გადაცემა “American Pickers”-ის წამყვანმა მაიკ ვოლფმა ჟურნალ People magazine-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შარშან მეგობრისა და თანაწამყვანის, ფრენკ ფრიცის გარდაცვალებისას, მის საწოლთან იმყოფებოდა. ისინი History Channel-ის ამ პოპულარულ გადაცემაში 10 წლის განმავლობაში და ასობით ეპიზოდში ერთად ჩანდნენ. “American Pickers” მოგვითხრობს ფრიცისა და ვოლფის მოგზაურობაზე ქვეყნის მასშტაბით, ანტიკვარიატისა და არტეფაქტების საძიებლად, რათა შემდეგ ისინი საკუთარ მაღაზიაში გაყიდონ ან პირად კოლექციებს შემატონ.
„დამირეკეს და მითხრეს, რომ კარგად არ იყო“, - განუცხადა ვოლფმა People-ს. „უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ იქ მისვლა მოვახერხე. დაახლოებით ერთი საათი ვიყავი მასთან, სანამ გარდაიცვლებოდა, ხელი მეჭირა და მკერდზე ვეფერებოდი, როდესაც ბოლო ამოსუნთქვა ამოუშვა. თითებით თვალები დავუხუჭე.“
„უბრალოდ ვუთხარი, რომ მასზე გაბრაზებული არ ვიყავი, რომ მიყვარდა და ძალიან ვზრუნავდი მასზე“, - დასძინა ვოლფმა ფრიცის უკანასკნელი წუთების შესახებ. „შემდეგ, როდესაც დავინახე, რომ უჭირდა, უბრალოდ ვუთხარი: „უბრალოდ წადი და იპოვე დედაშენი. ახლავე წადი და იპოვე.“
ფრიცის გარდაცვალება თავდაპირველად ვოლფმა სოციალურ ქსელში გამოაცხადა. ტელეწამყვანს ცერებრალური ვასკულარული დაავადების შედეგად ინსულტი განუვითარდა. ის 60 წლის იყო. იმ დროს ვოლფმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ფრენკს ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტია ვიცნობ და ის, რაც ტელევიზორში ნახეთ, ყოველთვის ის იყო, რასაც მე ვხედავდი - მეოცნებე, რომელიც ისეთივე მგრძნობიარე იყო, როგორც მხიარული. კამერების მიღმაც და კამერების წინაც, ფრენკს შეეძლო მრავალი ადამიანის გულის მოგება მხოლოდ საკუთარი თავის წარმოჩენით.“
„ვინ წარმოიდგენდა, რომ თეთრი ფურგონის კაბინაში მილიონობით ადამიანის წინაშე ჩვენს თავგადასავლებს გავუზიარებდით“, - განაგრძო მან. „გადაცემამდე ერთად მივდიოდით ისეთ ადგილებში, რომელთა არსებობაც არ ვიცოდით, ყოველგვარი დანიშნულების გარეშე, მხოლოდ საერთო ვნებით, რომ აღმოგვეჩინა რაიმე საინტერესო და ისტორიული... მიყვარხარ, მეგობარო და ძალიან მომენატრები. ვიცი, რომ უკეთეს ადგილას ხარ.“
“American Pickers” History Channel-ზე 2010 წლის 18 იანვარს დაიწყო და მას შემდეგ 25 სეზონი გავიდა ეთერში. ფრიცმა ინსულტი 2022 წლის ზაფხულში გადაიტანა, რამდენიმე წლის შემდეგ, რაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო გადაცემიდან წავიდა. ის “American Pickers”-ის რეგულარული წევრი იყო 2020 წლის სეზონამდე.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს