საკუთარი ბიზნესის წამოწყების იდეა, ალბათ, არაერთხელ მოსვლია თქვენს გონებაში. შემდეგ კი ფიქრები კონკრეტდება: რა მიმართულებით ჯობია საქმიანობა, როგორ განვახორციელო ჩანაფიქრი და შესაძლებელია თუ არა საყვარელი საქმის კეთება შემოსავლის პარალელურად? სწორედ ამ კითხვებზე პასუხების ძიებამ მიიყვანა ბავშვობის მეგობრები, ელენე ზამთარაძე და მარიამ რამიშვილი, საკუთარი ჰოსტელის გახსნამდე.
ბიზნესის საწყის ეტაპად გოგონებმა ქუთაისი შეარჩიეს. ქალაქის ცენტრში ძველი ქუთაისური სახლი იპოვეს და სახელიც ადგილობრივი გამოთქმის მიხედვით შეარქვეს – “შავი პომიდორი”.
„თავიდან დამოკიდებულების პრობლემა შეგვხვდა. რადგან ორი გოგონა ვიყავით, ბევრისთვის არასერიოზულად ჟღერდა ის ფაქტი, რომ ასეთ რთულ საქმეს ვეჭიდებოდით. მით უმეტეს, როცა საუბარია ბიზნესზე, რომელიც თბილისიდან 200 კილომეტრში მდებარეობს,“ - იხსენებენ გოგონები.
სტუმარმასპინძლობის სფერო მეგობრებისთვის ახალი გამოწვევა აღმოჩნდა. ელენე კომპანია “ლისი დეველოპმენტში” მარკეტინგის მენეჯერის პოზიციას იკავებს, მარიამი კი “ბილაინში” ტალანტების მოზიდვის მიმართულებას ხელმძღვანელობს და ამავდროულად, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში ბიზნესის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. სამუშაო დღეებში ბიზნესს თბილისიდან მართავენ, უქმეებზე კი ქუთაისში ჩადიან.
„ორივე თბილისში ვმუშაობთ და საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გვაქვს. მართალია, ბანალურად ჟღერს, მაგრამ სურვილი მართლაც ყველაფერს სძლევს და “შავი პომიდორის” შექმნისთვის წარმოუდგენელი შრომა გავიღეთ. საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდით, ეს იდეა რომ არ განგვეხორციელებინა და ახლა შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ,“ - აცხადებენ ელენე და მარიამი.
– რა იყო თქვენი ბიზნესის წამოწყების მთავარი მოტივაცია?
– ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ რაღაც ახლის შექმნა გვინდოდა. ქუთაისში რამდენჯერმე მოგზაურობისას, კარგი სასტუმროს პოვნა გაგვიჭირდა. საერთაშორისო აეროპორტის გახსნამ და მიმართულებების ზრდამ კი ქალაქი ტურისტებისთვის სულ უფრო მიმზიდველი გახადა. იდეა უკვე არსებობდა, თუმცა საკუთარი ჰოსტელის გახსნა მაინც არარეალურად გვეჩვენებოდა. მოულოდნელად გავიცანით ადამიანი, რომელიც ქუთაისში ბინას აქირავებდა. იმ წამსვე გადავწყვიტეთ, ბინა დაგვეთვალიერებინა და ბიზნესის დაგეგმვა რეალურად დაგვეწყო. პარალელურად, ინტერნეტში სხვა სახლებიც მოვიძიეთ და ასე აღმოვაჩინეთ “შავი პომიდორის” მომავალი სივრცე – ძველისძველი, ნამდვილი ქუთაისური სახლი.
– რატომ შეარჩიეთ ქუთაისი?
– ქუთაისი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქალაქია თავისი ხალხით, ადგილებით, კულტურით და ბუნებით. 9 თვის განმავლობაში, რაც ამ იდეაზე ვმუშაობთ, ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გავიცანით და ბევრ ახალგაზრდას შევხვდით. განსაკუთრებით სასიამოვნოა საქმის კეთება ქალაქში, სადაც ყველა იუმორით გიყურებს. ქალაქი ნელ-ნელა ცოცხლდება, იხსნება კაფეები, ბარები, კლუბები. იმერეთის ტურისტული პოტენციალიც ძალიან დიდია. ქუთაისი ერთგვარი საქართველოს გულია, რადგან ახლოსაა როგორც მთასთან, ისე ზღვასთან და უამრავ ტურისტულ ადგილთან. ამას ემატება აეროპორტი, რომელიც კვირაში 27-მდე ევროპული ქალაქიდან იღებს რეისებს. ჩვენ დავინახეთ თავისუფალი ნიშა და ამიტომაც გაგვიჩნდა სურვილი, ჰოსტელი სწორედ ქუთაისში გაგვეკეთებინა.
– ჰოსტელის გასახსნელად საჭირო რესურსები როგორ მოიძიეთ?
– ჩვენი რესურსები ჩვენ, მარიამს და ბანკებს მოიცავს. შეიძლება ცოტა გიჟურად ჟღერს, მაგრამ ერთ დღეს ბანკებს ვესტუმრეთ, სესხები ავიღეთ და “შავი პომიდორი” გავაკეთეთ. ახლა ადგილზე 3 ადმინისტრატორი და 1 დიასახლისი გვყავს. ჩვენ გვინდოდა ახალგაზრდა ადამიანები, რომლებსაც ისევე ეყვარებოდათ ჩვენი იდეა, როგორც ჩვენ გვიყვარს. ადამიანები, რომლებიც ახლოს იქნებოდნენ ჩვენს ფასეულობებთან – თანასწორობა, სიკეთე, ადამიანობა. ძალიან ბევრ კარგ ახალგაზრდას შევხვდით და საბოლოოდ, 3 საუკეთესო ავარჩიეთ.
– როგორ შეიქმნა “შავი პომიდორის” ბრენდინგი?
– სახელის ავტორი ჩვენი მეგობარი, ნათელა ჯანელიძეა. იდეა კი ბავშვობაში არსებული ხუმრობიდან მოდის, რომ “ქუთაისში პომიდორიც კი შავია”. “შავი პომიდორი” უცხოელებისთვის აბსურდულად ჟღერს და ჩვენც მოგვწონს აბსურდულობა. ბრენდის ვიზუალური კონცეფცია ანა სანიკიძეს ეკუთვნის. გამოყენებული გვაქვს წითელი, ყვითელი და ლურჯი ფერები, რომელთა ერთობლიობა შავ ფერს ქმნის. “შავი პომიდორის” ლოგოც შავი არ არის, რადგან როგორი აბსურდულიც თავად “შავი პომიდორია”, ისეთივე აბსურდულია, რომ მისი ლოგო ხან წითელია, ხან ყვითელი და ხან ლურჯი. ინტერიერშიც ნივთებს ხშირად სრულიად სხვა დანიშნულებით ვიყენებთ, რაც ასევე აბსურდულობის იდეას მიჰყვება.
– რა გამოწვევების წინაშე დგახართ ახლა?
– ცოტა ამბიციურად ჟღერს, მაგრამ გვსურს, გოგონებს მაგალითი მივცეთ და ვუთხრათ, რომ არ არსებობს საქმე, რომელსაც მხოლოდ იმიტომ ვერ გააკეთებ, რომ გოგო ხარ.
– რა სჭირდება ქუთაისს იმისთვის, რომ თქვენნაირი (“თბილისიდან ჩასული”) ბიზნესისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს?
– ჩვენ გვჯერა, რომ “შავი პომიდორი” ბევრს მისცემს ბიძგს, გააკეთოს რამე ახალი ქუთაისისთვის. ვფიქრობ, ქალაქები ასე ვითარდება. ვიღაც იწყებს და მერე სხვებიც მიჰყვებიან. თუნდაც ჩვენთვის, ინსპირაციის ერთ-ერთი წყარო ძალიან გემოვნებიანი კლუბი “რეფლექტორი” იყო. ჩვენც გვინდა, სხვებისთვის კარგი მაგალითი ვიყოთ.
– საერთო ჯამში, როგორ შეაფასებდით, რა იყო საჭირო ჰოსტელის გასახსნელად?
– სწორი ადამიანები და იდეა, რომელიც ძალიან გიყვარს. ამის გარეშე წარმოუდგენელია, რომ დაუსრულებელი ფიქრისა და მუშაობისთვის საკმარისი ენერგია გქონდეს.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს