თურქეთში კორუფციული გამოძიების ფარგლებში სტამბოლის მერი დააკავეს, რაც საპრეზიდენტო კანდიდატად მის დასახელებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. ექრემ იმამოღლუ, რომელიც სეკულარული რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) წარმომადგენელია, რეჯეფ თაიპ ერდოღანის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ კონკურენტად ითვლება. პროკურატურის განცხადებით, მას ბრალი ედება "დანაშაულებრივი ორგანიზაციის ლიდერობაში".
გამოძიების ფარგლებში, ხელისუფლებამ 100-მდე ეჭვმიტანილი დააკავა, მათ შორის სხვა პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ბიზნესმენები. სტამბოლის გუბერნატორის ოფისმა ქალაქში ოთხდღიანი შეზღუდვები დააწესა. იმამოღლუმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ხალხის ნების გაჩუმება შეუძლებელია". ონლაინ გამოქვეყნებულ ვიდეოში მან პირობა დადო, რომ "მტკიცედ დადგება" თურქეთის ხალხისა და "მთელ მსოფლიოში დემოკრატიისა და სამართლიანობის დამცველების" გვერდით.
მისი დაკავება ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე მასშტაბური რეპრესიების ნაწილია. კრიტიკოსები ამ ნაბიჯებს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ. თუმცა, ერდოღანი, რომელიც უკვე 22 წელია ხელისუფლებაშია, და მისი პარტია ამ ბრალდებებს უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ თურქეთის სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია.
გასულ წელს იმამოღლუმ სტამბოლის მერის პოსტზე მეორე ვადით გაიმარჯვა, როდესაც მისმა პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში სტამბოლსა და ანკარაში წარმატებას მიაღწია. ეს იყო პირველი შემთხვევა ერდოღანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, როდესაც მისმა პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნებში დამარცხდა. არჩევნები პირადად პრეზიდენტისთვისაც მტკივნეული აღმოჩნდა, რადგან ის სტამბოლში გაიზარდა და სწორედ ამ ქალაქის მერობა გახდა მისი პოლიტიკური კარიერის დასაწყისი.
იმამოღლუს სახლზე, თურქეთის უდიდეს ქალაქში, გამთენიისას პოლიციის ათობით თანამშრომელი შეიჭრა. CHP-ის საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევი პროცესი, რომელშიც იმამოღლუ ერთადერთი კანდიდატია, კვირას უნდა გაიმართოს. ამას წინ უძღოდა სტამბოლის უნივერსიტეტის გადაწყვეტილება მისი დიპლომის გაუქმების შესახებ, სავარაუდო დარღვევების გამო. თუ ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, იმამოღლუს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდება. თურქეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს თანამდებობის დასაკავებლად უმაღლესი განათლება უნდა ჰქონდეს მიღებული.
იმამოღლუმ ამ ნაბიჯს "სამართლებრივად უსაფუძვლო" უწოდა და დასძინა, რომ უნივერსიტეტები "დამოუკიდებელი უნდა დარჩნენ, თავისუფალი პოლიტიკური ჩარევისგან და ცოდნის ერთგული". მისმა პარტიამ მის წინააღმდეგ ბოლო ინტერვენციები "სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად" შეაფასა, რომლის მიზანია "ხელი შეუშალოს ერს მომავალი პრეზიდენტის განსაზღვრაში". პარტიის თავმჯდომარემ, ოზგურ ოზელმა X-ზე დაწერა, რომ ხალხის ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება, მათი ნების შეცვლა ან ძალის გამოყენება მის აღსაკვეთად, სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასია. მისმა მოადგილემ, ილჰან უზგელმა მთავრობა ოპოზიციის დაშინების "ინსტრუმენტად" დაკავების გამოყენებაში დაადანაშაულა. მან BBC-ს განუცხადა, რომ მისი პარტია "ძალიან შეშფოთებულია თურქეთში დემოკრატიის მდგომარეობით ზოგადად".
პრო-სამთავრობო მედია იუწყება, რომ გამოძალვისა და თაღლითობის გარდა, იმამოღლუს ბრალი ედება ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) დახმარებაშიც. PKK 1984 წლიდან აწარმოებს ამბოხებას და თურქეთში, ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული. ოთხშაბათს მასობრივი დაკავების შემდეგ, სტამბოლის გუბერნატორმა სტამბოლში ყველა დემონსტრაციის, შეხვედრისა და პრესრელიზის ოთხდღიანი აკრძალვა გასცა, რათა შეენარჩუნებინა "საზოგადოებრივი წესრიგი" და აღეკვეთა "შესაძლო პროვოკაციული ქმედებები". სტამბოლის ბევრი ქუჩა გადაკეტილია მოძრაობისთვის, ხოლო მეტროს ზოგიერთმა ხაზმა მუშაობა შეაჩერა. გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებამ მკვეთრად შეზღუდა წვდომა სოციალურ მედიაზე, როგორიცაა X, YouTube, Instagram და TikTok დაკავებების შემდეგ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იმამოღლუ სამართლებრივი პრობლემების წინაშე დგას. 2022 წელს მას ორ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სიტყვით გამოსვლისას საჯარო მოხელეების შეურაცხყოფისთვის.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს