თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ საპროტესტო აქციები ქვეყნის ყველა ქალაქში გაგრძელდება. პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები არ დაინიშნება, ან სტამბოლის დაპატიმრებული მერი, ეკრემ იმამოღლუ, არ გათავისუფლდება.
რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) თავმჯდომარის, ოზგურ ოზელის განცხადებით, მასობრივი საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება. განსაკუთრებით მასშტაბური დემონსტრაცია სტამბოლში შაბათს იგეგმება. ეს აქცია პარტიის კამპანიის დასაწყისი იქნება, რომლის მიზანიცაა იმამოღლუს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში წარდგენა. არჩევნები 2028 წელს არის დაგეგმილი.
ოზელის თქმით, თითოეულ ქალაქში დაგეგმილი აქციები ყველაზე მასშტაბური იქნება ამ ქალაქების ისტორიაში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკრემ იმამოღლუსა და დემოკრატიისადმი რწმენა პროტესტს კიდევ უფრო გააძლიერებს.
ოპოზიციამ ქუჩებში უპრეცედენტო რაოდენობის ხალხი გამოიყვანა - ყველაზე დიდი მასშტაბის დემონსტრაციები ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ეს მოხდა იმამოღლუს დაპატიმრებიდან შვიდი დღის შემდეგ.
მასობრივ დემონსტრაციებთან ერთად, ადგილი აქვს მასობრივ დაპატიმრებებსაც. უკვე 1400-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათ შორის შვიდი თურქი ჟურნალისტი, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელსაც მრავალრიცხოვანი მხარდამჭერები ჰყავს, დემონსტრაციებს "ქუჩის ტერორიზმად" აფასებს და დემონსტრანტებს პოლიციაზე თავდასხმასა და საზოგადოებრივი საკუთრების დაზიანებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ოპოზიციის "შოუ" საბოლოოდ ჩაივლის.
ოზელმა განაცხადა, რომ იმამოღლუ ციხეში იზოლაციაში იმყოფება, თუმცა თავს კარგად გრძნობს და ჯერჯერობით მას ცუდად არ მოქცევიან.
ოზელის თქმით, სტამბოლის მერის წინააღმდეგ აღძრული კორუფციის საქმე "თაღლითობაა, რომელიც მიზნად ისახავს მისი დისკრედიტაციას". მაგალითად, მან მოიყვანა ბრალდებები, რომ იმამოღლუმ იაფად შეიძინა მიწა რამდენიმე წლის წინ და დაბალი შესყიდვის ფასი შესაძლოა ქრთამი ყოფილიყო. "სიმართლე ისაა, რომ მცირე გადახდა მხოლოდ მიწის დეპოზიტი იყო", - განაცხადა მან.
იმამოღლუ უარყოფს მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას, მათ შორის "კრიმინალური ორგანიზაციის შექმნას, ქრთამის აღებას, გამოძალვასა და საჯარო ტენდერის გაყალბებას". ის აცხადებს, რომ მისი დაპატიმრება გადატრიალებაა. თურქეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სასამართლოები აქ დამოუკიდებელია. ადამიანის უფლებათა ორგანიზაციები ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
ოზელის თქმით, იმამოღლუ მხოლოდ ერთი მარტივი მიზეზის გამო დააკავეს - რათა ხელი შეეშალათ მისთვის, გამხდარიყო თურქეთის შემდეგი პრეზიდენტი. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ მერს ამის გაკეთება შეეძლო - ციხეში რომ არ ყოფილიყო.
ოზელმა განაცხადა, რომ თურქული საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია გადამწყვეტი იქნება იმის გადასაწყვეტად, დარჩება თუ არა იმამოღლუ ციხეში.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს