ცნობილმა პოლონელმა ჩოგბურთელმა, იგა შვიონტეკმა, ინდიან უელსის ტურნირზე მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოების მხრიდან ატეხილი აჟიოტაჟი გააკრიტიკა. შვიონტეკმა აღიარა, რომ ბურთის ბიჭის მიმართ გამოვლენილი იმპულსური საქციელით უკმაყოფილოა, თუმცა აღნიშნა, რომ მის მიმართ წაყენებული მოთხოვნები გადაჭარბებულია და არაჯანსაღია.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ისვრის შვიონტეკი ბურთს ბურთის ბიჭის მიმართულებით, ნახევარფინალურ მატჩში მირა ანდრეევასთან დამარცხების შემდეგ. ამ ფაქტმა საზოგადოების მწვავე რეაქცია გამოიწვია.
შვიონტეკმა სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც ისაუბრა მომხდარ ინციდენტზე, მის ქცევაზე არსებულ კრიტიკაზე და იმ ემოციურ ზეწოლაზე, რომელიც დოპინგის სკანდალის გამო განიცადა. მან აღნიშნა, რომ მაშინვე მოუხადა ბოდიში ბურთის ბიჭს და რომ მსგავსი იმპულსური ქმედებები ჩოგბურთში იშვიათი არაა.
შვიონტეკმა ხაზი გაუსვა, რომ საკუთარ თავზე მუშაობა მუდმივი პროცესია და პროგრესი ყოველთვის თანაბარი არ არის. მან ასევე ისაუბრა იმ ზეწოლაზე, რომელსაც განიცდის მოედანზე ემოციების გამოხატვის გამო. მისი თქმით, როდესაც ემოციებს არ ავლენს, მას "რობოტს" უწოდებენ, ხოლო როდესაც გრძნობებს გამოხატავს, "ისტერიკულს" ან "არასრულწლოვანს". შვიონტეკის აზრით, ეს არაჯანსაღი სტანდარტია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე თვის წინ მისი კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.
შვიონტეკს აგვისტოში გულის წამლის, ტრიმეტაზიდინის (TMZ) გამოყენების გამო დისკვალიფიკაცია მისცეს, თუმცა მოგვიანებით საერთაშორისო ჩოგბურთის მთლიანობის სააგენტომ (ITIA) დაადგინა, რომ ეს დაბინძურების შედეგი იყო. დისკვალიფიკაციის პერიოდში მან სამი ტურნირი გამოტოვა და მსოფლიო რეიტინგში პირველი ადგილი არინა საბალენკამ დაიკავა. შვიონტეკი მაიამის ღია პირველობაზე მეორე ნომრად იასპარეზებს.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს