Sweeft Group ქართული კომპანიაა, რომელიც ციფრული პროდუქტების შექმნაზე მუშაობს. კომპანიის ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარია აპლიკაცია Sweeft, რომელიც ფინანსური ოპერაციების გამარტივებას ემსახურება. როგორც მარკეტერის მკითხველისთვისაა ცნობილი, აპლიკაცია, ინდივიდუალური და ჯგუფური გადახდების გარდა, სოციალური ქსელის ფუნქციებსაც ითავსებს.
Sweeft Group აერთიანებს ფინანსური ტექნოლოგიების, IT, დეველოპმენტის, User Experience/UI და ციფრული მარკეტინგის სპეციალისტებს. კომპანიამ საერთაშორისო ასპარეზზე დაიწყო ოპერირება და ამჟამად იტალიურ ბანკთან, Iccrea Banca-სთან თანამშრომლობს. ფინანსური სერვისების გლობალური პროვაიდერის, Swift-ის ინფორმაციით, Iccrea იტალიის ბაზარზე სიდიდით მესამე ბანკია.
როგორ მოახერხა Sweeft Group-მა იტალიის ციფრულ ბაზარზე გასვლა და რა პროდუქტებს ქმნის იტალიური კომპანიებისთვის? ამ და სხვა კითხვებით Sweeft Group-ის წარმომადგენლებს მივმართეთ.
**M:** გვიამბეთ პროექტზე, რომელიც იტალიური ბანკისთვის შექმენით…
**Sweeft Group-ი:** Iccrea Bank-ის მფლობელობაშია e-commerce პლატფორმა Ventis. პროექტის ინოვაციურობა ჩვენს მიერ შექმნილ აპლიკაცია Ventis Pay-შია, რომელიც ონლაინ შოპინგისა და საბანკო პროდუქტების სინთეზს წარმოადგენს. იდეა ეფუძნება იმ კონცეფციას, რომ ძველად მომხმარებლები ბანკებს უსაფრთხოების ნიშნით ირჩევდნენ. ოთხმოციან წლებში ეს ტენდენცია თვითმომსახურების მოდელმა შეცვალა, რამაც ბანკომატების განვითარება გამოიწვია. შემდგომი განვითარების ეტაპი იყო “Banking, Everywhere, Anywhere” იდეა, რაც ბანკის ყველა პროდუქტის დისტანციურ ხელმისაწვდომობას გულისხმობდა, როგორც მობილური აპლიკაციით, ასევე პერსონალური კომპიუტერით.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია მომხმარებლამდე პროდუქტის მიწოდების გზების რევერსი. ჩვენი ხედვა მომხმარებლის საჭიროებებზეა ორიენტირებული და არა ბანკის შესაძლებლობებზე, მიუხედავად იმისა, სჭირდება თუ არა მომხმარებელს ესა თუ ის პროდუქტი.
**M:** როგორ დააინტერესეთ ბანკი?
**Sweeft Group-ი:** ჩვენ ვცდილობდით, ზემოთ აღნიშნული იდეა Sweeft-ის აპლიკაციით გადმოგვეცა, რომლის კონცეფციაც ბენქინგის მომავალზეა დაფუძნებული. Sweeft აპლიკაცია არ არის მხოლოდ ციფრული პროდუქტი საინტერესო ფუნქციებით. ჩვენ შევქმენით სახე და იდეა, რომელსაც შეუძლია მრავალი ქვეყნის ბაზარზე დამკვიდრება, რადგან ყველაფერი ციფრული მოდერნიზაციის პროცესშია. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მომსახურებასა და სერვისებს, რაც ყველა ბანკის პრიორიტეტია. ICCREA Bank-მა ეს ტენდენცია დაინახა და გააანალიზა, ჩვენ კი ზუსტ დროს ფუნქციურად მნიშვნელოვანი პროდუქტი შევთავაზეთ.
სამყარო ციფრული ტრანსფორმაციის პროცესშია, რადგან მომხმარებლები მყისიერი რეაქციისა და სისწრაფისკენ მივისწრაფვით, ხოლო კომფორტი ამ ყველაფერთან ასოცირდება. კომპანიები და ბიზნესები ამ იდეაზე დაყრდნობით მოქმედებენ. ფინანსური სერვისები უკვე აღარ არის მხოლოდ ბანკების პრეროგატივა და შესაძლოა, უახლოეს 10 წელიწადში საერთოდ აღარ იყოს. ICCREA Bank-ის ინტერესი Sweeft Group-ის მიმართ სწორედ ამ მოსალოდნელი ტენდენციების დანერგვას უკავშირდება.
**M:** რა გამოწვევებთან არის დაკავშირებული ეს თანამშრომლობა?
**Sweeft Group-ი:** შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე რთული გადასალახი საკითხები ბიუროკრატიას უკავშირდებოდა, რომელიც იტალიაში საკმაოდ ჩახლართული და პოლიტიკური პროცესია. მეორე მხრივ, იტალიის 60-მილიონიანი მოსახლეობის გათვალისწინებით, ბანკების მზაობა და რესურსის მობილიზება მომხმარებლების კომფორტის გაუმჯობესებაზე ძალიან მაღალია. ამ ფაქტზე დაყრდნობით, ჩვენ შევქმენით პროდუქტი, რომელზეც დიდ მოლოდინს ამყარებდნენ, რამაც დანერგვის პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა.
**M:** რა პროექტები უნდა განახორციელოთ თანამშრომლობის ფარგლებში?
**Sweeft Group-ი:** Ventis Pay-ის გარდა, გვაქვს რამოდენიმე მიმდინარე პროექტი, რომელთა გასაჯაროება NDA-ის გამო, სამწუხაროდ, არ შეგვიძლია. ერთადერთი, რისი თქმაც შეგვიძლია, პროექტების მიზანია, რაც კვლავ ციფრული ტრანსფორმაციაა.
**M:** თქვენ ახსენეთ, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიასაც ემსახურებით…
**Sweeft Group-ი:** დიახ, ICCREA-ბანკის მსგავსად, ვემსახურებით იტალიის წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანია TIM (Telecom Italia)-ს. მათთან თანამშრომლობა კომპანია OM-Group-ის გავლით შედგა. OM-Group საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც პოზიციონირებს როგორც field marketing და operational marketing კომპანია. OM-Group-ის პარტნიორები არიან American Express, UNICEF, Italo, SKY და TIM (Telecom Italia). ჩვენ შევიმუშავეთ მეთოდი და პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც OM-Group-ის მიერ დაგენერირებული ინფორმაციის (TIM-ისთვის) გაციფრულება 5-ჯერ უფრო სწრაფად და 25%-ით ნაკლები დანახარჯით ხდება. ჩვენი მომავალი წლის გეგმაა დანახარჯების 35%-მდე შემცირება.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს