სულ ცოტა ხნის წინ, ბიზნესის გაფართოებისთვის, პარტნიორებისა და ახალი კონტაქტების მოსაპოვებლად, საზღვარგარეთ გამგზავრება იყო აუცილებელი, რაც მნიშვნელოვან ხარჯებთან იყო დაკავშირებული. დღეს კი, ბიზნესის გლობალურ მასშტაბებზე გატანა, ქვეყნის დატოვების გარეშე, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მათ შორის, სოციალური ქსელების საშუალებითაც არის შესაძლებელი. თუმცა, ამ შემთხვევაში, ბიზნესმენი ახალი გამოწვევის წინაშე დგება – სად და როგორ მოიძიოს სასურველი კონტაქტები? როგორ დაიწყოს და განავითაროს საქმიანი ურთიერთობები? BeToBe ქართული სოციალური ქსელია, რომელიც ბიზნესმენებს ერთმანეთთან, საერთაშორისო მასშტაბით, უფასოდ აკავშირებს. თუ როგორ შეიძლება სოციალური ქსელით პარტნიორების შეძენა და როგორ მუშაობს BeToBe-ს პლატფორმა, კომპანიის თანადამფუძნებლებისგან, ვახტანგ ტაბატაძისა და მიხეილ ნემსიწვერიძისგან შევიტყვეთ.
– თქვენი აზრით, რა პრობლემებს აწყდებიან თანამედროვე ბიზნესმენები, რამაც BeToBe-ს შექმნის საჭიროება განაპირობა?
– კონფერენციები და B2B შეხვედრები დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული და ამ დანახარჯებს შესაბამისი შედეგები იშვიათად თუ მოაქვთ. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ნებისმიერი პროდუქტი, დამზადებიდან უცხო ქვეყნის მაღაზიის დახლზე მოხვედრამდე, იმდენად ბევრ შუალედურ რგოლს გადის, რომ მისი ფასი საგრძნობლად იზრდება. შესაბამისად, ის კონკურენციას ვეღარ უწევს ადგილობრივად წარმოებულ, შედარებით იაფ პროდუქციას, რომელსაც იგივე ბარიერები არ აქვს. ჩვენი მიზანია, ეს გზა პროდუქციიდან უშუალო კლიენტამდე, მაქსიმალურად შევამოკლოთ მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს.
– როგორია თქვენი პლატფორმის მუშაობის პრინციპი?
– ჩვენ ვცდილობთ, მომხმარებლის საჭიროებები გავითვალისწინოთ და მუდმივად მივაწოდოთ სიახლეები. უმთავრესი პრინციპი კი ისაა, რომ განვითარების ყველა ეტაპზე უფასოდ შევინარჩუნოთ ყველა ის სერვისი, რომელსაც დღეს მათ ვთავაზობთ. რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია ნახოს უახლესი შემოთავაზებები, განათავსოს თავისი პროდუქტი, იპოვოს პარტნიორები, დაინტერესების შემთხვევაში ან სხვას თუ დააინტერესებს მისი პროდუქტი, დაიწყოს მოლაპარაკება, მიაღწიოს წარმატებას და შემდეგ ჩვენი საშუალებით პროდუქცია მიიტანოს დანიშნულების ადგილამდე. ეს ყველაფერი გამარტივებულია, გადაზიდვის მომენტამდე სრულიად უფასოა და ჩვენი პლატფორმის კომფორტული ინტერფეისი მომხმარებელს ეხმარება მარტივად გაიაროს ეს პროცესი.
– როგორც ბიზნესი, რამდენად მომგებიანია BeToBe-ის პლატფორმა?
– ეს კითხვა ორნაირად შეიძლება იყოს გაგებული და ამიტომ ორივე მხარეზე გიპასუხებთ. როგორც სტარტაპს, ამ ეტაპზე მონეტიზაცია არ დაგვიწყია. ამ მომენტისთვის ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი მომხმარებლის მოზიდვა BeToBe-ზე და მათთვის ბიზნეს პროცესების გამარტივება. მომხმარებლის მხრიდან კი ეს პროცესი ძალიან მომგებიანია, რადგან ისინი ჩვენი დახმარებით ზოგავენ მნიშვნელოვან დროსა და ფინანსებს.
– ვინ ქმნის BeToBe-ს?
– „ბითუბის“ ბიზნეს გამოცდილების მქონე პარტნიორი და დეველოპერების გუნდი ქმნის. ეს პროექტი მთლიანი გუნდისთვის პროფესიულ არჩევანთან ერთად, ინტერესების სფეროცაა. ძალიან დიდი ცოდნა და ენერგია გვაქვს უკვე ჩადებული ამ პროექტის შექმნაში. პარალელურად, ვმუშაობთ ერთ ლოკალურ პროექტზე, რომელსაც, დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე დავაანონსებთ.
– როგორ აპირებთ განვითარებას?
– „ბითუბი“ რამდენიმე თვეა გაეშვა და მას შემდეგ, ყოველდღე ვცდილობთ ადაპტაცია გავიაროთ მომხმარებლების საჭიროებებთან. ამ მიზეზით, ცოტა ხნის წინ დავამატეთ საცალო შეთავაზებების განთავსების ფუნქციონალი. ერთ-ერთი უახლოესი მიზანი და სურვილი კი არის ბითუბიზე სერვისების შეთავაზების შესაძლებლობა. ჩვენი მიზანია BeToBe-ზე მსოფლიოში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესების 20% ვიხილოთ, ჩვენი წარმომადგენლობა კი ქვეყნების 80%-ში იყოს გახსნილი. ეს მოგვცემს საშუალებას, „ბითუბის“ მიერ შეთავაზებული სერვისების ხარისხი მუდმივად შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს