ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხელოვნურად შექმნილ წყალსაცავებს შორის სიდიდით მეორე, ტბა პაუელი მნიშვნელოვნად შემცირდა. ახალი ანგარიშის თანახმად, 1963 წლიდან, გლენ კანიონის კაშხლის აშენების შემდეგ, ტბამ საგრძნობლად დაკარგა თავისი პოტენციური მოცულობის თითქმის 7%.
გარდა მრავალწლიანი გვალვის შედეგად გამოწვეული წყლის დეფიციტისა, აშშ-ს გეოლოგიური სამსახურისა და რეკულტივაციის ბიუროს ანგარიშის მიხედვით, 1963-დან 2018 წლამდე, ტბა პაუელი ყოველწლიურად, საშუალოდ, დაახლოებით 33,270 აკრ-ფუტის მოცულობის წყალს კარგავდა, რაც 11 მილიარდ გალონს უდრის.
წყალსაცავის მოცულობის შემცირება მდინარე კოლორადოდან და სან-ხუანიდან შემოტანილი ნალექების დაგროვებით არის გამოწვეული. ეს ნალექები წყალსაცავის ფსკერზე ილექება და ამცირებს წყლის საერთო რაოდენობას, რომლის შენახვაც წყალსაცავს შეუძლია.
ბოლო მონაცემებით, ტბა პაუელი მხოლოდ 25%-ით არის სავსე. ეს ცუდი ამბავია რეგიონისთვის, რომელიც უკვე განიცდის წყლის დეფიციტს და ექსტრემალურ ხანძრებს გვალვის გამო. ექსპერტების პროგნოზით, ეს პირობები უახლოეს თვეებში გაგრძელდება, თუ არ გამწვავდება.
ტბა პაუელი მნიშვნელოვანი წყალსაცავია კოლორადოს მდინარის აუზში. როგორც ტბა პაუელი, ისე ახლომდებარე ტბა მიდი, ქვეყნის უდიდესი წყალსაცავი, შემაშფოთებელი ტემპით იცლება. მთავრობამ პირველად გამოაცხადა წყლის დეფიციტი მდინარე კოლორადოზე, მას შემდეგ, რაც ტბა მიდის წყლის დონე უპრეცედენტოდ დაეცა, რამაც გამოიწვია წყლის მოხმარების სავალდებულო შემცირება სამხრეთ-დასავლეთის შტატებისთვის.
გასულ კვირას, ტბა პაუელის დონემ კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ ჩამოიწია, რამაც დამატებითი შეშფოთება გამოიწვია წყალმომარაგებისა და ჰიდროენერგიის გამომუშავების შესახებ, რაზეც დასავლეთში მილიონობით ადამიანია დამოკიდებული ელექტროენერგიის მისაღებად.
კოლორადოს გასწვრივ წყლის მარაგის შემცირების მნიშვნელობის გადაჭარბება შეუძლებელია. ეს სისტემა წყალს აწვდის 40 მილიონზე მეტ ადამიანს, რომლებიც ცხოვრობენ შვიდ დასავლეთ შტატში და მექსიკაში. ტბები პაუელი და მიდი უზრუნველყოფენ სასმელი წყლისა და სარწყავი წყლის მნიშვნელოვან მარაგს რეგიონის მრავალი მაცხოვრებლისთვის, მათ შორის სოფლის მეურნეობებისთვის, რანჩოებისთვის და ადგილობრივი თემებისთვის.
შეერთებული შტატების შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, აუცილებელია, რომ არსებობდეს საუკეთესო სამეცნიერო ინფორმაცია, როგორიცაა ეს ანგარიში, რათა ნათლად გავიგოთ წყლის ხელმისაწვდომობა ტბა პაუელში, როდესაც მომავლისთვის ვგეგმავთ. კოლორადოს მდინარის სისტემა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორის 22-წლიანი გვალვის შედეგები და კლიმატის ცვლილების მზარდი გავლენა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს