დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის მთავრობას ჯერ არ გაუმართავს მოლაპარაკებები იმ საკვანძო პირებთან, რომლებიც ჩართულნი არიან რომან აბრამოვიჩის მიერ საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" გაყიდვის შედეგად უკრაინისთვის დაპირებული 2.5 მილიარდი ფუნტის სტერლინგის განბლოკვის პროცესში.
აბრამოვიჩმა "ჩელსი" 2022 წელს გაყიდა, მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო სანქციები დაუწესა. მოპოვებული 2.5 მილიარდი ფუნტი ჰუმანიტარული მიზნებისთვის უნდა გამოეყენებინათ, თუმცა თანხა კვლავ გაყინულია ბრიტანულ საბანკო ანგარიშზე.
ლეიბორისტული პარტიის მინისტრებზე ზეწოლა იზრდება, რათა შეხვდნენ აბრამოვიჩის წარმომადგენლებს ან იმ ფონდის წევრებს, რომელიც თანხების მართვისთვის შეიქმნა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათი წარმომადგენლები აბრამოვიჩის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. თუმცა, რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, გასული წლის საყოველთაო არჩევნების შემდეგ არცერთი ლეიბორისტი მინისტრი ფონდის წევრებს არ შეხვედრია.
ფონდთან დაახლოებული წყაროების განცხადებით, ჩიხური სიტუაციაა და მინისტრის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო იმ შეთანხმების მოსალაპარაკებლად და ხელმოსაწერად, რომელიც ამ ჩიხიდან გამოყვანას შეძლებს. ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ მთავრობა სამი წელია აცხადებს, რომ თანხის განბლოკვისთვის ძალიან ბევრს მუშაობს, თუმცა ფონდთან შეხვედრები არ იმართება. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ლეიბორისტებმა ხელისუფლებაში მოვიდნენ, მინისტრთან შეხვედრა არ ყოფილა.
ცნობილია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ფონდის გამგეობისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლამის შორის შეხვედრის მოთხოვნა. აბრამოვიჩის წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს, თუმცა სიტუაციის მცოდნე პირებმა აღიარეს, რომ კლუბის გაყიდვის შემდეგ ხელისუფლებაში მყოფი ოთხი პრემიერ-მინისტრის პირობებში თანხების განბლოკვის კუთხით მცირე კონტაქტი ან პროგრესი შეინიშნება.
საკითხმა განსაკუთრებული აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო დახმარების ბიუჯეტის ნაწილი თავდაცვისკენ იყო მიმართული. 2024/25 წლებში დიდი ბრიტანეთი უკრაინას 282 მილიონ ფუნტს გაუგზავნის დახმარების სახით. 2.5 მილიარდი ფუნტი და ამ თანხაზე დარიცხული პროცენტი ნაწილობრივ მაინც აანაზღაურებს დახმარების ბიუჯეტიდან აღებულ თანხას, რომელიც 2023 წელს 15.3 მილიარდი ფუნტი იყო.
ორგანიზაცია "Save the Children"-ის წარმომადგენლის, ელისონ გრიფინის თქმით, ეს თანხა მტვერს იკრებს, მაშინ როცა მისი გამოყენება უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად შეიძლებოდა, რომლებსაც სრულმასშტაბიანი ომის საშინელებების ატანა უწევთ, რომელიც სამ წელზე მეტია გრძელდება.
თანხების განბლოკვის შეფერხება დიდი ბრიტანეთის მთავრობასა და აბრამოვიჩის იურისტებს შორის არსებულ უთანხმოებას უკავშირდება. აბრამოვიჩს "ჩელსის" გაყიდვის სპეციალური ლიცენზია მიეცა იმ პირობით, თუ დაამტკიცებდა, რომ გაყიდვიდან სარგებელს არ მიიღებდა. იმ დროს აბრამოვიჩმა განაცხადა, რომ გაყიდვიდან მიღებული თანხა ფონდის მეშვეობით "უკრაინაში ომის ყველა მსხვერპლს" გადაეცემოდა და მისი პოზიცია არ შეცვლილა.
აბრამოვიჩს, რუს მილიარდერს, რომელმაც ნავთობისა და გაზის სექტორში იშოვა ფული, სანქციების გამო 2.5 მილიარდ ფუნტზე ხელი არ მიუწვდება, თუმცა თანხა კანონიერად მას ეკუთვნის. მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო კავშირში ადანაშაულებენ, რასაც თავად უარყოფს.
წყაროების ინფორმაციით, აბრამოვიჩის იურისტები დაჟინებით მოითხოვენ თანხის გამოყენებას უკრაინაში ომის ყველა მსხვერპლისთვის, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფთათვისაც, თუმცა დიდი ბრიტანეთის მთავრობა ამას ეწინააღმდეგება და ამტკიცებს, რომ თანხა მხოლოდ ომით განადგურებული ქვეყნის შიგნით ჰუმანიტარული მიზნებისთვის უნდა დაიხარჯოს.
საკითხში პორტუგალიასაც აქვს თავისი სიტყვა სათქმელი, რადგან აბრამოვიჩს პორტუგალიის მოქალაქეობა აქვს და ევროკავშირმა სანქციები დაუწესა. პორტუგალიის ხელისუფლებამ ევროკავშირის სანქციებისგან გამონაკლისი დაუშვა, რათა "ჩელსიდან" მიღებული თანხა "ექსკლუზიურად უკრაინაში ჰუმანიტარული მიზნებისთვის" გამოეყენებინათ.
ევროკომისიის წარმომადგენლის, ოლოფ გილის თქმით, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი მჭიდროდ თანამშრომლობენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ გაყიდვიდან მიღებული თანხა გამოყენებული იყოს უკრაინაში ჰუმანიტარული მიზნებისთვის, საქველმოქმედო ორგანიზაციის მეშვეობით, გამონაკლისში მითითებული პირობების შესაბამისად. პირობები, რომლითაც პორტუგალიის ხელისუფლებამ გაყიდვა დაუშვა და რომელიც დიდმა ბრიტანეთმა მიიღო, უნდა იყოს დაცული და არ შეიცვალოს.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს