებულ სცენებს და ისინი საქართველოსთან იქნება იდენტიფიცირებული. მე ვთვლი, რომ ეს არის შეუფასებელი მარკეტინგული რეკლამა, რომელსაც ვერ დაუკვეთავ და სხვაგვარად ვერც შეასრულებ. ერთია, მოლოდინი, მაგრამ რეალური შედეგები სხვა საკითხია. ამ პროექტის შემდეგ, საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილი თუ გამოთქვეს საერთაშორისო კინოკომპანიებმა? „ფორსაჟი 9“-ის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი ძალიან გაიზარდა. რამდენიმე ფილმის გადაღების საკითხი უკვე განიხილებოდა. რომ არა პანდემია, დღეს, კონკრეტულ პროექტებზე ვისაუბრებდით და მეტიც, გადაღებებიც დაწყებული იქნებოდა. მაგრამ მთელს მსოფლიოში გაჩერდა ინდუსტრია. ფაქტობრივად, ერთი წელი „ჩავარდა“ ამ სფეროში. თუმცა, ნელ-ნელა იწყება მუშაობა, ისევ იმ ნიშნულს დაუბრუნდით, სადაც „ფორსაჟის“ მერე ვიყავით. ინტერესი ისევ ძალიან დიდია და ვფიქრობ, მალე დავიწყებთ მოლაპარაკებებს კონკრეტულ კომპანიებთან, ფილმებსა და თარიღებზე. საერთაშორიკო კინოკომპანიებმა იციან, რომ საქართველო, მზად არის, ძალიან მოქნილად და ეფექტურად ითანამშრომლოს მათთან, შეუქმნას ყველა პირობა გადაღებებისთვის . გარდა ამისა, ნახეს, რომ ჩვენს ქვეყანაში არის პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული კომპანიები, რომლებიც შეიძლება, მათი პარტნიორები გახდნენ. „ფორსაჟი“ იმდენად რთული პროექტი იყო, სპეცეფექტებიდან გამომდინარე, რომ მასზე ძნელი გადასაღები პროცესი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ეს იყო ჩვენი ტესტი, რომელიც ძალიან წარმატებით ჩავაბარეთ და ამის შემდეგ შეგვიძლია, ნებისმიერი ფილმის გადაღებას ვუმასპინძლოთ . მსოფლიოს მასშტაბით, თითქმის, ყველა ცნობილი სტუდია დაინტერესებულია საქართველოში კინოს გადაღებით. ზოგი უკვე კონკრეტულ პროექტებზე საუბრობს, ნაწილი კი ახლა ადგენს სამომავლო გეგმებს, მაგრამ საქართველოს უკვე განიხილავს პარტნიორად. საუბარი მაქვს როგორც ჰოლივუდის, ისე ევროპულ სტუდიებზე, ფილმებზეც და სერიალებზეც. სხვათა შორის, ამ მომენტშიც მიდის საქართველოში გადაღებები, ძირითადად, ევროპული კო-პროდუქციებია. როგორც კი აღდგა ბიზნეს ვიზიტები საქართველოში (მათთვის ქვეყანაში შემოსვლის სპეციალური რეჟიმია), დაიწყეს კიდეც ჩვენთან მუშაობა. მართალია, ჯერ ნელი ტემპით, მაგრამ, ფაქტობრივად, ამუშავებულია ინდუსტრია. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და თქვენი სააგენტო თუ არის მზად ამ ყველაფრისთვის? პანდემიის გამო, აბსოლუტურად სხვა რეალობა მივიღეთ. ამიტომ, ჩვენი პროგრამის – „გადაიღე საქართველოში“ – რედიზაინი გავაკეთეთ, სხვა მასშტაბებზე გადავედით. ახლა მთლიანად მოდერნიზებულია და ველოდებით მის ჩაშვებას, რომ უკვე კონკრეტული მოლაპარაკებები მივიყვანოთ ბოლომდე და დავიწყოთ სამუშაო პროცესები. [R]
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს