LRG, იგივე “ელარჯი”, სწრაფი კვების ობიექტია თბილისში, რომელიც ამერიკული ბურგერების, ნაგეთსების, ჰოთ-დოგებისა და პიცის ნაცვლად, ტრადიციულ მეგრულ კერძებს სთავაზობს მომხმარებელს. მეგრული სწრაფი კვების კონცეფცია ანთიმოზ ცქიტიშვილს მაშინ გაუჩნდა, როდესაც სისწრაფესთან ერთად, მომხმარებლისთვის ხარისხიანი საკვების მიწოდება განიზრახა.
“ელარჯის” დაფუძნებამდე, ანთიმოზ ცქიტიშვილი და გიორგი მახარაძე, რომლებიც პროექტის ავტორები არიან, კვების სფეროში საქმიანობდნენ. მათ ჰქონდათ საკუთარი ქეითერინგ კომპანია, “გურმან სერვისი”, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციებსა და გადამღებ ჯგუფებს კვებით უზრუნველყოფდა. სწრაფი კვების ბიზნესის წამოწყებისას, არჩევანი მეგრულ სამზარეულოზე შეაჩერეს. სწორედ ასე შეიქმნა LRG, იგივე “ელარჯი” – მეგრული სამზარეულოს სწრაფი კვების ობიექტი თბილისში.
“სწრაფი კვების კონცეფცია მთელ მსოფლიოში მომსახურების სისწრაფესთან ასოცირდება და არა ხარისხთან. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ სტერეოტიპის დანგრევა. LRG-ის პროექტის მიზანი იყო, შეგვექმნა ქართულ სამზარეულოზე დაფუძნებული სწრაფი კვების ობიექტების ქსელი, სადაც მთავარი კრიტერიუმები სისწრაფესა და ხელმისაწვდომობასთან ერთად გემო და ხარისხი იქნებოდა”, – აცხადებენ კომპანიაში.
კითხვაზე, თუ რა განასხვავებს “ელარჯის” სწრაფი კვების სხვა ობიექტებისგან და რა გამოარჩევს მას, კომპანიის წარმომადგენლები პასუხობენ: “ჩვენ უარი ვთქვით გაყინული და გენმოდიფიცირებული პროდუქციის გამოყენებაზე. სანაცვლოდ, უპირატესობას ვანიჭებთ ახალ, ხარისხიან და, რაც მთავარია, ადგილობრივ პროდუქტებს”.
მენიუს გემოვნურ თავისებურებებზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ კერძების გემოზე, მზარეულების მაღალი კვალიფიკაციის გარდა, საგანგებოდ შერჩეული, ხარისხიანი პროდუქტიც ახდენს გავლენას. “ჩვენი მენიუ ძირითადად მეგრული სამზარეულოს ტრადიციებს ემყარება, თუმცა სწრაფი კვების კონცეფციამ მოითხოვა ზოგიერთ კერძში გარკვეული ინოვაციური კორექტივების შეტანა. ასევე, მენიუში მრავალფეროვნების შეტანის მიზნით, მოვახდინეთ სხვა კუთხის გარკვეული კერძების მეგრულ გემოზე ადაპტირება. ასე შეიქმნა, მაგალითად, ლობიანი მეგრულად, რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობს. აქვე გაგანდობთ სიახლეებს, რომელსაც სულ მალე შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს. ჩვენს მენიუს ემატება: მეგრული ფრთები, კარტოფილი მეგრულად, წიცა (პიცა), ჭვიშგერი (ბურგერი), კუპ-დოგი (ჰოთ-დოგი), სულგუნის ჩხირები, ელარჯის ჩხირები”.
“ელარჯის” სამიზნე სეგმენტი გემრიელი სამზარეულოს მოყვარული და დროის დეფიციტის მქონე ადამიანები არიან.
ობიექტი ყოველდღიურად, დილის 11 საათიდან ღამის 3 საათამდე მუშაობს. შეკვეთების უდიდესი ნაწილი მიწოდების კომპანიებიდან, როგორებიცაა “ვოლტი”, “გლოვო”, “ირისი” და “მენიუ.ჯი”, მოდის. კერძები ერთჯერად, ხარისხიან ჭურჭელში თავსდება, უმეტესად ქაღალდის ან (ცხელი კერძების გატანის შემთხვევაში) ფოლგის კონტეინერებში. კომპანიაში პრაქტიკულად უარი თქვეს პლასტიკისა და ცელოფნის პარკების გამოყენებაზე. კერძები შეკვეთიდან 4-7 წუთის განმავლობაში მზადდება.
კითხვაზე, თუ რა არის მნიშვნელოვანი ამ საქმეში წარმატების მისაღწევად, “ელარჯის” წარმომადგენელი პასუხობს: “საკუთარი საქმის სიყვარული, მონდომება და დაუღალავი შრომა. მთავარია, არასდროს მოდუნდე, მუდმივად იყო სრულყოფის მცდელობაში და სიახლის ძიებაში”.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს