ამერიკელი მაღალი რანგის უსაფრთხოების წარმომადგენლების მიმოწერა, რომელიც იემენზე განხორციელებულ ამერიკულ ავიაიერიშებს ეხება, სრულად გამოქვეყნდა. საუბარია Signal-ის აპლიკაციაში გამართულ ჯგუფურ ჩატზე, რომელშიც შეცდომით მოხვდა ერთ-ერთი ჟურნალისტი.
გასაჯაროვებული შეტყობინებები შეიცავს დეტალებს იემენში განხორციელებული იერიშების გეგმის შესახებ. საუბარია ე.წ. "პაკეტზე", რაც სამხედრო ტერმინოლოგიით გულისხმობს თვითმფრინავების, შეიარაღების სისტემებისა და სადაზვერვო მოწყობილობების ერთობლიობას, რომლებიც ოპერაციაში მონაწილეობენ.
ერთ-ერთ შეტყობინებაში აღნიშნულია, თუ რომელ საათზე იგეგმება F-18 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების აფრენა, ასევე, როდის განხორციელდება იერიშები და რა დროის მონაკვეთშია შესაძლებელი "გამშვებ მექანიზმზე" დაფუძნებული თავდასხმები. ამ კონტექსტში, "გამშვები მექანიზმი" გულისხმობს პარამეტრების ერთობლიობას, რომელთა დადასტურება იარაღის გამოყენებამდეა საჭირო. ეს შეიძლება იყოს ვიზუალური საორიენტაციო წერტილი. მსგავსი ინფორმაცია უაღრესად მგრძნობიარედ მიიჩნევა.
კიდევ ერთ შეტყობინებაში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ერთ-ერთი მრჩეველი აწვდის ინფორმაციას იერიშის შედეგების შესახებ. ის აღნიშნავს, რომ სამიზნე შენობა დაინგრა და რომ ამერიკულმა სამხედრო ძალებმა ადრე მოახდინეს სამიზნის იდენტიფიცირება - ჰუსიტების "სარაკეტო სპეციალისტი" შევიდა შენობაში, რომელიც, სავარაუდოდ, მისი შეყვარებულის საცხოვრებელი იყო.
შეტყობინებები არ ამხელს, თუ როგორ მოხდა სამიზნის ადგილმდებარეობისა და გადაადგილების თვალყურის დევნება. ექსპერტების ვარაუდით, შესაძლოა გამოყენებული იყო საჰაერო პლატფორმების, ტექნოლოგიური თვალთვალის შესაძლებლობების ან ადგილზე არსებული ადამიანური დაზვერვის კომბინაცია.
იემენში ჰუსიტების სამიზნეებზე განხორციელებული ამერიკული ავიაიერიშების შედეგად, სულ მცირე, 53 ადამიანი დაიღუპა. იერიშები განხორციელდა 30-ზე მეტ სამიზნეზე, მათ შორის სასწავლო ობიექტებზე, უპილოტო საფრენი აპარატების ინფრასტრუქტურაზე, ასევე იარაღის წარმოებისა და შენახვის ადგილებზე, სამეთაურო პუნქტებსა და საკონტროლო ცენტრებზე. გაურკვეველია, რომელ სამიზნეს გულისხმობდა მრჩეველი ჯგუფურ ჩატში.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს