ხუთგზის დიდი სლემის ტურნირის გამარჯვებული იგა შვიონტეკი მაიამის ღია პირველობაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, შაბათს, ვარჯიშის დროს, ერთ-ერთმა აგრესიულმა გულშემატკივარმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პროვოკაციული განცხადებები გააკეთა.
ვარაუდობენ, რომ აღნიშნული პირი შვიონტეკის ოჯახის წევრების მიმართ პირად შეურაცხყოფას არ ერიდებოდა. მსოფლიო რეიტინგში მეორე ნომრის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული მამაკაცი მანამდე სოციალური ქსელების საშუალებით შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს უგზავნიდა სპორტსმენს. შვიონტეკის გუნდის განცხადებით, მაიამის ინციდენტი წარმოადგენს ონლაინ სივრცეში გამოხატული სიტყვიერი აგრესიის რეალურ სამყაროში გადატანას.
ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ტურნირის ორგანიზატორებს. ეს შემთხვევა მოხდა მას შემდეგ, რაც ბრიტანელი ემა რადუკანუ დუბაის საჩოგბურთო ჩემპიონატზე სტალკერის მსხვერპლი გახდა.
შვიონტეკმა ცოტა ხნის წინ ისაუბრა იმ ემოციურ სირთულეებზე, რომლებსაც ბოლო თვეების განმავლობაში აწყდებოდა, მათ შორის დოპინგის გამო ერთთვიანი დისკვალიფიკაციის გამო.
მიუხედავად მომხდარისა, შვიონტეკმა მაიამის ღია პირველობის მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა, სადაც ფილიპინელ ალექსანდრა ეალას შეხვდება. მისი წარმომადგენლის განცხადებით, უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია და ისინი მუდმივად აკვირდებიან ქსელს მსგავსი პრობლემების გამოსავლენად. კონსტრუქციული კრიტიკა მისაღებია, მაგრამ მუქარა, სიძულვილის ენა ან თუნდაც ვარჯიშის დროს შეფერხება დაუშვებელია.
ტურნირის ორგანიზატორებმა და ქალთა საჩოგბურთო ასოციაციამ (WTA) სწრაფად იმოქმედეს და ყოფილი პირველი ნომრის გარშემო უსაფრთხოების დამატებითი ზომები გაატარეს. მაიამის ღია პირველობის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ტურნირზე ყველა ადამიანის უსაფრთხოებას უდიდესი ყურადღება ექცევა და ისინი მუდმივად აფასებენ პოტენციურ საფრთხეებს და შესაბამის ზომებს იღებენ. WTA-ში ასევე განაცხადეს, რომ არსებობს უსაფრთხოების ყოვლისმომცველი პროტოკოლები, რომლებიც უზრუნველყოფენ ნებისმიერი ინციდენტის სწრაფ და ეფექტურ მოგვარებას.
შვიონტეკის შემთხვევა კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას იმ საფრთხეების შესახებ, რომლებსაც ქალი სპორტსმენები რეგულარულად აწყდებიან.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს