გლობალური ბედნიერების კვლევამ აჩვენა, რომ უცნობი ადამიანები გაცილებით უფრო კეთილები არიან, ვიდრე საზოგადოებას ჰგონია. მიმდინარე წლის მსოფლიო ბედნიერების ანგარიშში, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა, უცნობების მიმართ ნდობა სპეციალური მეთოდით შეფასდა: მკვლევარებმა განზრახ დაკარგეს საფულეები და დაითვალეს, რამდენი მათგანი დაუბრუნდათ. შემდეგ ეს მაჩვენებელი შეადარეს იმას, თუ რამდენად სჯეროდათ ადამიანებს, რომ საფულეები დაუბრუნდებოდათ.
აღმოჩნდა, რომ დაბრუნებული საფულეების რაოდენობა თითქმის ორჯერ აღემატებოდა მოსალოდნელ მაჩვენებელს. კვლევამ, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩატარდა, აჩვენა, რომ სხვების სიკეთის რწმენა უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული ბედნიერებასთან, ვიდრე ეს ადრე ეგონათ.
ანგარიშის მიხედვით, ფინეთი ზედიზედ მერვედ დასახელდა მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ქვეყნად, ხოლო აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა პოზიციები გაიუარესეს.
კვლევის ავტორების თქმით, საფულეების ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ადამიანები ბევრად უფრო ბედნიერად ცხოვრობენ იქ, სადაც სჯერათ, რომ სხვებს მათი კეთილდღეობა ადარდებთ. მათივე თქმით, ადამიანები ყველგან ზედმეტად პესიმისტურად არიან განწყობილნი, რადგან საფულეების დაბრუნების ალბათობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ამას ვარაუდობენ.
გაეროს ბედნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მე-13 ყოველწლიური მსოფლიო ბედნიერების ანგარიში ქვეყნებს ბედნიერების დონის მიხედვით აფასებს, რაც ადამიანების მიერ საკუთარი ცხოვრების შეფასებაზეა დაფუძნებული.
ფინეთმა კვლავ პირველი ადგილი დაიკავა საშუალო ქულით 7.736 (10-დან), ხოლო კოსტა რიკა და მექსიკა პირველად მოხვდნენ საუკეთესო ათეულში. დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რეიტინგში პოზიციები გაიუარესეს და შესაბამისად 23-ე და 24-ე ადგილები დაიკავეს. ეს უკანასკნელისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
კვლევაში, რომელიც ოქსფორდის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა გამოაქვეყნა, ადამიანებს სთხოვეს შეეფასებინათ საკუთარი ცხოვრება 0-დან 10-მდე შკალით, სადაც 0 ყველაზე ცუდი ცხოვრებაა, ხოლო 10 - საუკეთესო. ქვეყნების რეიტინგი ამ შეფასებების სამწლიან საშუალო მაჩვენებელს ეფუძნება.
2025 წლის მსოფლიო ბედნიერების ანგარიშის თანახმად, ბედნიერება ეფუძნება ნდობას, სიკეთესა და სოციალურ კავშირებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ინდივიდებმა და მოქალაქეებმა ეს ჭეშმარიტება პოზიტიურ ქმედებად აქციონ, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობას, ზრდილობასა და კეთილდღეობას მთელ მსოფლიოში. სოციალური იზოლაციისა და პოლიტიკური პოლარიზაციის ეპოქაში აუცილებელია ადამიანების ერთად შეკრების გზების მოძიება, რაც გადამწყვეტია როგორც ინდივიდუალური, ისე კოლექტიური კეთილდღეობისთვის.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს