კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

როგორ მუშაობს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტი

ჯანდაცვა მედიცინა
როგორ მუშაობს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტი

ინტერვიუების სერია - „აი, როგორ ვმუშაობ“ - მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიის შესახებ მკაფიო წარმოდგენის შექმნას ემსახურება. ამ მიზნით, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს სამუშაო პროცესის გაზიარების შესაძლებლობა მიეცათ. ამჯერად, საკუთარ პროფესიაზე კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტი (Cognitive behavioral therapy – CBT) ნინო შარია საუბრობს.

M: ვინ არის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტი და რა არის მისი მთავარი ამოცანა?

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სხვადასხვა სპეციალისტები, ისევე როგორც პრაქტიკოსი ფსიქოლოგები, განსხვავდებიან თეორიული, მეთოდოლოგიური და სტრუქტურული ჩარჩოებით, რომელთა მიხედვითაც ისინი პრაქტიკულ საქმიანობას ეწევიან. კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტი (კბთ) ხელმძღვანელობს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის პრინციპებით, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტრუქტურირებული ფორმით და არის სპეციალისტი, რომელსაც ამ მიმართულებით სპეციალიზებული ტრენინგი აქვს გავლილი. რაც შეეხება ამოცანებს, ერთის მხრივ, არსებობს საერთო, ზოგადი ამოცანები, რაც თერაპიული ალიანსის – ნდობის, პატივისცემისა და არაგანმკითხავი გარემოს ჩამოყალიბებას, ადამიანის დახმარებას, მხარდაჭერასა და გაძლიერებას გულისხმობს. მეორე მხრივ კი, კბთ განსაზღვრავს სპეციფიკურ ამოცანებს ფსიქო-ემოციური კეთილდღეობის მისაღწევად. ეს ამოცანები მოიცავს დისფუნქციური რწმენებისა და ქცევითი პატერნების იდენტიფიცირებას, მათ მოდიფიკაციას და ადამიანის ადაპტური დაძლევისა და სოციალური უნარებით აღჭურვას.

M: რამ დაგაინტერესათ ამ მიმართულებით?

ის ფაქტი, რომ კბთ შედარებით სწრაფი (ხანგრძლივობა 6-დან 20 თერაპიულ სესიამდე მერყეობს) და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინტერვენციის ფორმაა, ნამდვილად წარმოადგენს მის ღირსებას და პროფესიულ ინტერესს აღძრავს ამ მიმართულების თეორიული საფუძვლის, პროცედურული ნაწილისა და მასში ინტეგრირებული მიდგომების მიმართ. როდესაც მიმართულების არჩევა ხდება, ფსიქოლოგი განიხილავს უკვე არსებულ კომპეტენციებს, პოტენციალსა და პიროვნულ უნარებს ამა თუ იმ მიდგომასთან მიმართებაში, ამასთან, აფასებს მიმართულების სუბიექტურად და ობიექტურად მნიშვნელოვან ასპექტებს. ჩემს შემთხვევაში, ეს ასპექტები უკავშირდება მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პრაქტიკას, რაც იმას ნიშნავს, რომ კლინიკური კვლევები ადასტურებს ამ მიდგომის ეფექტურობას, და სტრუქტურირებულობას, რაც მის პრაქტიკაში გამოყენებას ამარტივებს.

M: როგორია კბთ თერაპევტად ჩამოყალიბების გზა?

მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, საქართველოში ფსიქოლოგია არ არის რეგულირებადი პროფესია, არსებობს კომპეტენციისა და კვალიფიკაციის საყოველთაოდ მიღებული და აუცილებელი სტანდარტი, რომელიც ფსიქოლოგიაში ან/და მომიჯნავე სფეროებში აკადემიური ხარისხისა და შესაბამისი პრაქტიკის ქონას გულისხმობს. ჩემი პროფესიული გზა ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა და მოიცავს ფსიქოლოგიის ბაკალავრიატს, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრატურას, პრაქტიკებს ჯერ ბავშვთა, შემდეგ კი ზრდასრულთა მიმართულებით, პროფესიულ სასერტიფიკატო კურსებს, ვორკშოპებს, სტუდენტურ და საერთაშორისო კონფერენციებს, მიმდინარედ კი ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (Europian Association of Behavioral and Cognitive Therapy-EABCT) მიერ აკრედიტებული საქართველოს კბთ საზოგადოების დიპლომისშემდგომ სამწლიან სასწავლო-სალიცენზიო პროგრამას. ეს პროგრამა თერაპიული პრაქტიკის სუპერვიზიის ქვეშ განხორციელებას გულისხმობს.

M: ვისთვის არის კბთ ეფექტური?

კბთ ეფექტურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აწუხებთ სტრესთან გამკლავების, ემოციების რეგულირების, ინტერპერსონალური ურთიერთობების სირთულეები, ძილის პრობლემები, შფოთვა, დაქვეითებული გუნება-განწყობა, უარყოფითი შინაარსის ფიქრები, თვითშეფასების პრობლემა და ფუნქციონირების ხარისხის გაუარესება; მათთვის, ვისაც დიაგნოზირებული მდგომარეობა აქვს, გადის მედიკამენტოზურ მკურნალობას და კომბინირებული მკურნალობა სჭირდება იმ ფსიქო-სოციალური ფაქტორების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც სიმპტომს/მდგომარეობას ინარჩუნებს.

M: როგორია სამუშაო მეთოდიკა?

რამდენადაც ეს მიდგომა ეფუძნება დებულებას, რომ ჩვენს გრძნობებსა და ქცევას არა გარეგანი ფაქტორები, არამედ ჩვენი აზრები განსაზღვრავს, სამუშაო მეთოდიკა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აზრებს, ემოციებსა და ქცევას შორის არსებულ კავშირებს. ფსიქოლოგი ადამიანს კონკრეტული მოდელისა და ტექნიკების საშუალებით ეხმარება ამ კავშირების დანახვასა და გაცნობიერებაში. ამ პროცესში დისფუნქციური აზროვნებისა და ქცევითი პატერნების გამოვლენა ხდება. რადგან ემოციური და ქცევითი რეაქციების უმრავლესობა დასწავლილია, ხოლო აზრების ჰიპოთეზებად წარმოდგენა და მათი გადამოწმება შესაძლებელია, თერაპიულ პროცესში ადამიანის აზროვნებაში ალტერნატიული დაშვებები შემოდის და განკურნება იმის საფუძველზე ხდება, რომ ის იწყებს სხვაგვარად აზროვნებას, სხვაგვარ ხედვას იძენს და კონსტრუქციული, ადაპტური რეაგირების მექანიზმებს სწავლობს.

M: რამდენად აქტუალური და პერსპექტიულია ეს პროფესია დღეს?

ფსიქოლოგია დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროფესიაა მსოფლიო მასშტაბით და არც საქართველოა ამ მხრივ გამონაკლისი. ის აქტუალურია, რამდენადაც იზრდება მომართვიანობა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა აღარ არის ისე სტიგმატიზებული, როგორც წარსულში. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ქართულ რეალობაში ადამიანი, რომელიც ფსიქოლოგად იწყებს მომზადებას, გარკვეულ სირთულეებს აწყდება ჯერ კიდევ უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც ვერ იღებს საჭირო პრაქტიკას ან პრაქტიკული სწავლების აუცილებელ ხარისხს. ბუნებრივია, არარეგულირებადი გარემო გავლენას ახდენს სერვისის ხარისხსა და ადამიანების მხრიდან ნდობაზე. ამ პრობლემების გათვალისწინებით, მოტივაციის შენარჩუნებითა და კომპეტენციის დაგროვებაზე ზრუნვით, რა თქმა უნდა, განსხვავებული პერსპექტივების გახსნაა შესაძლებელი.

M: რა გეხმარებათ პროფესიულ განვითარებაში?

ამ გზაზე დამხმარეა პროფესიული კავშირები, ლოკალურ თუ საერთაშორისო კოლეგებთან კომუნიკაცია პროფესიულ ტრენინგებსა თუ კონფერენციებზე, რაც არსებითად ცოდნის გაზიარებას, უახლესი ცოდნის ხელმისაწვდომობასა და კომპეტენციების შენარჩუნებას ემსახურება. დამხმარეა სუპერვიზიისა და ინტერვიზიის პროცესი, რომელიც მნიშვნელოვანია თვითრეგულაციისა და ეფექტური ფუნქციონირების ასპექტებისთვის.

M: რას ურჩევდით მათ, ვისაც კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტობა აინტერესებს?

როგორც აღვნიშნე, აუცილებელია სწავლების საფეხურზე პრაქტიკული გამოცდილება და კონკრეტულ დიაგნოზებთან შეხება. ვურჩევდი, დაიწყონ ამგვარი მომზადება ფსიქოლოგიური მდგომარეობების კარგად გასაგებად, გაეცნონ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და განსაზღვრონ, რა დროითი რესურსის დათმობა შეუძლიათ ამ მიზნისთვის, თვალი ადევნონ საერთაშორისო პროფესიულ ჟურნალებსა და კბთ-თან დაკავშირებულ ოფიციალურ ვებგვერდებს, რომლებიც მათ ლიტერატურითა და პროფესიული მასალებით უზრუნველყოფს, იზრუნონ პროფესიული უნარების განვითარებაზე და მიიღონ სიამოვნება და კმაყოფილება ამ პროცესით.

კომენტარები