მსოფლიო თანამეგობრობა და ირანი კრიტიკულ ეტაპზე იმყოფებიან ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც ათი წლის წინ ისტორიული შეთანხმება დაიდო, რომლის მიზანიც ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვა იყო.
დღეს, ირანი, ოდესმე არსებულზე უფრო ახლოსაა ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობასთან. შეთანხმებას, რომელიც ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის პრევენციას ისახავდა მიზნად, ვადა მიმდინარე წელს ეწურება.
ვითარება უკიდურესად დაძაბულია. თუკი ეფექტიანი დიპლომატია ვერ შედგა, შესაძლოა, ირანმა ბირთვული იარაღის შექმნა დაიწყოს, ან ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმა განხორციელდეს.
აღნიშნული შეთანხმება, რომელიც ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს ორი წლის განმავლობაში დიდი ძალისხმევით მომზადდა, ირანის ბირთვულ საქმიანობაზე შეზღუდვებს აწესებდა, სანაცვლოდ კი ქვეყნის ეკონომიკისთვის დამანგრეველი სანქციები უნდა მოხსნილიყო.
თუმცა, დონალდ ტრამპმა 2018 წელს შეთანხმება დატოვა და აშშ-ის სანქციები აღადგინა, რის შემდეგაც ირანმა თანდათანობით შეწყვიტა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. მან გაააქტიურა ურანის გამდიდრება, რომელიც რეაქტორის საწვავის დასამზადებლად გამოიყენება, მაგრამ ასევე შესაძლოა ბირთვული ბომბების წარმოებისთვისაც გამოდგეს.
ექსპერტების შეფასებით, ირანს ერთი ბირთვული იარაღის შესაქმნელად საკმარისი მასალის გამდიდრებას ერთ კვირაზე ნაკლები დრო დასჭირდება.
სწორედ ამიტომ, აშშ-სა და შეთანხმების სხვა მონაწილე ქვეყნების - დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის მხრიდან, დიპლომატიური აქტივობა შეინიშნება.
გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე ირანის ბირთვული პროგრამა განიხილეს. ჩინეთი კი ირანთან და რუსეთთან მოლაპარაკებებს მასპინძლობს, რათა "დიპლომატიური" გამოსავალი იპოვოს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ყველა მხარემ უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და თავშეკავება, რათა თავიდან აიცილოს ირანის ბირთვული საკითხის ესკალაცია, ან კონფრონტაციისა და კონფლიქტისკენ სვლა.
ცნობილია, რომ ირანის უმაღლესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, უარი თქვა აშშ-სთან მოლაპარაკებებზე. ასევე მოიქცა პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანიც.
თუმცა, ქვეყანა ურთიერთსაწინააღმდეგო გზავნილებს ავრცელებს. ირანში არსებობენ ჯგუფები, რომლებიც მოლაპარაკებების მომხრეები არიან, ასევე არიან ისეთებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ იარაღის შექმნა ირანისთვის საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საუკეთესო შესაძლებლობაა.
ირანს არ სურს დამცირება, როდესაც იარაღს უმიზნებენ. თუმცა, ის ამჟამად დაუცველია, რადგან ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, გასულ წელს მისი სამხედრო პოტენციალი შესუსტდა. ვარაუდობენ, რომ ამ თავდასხმებმა გაანადგურა საჰაერო თავდაცვის სისტემების უმეტესობა, რომლებიც ირანის ბირთვულ პროგრამას იცავდნენ.
ირანის ხელისუფლება კვლავ აცხადებს, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. თუმცა, საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთება სულ უფრო მწვავდება.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA), რომელსაც ბირთვული შეთანხმების მონიტორინგი ევალება, აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ირანმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ობიექტზე ბირთვული შესაძლებლობები გააძლიერა. სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის თქმით, 60%-მდე სისუფთავის ურანის მარაგი, რომელიც იარაღისთვის საჭირო 90%-თან ახლოსაა, "ძალიან სწრაფად იზრდება".
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს