გონაშვილების ოჯახმა კომპანია „აგროქიზიყი“ დედოფლისწყაროში 2011 წელს დააარსა. თავდაპირველად, კომპანიაში მხოლოდ ორი ადამიანი იყო დასაქმებული და „აგროქიზიყი“ პატარა ვეტერინარული აფთიაქის ფუნქციას ასრულებდა. ორი წლის შემდეგ, მათ ხელოვნური განაყოფიერების სერვისის დანერგვა დაიწყეს, ხოლო 2015 წლისთვის ცხოველთა საკვების საწარმოც აამოქმედეს. დღეს „აგროქიზიყში“ ოცდაორი ადამიანია დასაქმებული და კომპანია თავისი საქმიანობით ასობით ფერმერს აერთიანებს საქართველოს მასშტაბით. ამჟამად, კომპანია თბილისში ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს. მაღაზიას სახელწოდებით „წერტი“ ერქმევა და ის „აგროქიზიყის“ წარმოების ხორცპროდუქტებს, რძის ნაწარმსა და სხვა პროდუქტებს შესთავაზებს მომხმარებელს.
როგორ იქმნება ჯანსაღი ქართული პროდუქცია? რა სირთულეებს აწყდებიან მომხმარებლები, რომლებსაც ჯანსაღი პროდუქციის შეძენა სურთ? რა გამოწვევებთან არის დაკავშირებული ფერმერობა საქართველოში? ამ და სხვა კითხვებით „აგროქიზიყის“ თანადამფუძნებელს, ბექა გონაშვილს მივმართეთ.
M: ბექა, კონკრეტულად რას საქმიანობს „აგროქიზიყი“?
ბექა გონაშვილი: ჩვენ ვადგენთ ინდივიდუალურ რაციონს ყველა ასაკისა და დანიშნულების ცხოველისთვის, რაც უზრუნველყოფს მათ ოპტიმალურ ზრდას და ღირებულებას. გვაქვს NIR ლაბორატორია ინგრედიენტების კვებითი ღირებულების დასადგენად. პირველებმა ჩვენ დავნერგეთ ცხოველთა საკვებსა და აღჭურვილობაზე განვადების სისტემა, რაც ფერმერებს შემოსავლის გაზრდის საშუალებას აძლევს: მათ შეუძლიათ შეიძინონ საკვები ღორებისთვის, ძროხებისთვის, ქათმებისთვის და თანხის გადახდა რეალიზაციის შემდეგ მოხდეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ფერმერების კონსულტაცია, ვცდილობთ დავეხმაროთ მათ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში, რათა მათ მეტი სარგებელი მიიღონ.
M: თბილისში სად იქნება ხელმისაწვდომი თქვენი პროდუქცია?
ბექა გონაშვილი: ჩვენი მაღაზია #წერტი დიდუბეში, წყალტუბოს ქუჩა #10-ში გაიხსნება. ადგილზე ასევე იწარმოება ნახევარფაბრიკატებიც, როგორიცაა ხინკალი, პელმენი, კუპატი და სხვა. გვექნება ადგილზე მიწოდების სერვისიც. გარდა ამისა, მაღაზიაში თონეც განთავსდება, სადაც მომხმარებელს საშუალება ექნება, შუადღის შესვენების დროსაც კი მიირთვას ან შეუკვეთოს ცხელი კახური პური და ყველი.
M: რას ნიშნავს სიტყვა „წერტი“?
ბექა გონაშვილი: განმარტებით ლექსიკონში „წერტი“ ნიშნავს ადგილს ან პუნქტს, რომელშიც რამეა მოწყობილი ან განლაგებული. „წერტი“ იყო ადგილი, სადაც კოლმეურნეობები საკუთარ პროდუქციას ყიდდნენ. მაგალითად, სოფელ არხილოსკალოს კოლმეურნეობას თბილისში, ნავთლუღში ჰქონდა თავისი „წერტი“, სადაც იყიდებოდა ხორცი, რძე-მაწონი და სხვა პროდუქტები. სწორედ აქედან მოდის ეს სახელიც. ქართული სახელებისა და დასახელებების აღდგენის კუთხით, „წერტიში“ მალე ბევრ სიურპრიზს აღმოაჩენთ.
M: როგორ ფიქრობთ, რა პრობლემებს აწყდებიან ჯანსაღი პროდუქციის შეძენის მსურველები ქართულ ბაზარზე?
ბექა გონაშვილი: ჩვენი პროდუქციით საცალო ბაზარზე შემოსვლას მრავალი მიზეზი აქვს. წლების განმავლობაში, ჩვენ შევძელით ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა რგოლის დაკავშირება, რის შედეგადაც, ცხოველის/ფრინველის დაბადებიდან მომხმარებლის სამზარეულომდე (Farm to Fork) ყველა ეტაპზე „აგროქიზიყი“ არის ჩართული, როგორც საკუთარი ფერმის, ასევე პარტნიორი ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციით. მაგალითად, ფერმერი კახა ავაზაშვილი სოფელ ქისტაურიდან აწარმოებს საქონლის ხორცს და ჰყავს მერძეული მიმართულების თანამედროვე ჯიშები: შვიცები და ჰოლშტეინები, რომლებიც მან 5 დღის ასაკიდან გაზარდა და დღეს რძეს აწარმოებს. სწორედ მისი ფერმიდან მოხდება „წერტიში“ რძისა და რძის პროდუქტების მიწოდება, რადგან ამ ფერმას ჩვენ ვაწვდით საკვებს, სადაც გარანტირებულად ვიცით, რომ არ ხდება ანტიბიოტიკებისა და ზრდის ჰორმონების გამოყენება. ასევე, მუდმივად ხდება ცხოველების მონიტორინგი სხვადასხვა დაავადებაზე. დღეს საქართველოში, მეფრინველეობაში საკმაოდ გავრცელებულია სპეციალური კაროფილების გამოყენება, რომელიც რეალურად არაფერს სასარგებლოს არ აკეთებს, მხოლოდ აყვითლებს ქათმის ხორცს და ამით ბაზარზე იქმნება წარმოდგენა, რომ ეს ქათამი სოფელშია გაზრდილი, „ქართულ სიმინდზე“ და ამიტომ არის ყვითელი, თუმცა ეს დიდი ტყუილია! ასევე აქტიურად გამოიყენება ანტიბიოტიკები, რომლითაც სიკვდილიანობის პრევენციას ახდენენ, თუმცა რამდენად სასარგებლოა ეს ჯანმრთელი ადამიანისთვის?!
M: თქვენ რა პასუხი გაქვთ ამ კითხვაზე?
ბექა გონაშვილი: ერთ-ერთი მიზეზი არის ისიც, რომ ჩვენ სოციალურად აქტიურები ვართ და ხშირად ვაქვეყნებდით ფოტოებს ჩვენი საქმიანობის შესახებ, ფერმებიდან. პატარა ინტერნეტ გადაცემაც კი გავაკეთეთ „Mozver Show“, სადაც მოზვრების გაზრდის ტრადიციული და თანამედროვე ტექნოლოგიები შევადარეთ. ასეთ დროს ხშირად გვეხმიანებიან მეგობრები, რომლებსაც სურთ შეიძინონ გარანტირებულად ჯანსაღი პროდუქცია, და აი, ჩვენც გადავდგით ნაბიჯი. წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნით, გამოცდილებითა და რესურსებით ჩვენს არსებულ და პოტენციურ მეგობრებს ჯანსაღ პროდუქციას უკვე თბილისში ვთავაზობთ.
M: რა უპირატესობა აქვს თქვენს პროდუქციას ბაზარზე არსებულთან შედარებით?
ბექა გონაშვილი: ვინაიდან ჩვენი კომპანია და ჩვენი ოჯახი ფლობს მეხორცული მიმართულების ფერმას, ცხვრის ფერმას, ასევე თევზჭერის მეურნეობასა და სხვა მრავალ მიმართულებას, ჩვენს ხელთაა ყველა ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც ვაკონტროლებთ და გავაკონტროლებთ პროდუქციის ხარისხს გადამუშავების ყველა ეტაპზე. რაც შეეხება პარტნიორ ფერმებს, ჩვენი ყოველდღიური კონტაქტი და მუდმივი კონტროლი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თამამად ვუწოდოთ ჩვენი პროდუქციის სრულ ასორტიმენტს ჯანსაღი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ „წერტის“ და ზოგადად კომპანიის საქმიანობა გამჭვირვალეა. პროექტში კარგად ჩანს შუშის ტიხრები, ადგილზე მოსულ მომხმარებელს თავისი თვალით შეეძლება ნახოს, თუ როგორ მზადდება სხვადასხვა პროდუქცია. ეს არის სწორედ ის უპირატესობები, რომელთა ხაზგასმასაც ვცდილობთ ჩვენი კონცეფციით.
M: როგორ გეგმავთ გაუმკლავდეთ ბაზარზე არსებულ შედარებით დაბალფასიან პროდუქტებთან კონკურენციას?
ბექა გონაშვილი: ვინაიდან ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა რგოლში ვართ ჩართული, ჩვენთვის დაბალფასიანი პროდუქცია კონკურენტული არ არის. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვაპირებთ დაბალფასიან პროდუქციასთან კონკურენციას, რადგან ჩვენი მიზანია მომხმარებელს მივაწოდოთ ხარისხიანი და არა იაფფასიანი პროდუქცია. მაგალითად, ერთ-ერთი დაბალფასიანი პროდუქტია ე.წ. „ბებოს ყველი“, რომელიც დღეს არსებული კანონმდებლობით რეგულაციებისგან თავისუფალია და თავისუფლად ხდება მისი რეალიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ არის შემოწმებული და ბევრი საფრთხის მატარებელია. ამიტომ, ჩვენ ვგეგმავთ მომხმარებელს კარგად დავანახოთ, რა არის ჯანსაღი და რა – არაჯანსაღი, რათა მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მხოლოდ ფასითა და დასახელებით არ იხელმძღვანელონ. ამ კუთხითაც ვგეგმავთ აქტიურ მუშაობას სოციალური ქსელის დახმარებით, რათა ავამაღლოთ მომხმარებლების ცოდნის დონე.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს