Stack-მა – პირველმა ქართულმა ჭკვიანმა ბრაუზერმა $850 000-ის ინვესტიცია მოიზიდა და ამით პირველი ქართული სტარტაპი გახდა, რომლითაც „სილიკონ ველის“ 500 startups-ისგან შემოთავაზება მიიღო და გარდა ამისა, ჰოლანდიაში ყველაზე დიდი და ავტორიტეტული საინვესტიციო ფონდის დაინტერესებაც შეძლო. უფრო ზუსტად, როგორ მოიზიდა „სთექმა“ 850 000 დოლარის ინვესტიცია, სტარტაპის თანადამფუძნებელს, გიორგი ლალიაშვილს ვესაუბრეთ:
პროცესი დაახლოებით, 1 წლის წინ დავიწყეთ ფანდრაიზინგი. ჩვენგან ამ პროცესს სათავეში დაჩი გუბაძე ედგა და საბოლოოდ, ამ თანხის მოზიდვაც, მეტწილად, მისი დამსახურებაა. ძალიან მაგრად ვმუშაობდით, მაგრამ რაღაც ეტაპზე COVID-19-მა ძალიან შეგვაფერხა. „ჯიტას“ 650 000 ლარიანი გრანტიც მოპოვებული გვქონდა, თუმცა ვერ ვიყენებდით, რადგან პანდემიის გამო, გრანტის პირობების გათვალისწინებით, ამდენივე თანხის ჩადების შესაძლებლობა აღარ გვქონდა.
მერე უკვე 500 Startups Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში შეგვარჩიეს და პირველი ეტაპი რომ გავიარეთ, ამ პროცესში განვაახლეთ ფანდრაიზინგი საერთაშორისო ბაზარზე. სადღაც ივნისში ერთ-ერთი წამყვანი ჰოლანდიური ვენჩურული ფონდი დაგვიკავშირდა. ამ საინვესტიციო ფონდთან ურთიერთობა მანამდეც გვქონდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ფონდში დაინახეს, რომ ექსპონენციალურად იზრდებოდა ჩვენი გაყიდვები და მომხმარებლების რიცხვი, ამასთან, „500 სტარტაპის“ მონაწილეებიც ვიყავით, ჩვენით უფრო დაინტერესდნენ და დაფინანსებაც მოგვცეს. ამით, ჩვენ გავხდით პირველი ქართული სტარტაპი, რომელმაც ევროპის ტოპვენჩურული ფონდიდან ინვესტიცია მოიძია.
500 Startups San Francisco-ს “Portfolio Company-ს“ სტატუსი 500 Startups Georgia-ში რომ მოვხვდით, ამის შესახებ, 500 Startups San Francisco-მაც გაიგო და შემოგვთავაზეს, რომ ქართულის ნაცვლად, ამერიკული „500 სტარტაპის“ „პორტფოლიო კომპანია“ გავმხდარიყავით. ჩვენ დავთანხმდით, თუმცა ქართულიც არ მივატოვეთ და დღეს, ორივე ქვეყნის აქსელერაციის პროგრამაში ვართ წარმოდგენილები. რეალურად, სან-ფრანცისკოდან დაინტერესებამ მოვლენები დააჩქარა, ფანდრაიზინგი ჩვენთვის ბევრად უფრო მარტივი გახდა, ვენჩურული ფონდებისთვის კი, უფრო მიმზიდველები აღმოვჩნდით. შედეგად, რამდენიმე სხვა დაფინანსებაც მოვიპოვეთ, რამაც ჯამში, 850 000 დოლარი შეადგინა.
რას ვაპირებთ მოზიდული ინვესტიციით
ჯერ ფულის ხარჯვა არ დაგვიწყია, ბიუჯეტირებას ველოდებით. დაახლოებით, ნოემბერში დავიწყებთ ინსტიტუციური დაფინანსების ხარჯვას, მანამდე იმ სახსრებით ვართ, აქამდე რომ გვქონდა. გეგმა არის, რომ რაც შეიძლება, სწრაფად გავიზარდოთ, ევროპისა და ამერიკის მასშტაბით, მომხარებლების თვალსაზრისით. ამისთვის დაგვჭირდება რამდენიმე საკვანძო კადრი – პროდუქტის განვითარებისა და მარკეტინგის მიმართულებით. ეს არის პირველი გეგმა. შემდეგ სწორება, რა თქმა უნდა, ზოგადად, კომპანიის სწრაფ და სწორ განვითარებაზე გვექნება, რაშიც 500 Startups Georgia-ს პროგრამაში მონაწილეობა სხვადასხვა მეთოდის, ტექნიკისა და სისტემების სწავლებით ძალიან გვეხმარება. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაზეც ეს თანხა გვაქვს გავთლილი არის ის, რომ დავნერგოთ კომპანიის მართვისა და განვითარების სისტემები, რომლებიც ჩვენს სტარტაპს კომპანიად აქცევს – ანუ, მომავალში აღარ ვიფიქრებთ დაფინანსების მოპოვებაზე, არამედ უკვე მოგებაზე გვექნება ორიენტირი.
რეკომენდაცია ინვესტიციების მოზიდვაზე პირადი გამოცდილებით
დიდი ინვესტორები ამბიციურ იდეებს ეძებენ – გლობალურად მასშტაბირების პოტენციალი რომ აქვთ, ისეთებს, ანუ მასში მთელს მსოფლიოში გამოყენებად პროდუქტად ქცევის შესაძლებლობას რომ ხედავენ. თუმცა, გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა ინვესტიციის მოზიდვაზე მუშაობა, 6-8 თვით ადრე, ძალიან აქტიურად დაიწყოს. დათვალონ, კონკრეტულად, რა სჭირდებათ, რამდენი თანხა, რა ტიპის ხელშეწყობა, ჩაატარონ ბაზრის კვლევა, ინსვეტორების კუთხით, გაარკვიონ, რომელი ინვესტორები აფინანსებენ მათ ეტაპზე მყოფ სტარტაპებს იმდენი თანხით, რამდენიც მათ სჭირდებათ და მოლაპარაკებების გზით, საუკეთესო აარჩიონ. ჩვენ, დაახლოებით, 100 ინვესტორს ვესაუბრეთ. დაჩიმ გაუკეთა ამას ორგანიზება და თავიდან ბოლომდე განახორციელა. ინვესტორების ძალიან დიდი ქსელი გავაკეთეთ, რომლებსაც ვესაუბრებოდით. ამ ქსელის წყალობით, მერე უკვე მარტივად შევადარეთ ისინი ერთმანეთს და გადავწყვიტეთ, ვისთან გვინდოდა პარტნიორობა. რაც ასევე, მნიშვნელოვანია, ზოგადად, როდესაც საინვესტიციო ფონდი ან სტარტაპ აქსელერატორი კომპანიის პარტნიორი ხდება, შენთვის შემდგომი დაფინანსებების მოპოვება გაცილებით უფრო მარტივია ხოლმე და შესაბამისად, მეტ შესაძლებლობებს გიხსნის.
Stack-ის საერთაშორისო წარმატების გავლენა საქართველოზე
პირდაპირი გავლენა, რაც საქართველოსთვის პოზიტიური იქნება, გამოიხატება ჩვენ მიერ ახალი თანამშრომლების აყვანაში. ძლიერ პროგრამისტებსა და სპეციალისტებს ვეძებთ, რომლებსაც გუნდში აუცილებლად შემოვიერთებთ. რაც შეეხება ირიბ გავლენას, ვფიქრობ, ქართულ ეკონომიკას გამოადგება ჩვენი მაგალითი, რომ კიდევ ერთ ქართულ სტარტაპს ორი უდიდესი საერთაშორისო ორგანიზაცია ენდობა – ამერიკული სტარტაპ აქსელერატორი და ჰოლანდიაში ყველაზე დიდი ვენჩურული ფონდი. ეს ნდობა არის პრეცედენტი, რომელსაც აუცილებლად, სხვა სარგებელიც მოჰყვება. დაფინანსების მოპოვების პროცესში, ინვესტორებთან საუბარს, ამ კუთხით, უკვე გარკვეული შედეგი ჰქონდა. როდესაც ვუხსნიდით, საიდან ვიყავით, სასიამოვნო გაკვირვებას გამოხატავდნენ, რომ საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემა მზარდია და ამ ბაზარზე შემოსვლა ღირს.
Stack-ის შესახებ
„ სთექი ” ქართული წარმოშობის საერთაშორისო სტარტაპია, რომელიც ინტერნეტ ბრაუზერის ქართულ ალტერნატივას ქმნის. მისი საშუალებით, Facebook, Twitter, Instagram, Linkedin-ითა და სხვა სოციალური პლატფორმებით სარგებლობა ერთდროულად არის შესაძლებელი. კომპანიამ 2018 წლის ნოემბერში დაიწყო ოპერირება და ამ დროისთვის, აქტიური მომხმარებლები ჰყავს ამერიკიდან, იაპონიიდან და ევროპიდან. https://www.facebook.com/getstackapp/videos/199607180917003/
2019 წლის დასაწყისში, „სთექმა“ პირველი დაფინანსება მოიპოვა GITA-ს თანადაფინანსების გრანტის სახით, რასაც მოყვა დაინტერესება მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ტექნოლოგიური ჟურნალისგან – TechCrunch. ჟურნალმა „სთექი“, 15,000 სტარტაპს შორის, წლის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ დამწყებ ბიზნესად დაასახელა. 2019 წლის ივლისში, ავსტრიულ-ამერიკულმა სტარტაპ აქსელერატორმა 360Lab, რომელიც ევროპის 5 საუკეთესო სტარტაპ აქსელერატორში შედის, 936 სტარტაპიდან 5 კომპანია შეარჩია, რომელთა შორის იყო Stack-იც.
რაც შეეხება 500 Startups Georgia
500 სტარტაპი ერთ-ერთი იმ სტარტაპ აქსელერატორთაგანია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით, საუკეთესო იდეებს აფინანსებს. დღემდე, მას 75 ქვეყნის მასშტაბით, თავისი 5 გლობალური ფონდისა და 15 თემატური ფონდის საშუალებით, 2300-ზე მეტი კომპანია აქვს დაფინანსებული. განსხვავებით იმ სტარტაპ აქსელერატორებისგან, რომლებიც მცირე მეწარმეებსა და ბიზნესს უდგას მხარში, 500 Startups ბიზნეს იდეის საწყის ეტაპზე ინვესტიციის მოზიდვის აქსელერატორია. პროგრამაში შერჩეული 15 ქართული თუ უცხოური სტარტაპიდან, Stack ერთ-ერთი იყო, რომელსაც აქსელერაციის 4 ეტაპის გავლის შესაძლებლობა მიეცა: აქტიური ტრენინგები მენტორებთან; ამ ტრენინგზე მიღებული გამოცდილების საფუძველზე დამოუკიდებლად მუშაობა; პროექტების დახვეწა და წარდგენა; და აქსელერაციის ყველაზე ამაღელვებელი და საინტერესო ეტაპი – სტარტაპერებისთვის საოცნებო ადგილზე – „სილიკონ ველიზე“ 1-თვიანი აქსელერაციის პროგრამის გავლა. შეგახსენებთ, რომ Stack ამ პროგრამის ერთ-ერთი ფინალისტია და აქვე, იმასაც გაგიმეორებთ, რომ გარდა ევროპელი და ამერიკელი ინსტიტუციონალური ინვესტორებისა, Stack-ის გუნდს საქართველოშიც ჰყავს პარტნიორი – საქართველოს ბანკი.
ავტორი: თიკა გეგენავა
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს