თუკი მარკეტინგის, რეკლამის, ბიზნესისა და თვითგანვითარების სფეროებში საინტერესო საკითხავს ეძებთ, გირჩევთ, ყურადღებით გაეცნოთ ამ სტატიას. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ლიტერატურა, რომელმაც ცნობისმოყვარეობა აღგიძრავთ და თამამად შეაბიჯეთ ახალ წელს. ჩვენ ვთხოვეთ საქართველოში მოღვაწე მარკეტერებსა და კრეატორებს, დაესახელებინათ ის წიგნები, რომელთა წაკითხვასაც 2020 წელს ურჩევენ. რეკომენდებულ ლიტერატურაში შეხვდებით როგორც ახალ გამოცემებს, ისე უკვე კარგად ნაცნობ, თუმცა კვლავ აქტუალურ და შეუცვლელ ნაშრომებს. გაეცანით რეკომენდაციებს და გაგვიზიარეთ თქვენი არჩევანი – წიგნი, რომლის გაცნობაც გსურთ ან რომლის წაკითხვასაც სხვებს ურჩევდით პროფესიული ზრდისთვის.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ რეკომენდაციებს:
ლევან ლეფსვერიძე, Leavingstone-ის თანადამფუძნებელი: „წელს აღმოჩენილი წიგნებიდან, განსაკუთრებით შთამაგონებელი აღმოჩნდა შემდეგი ნაშრომები, რომელთა გაზიარებაც მსურს:
* **Unconscious Branding by Douglas Van Praet** – ავტორი, რომელიც ასევე არის Volkswagen Darth Vader-ის (ერთ-ერთი ყველაზე ვირუსული სარეკლამო რგოლი) შემქმნელი, ნეირომეცნიერი და მარკეტინგის სპეციალისტია. წიგნში პასუხებია გაცემული ისეთ მნიშვნელოვან კითხვებზე, როგორიცაა: რაციონალური და ლოგიკური დაგეგმვა უდევს საფუძვლად წარმატებულ სარეკლამო კამპანიებს, თუ ინტუიცია? * **Why We Sleep by Matthew Walker** – ტომ იორკმა ახსენა ერთ-ერთ ინტერვიუში, რამაც ჩემი ინტერესი გამოიწვია. ამ წიგნმა სრულიად შეცვალა ჩემი წარმოდგენა ძილსა და თანამედროვე ცხოვრების წესზე. ავტორი, რომელიც ასევე ნეირომეცნიერია, ექსპერიმენტების საფუძველზე აღწერს, თუ როგორ შეიძლება კრეატიულობისა და ინტუიციის გაუმჯობესება – რა თქმა უნდა, ხარისხიანი ძილის მეშვეობით. * **Inner Engineering by Sadhguru (Jaggi Vasudev)** – ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო წიგნი საკუთარი თავის შეცნობისა და პიროვნული ზრდისთვის. ზოგადად, სადგურუს ვიდეოებსა და ონლაინ პროგრამებსაც ვუწევ დიდ რეკომენდაციას.“
ქეთი მეფარიშვილი, TWINO-ს რეგიონული მენეჯერი აზიაში: „გირჩევთ შემდეგ წიგნებს:
* **Nice Girls Don’t Get the Corner Office – Lois P. Frankel.** ამ წიგნმა ქალების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა, თუმცა ის ერთ-ერთი მოთხოვნადი ლიტერატურაა ქალბატონებისთვის, რომლებიც პროფესიულ ასპარეზზე საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ცდილობენ. ავტორი, ცივი შხაპის ეფექტით, ქალებს იმ ჩვევებსა და მახასიათებლებს უხსნის, რაც ხელს უშლის მათ პროფესიული კარიერის წარმატებით განვითარებაში. დეტალურად არის განხილული, თუ რატომ არ უნდა იყოს ქალი ყოველთვის „სასიამოვნო“ და „კეთილი“ ბიზნესში, როგორი ტონი, გამომეტყველება და ჩაცმის სტილი უნდა ჰქონდეს აღიარების მოსაპოვებლად. აღსანიშნავია, რომ ავტორი არსად ადარებს ქალებს მამაკაცებს. სწორედ ეს უკანასკნელი, თითქოს შაბლონური თვისებების ჩამონათვალი, გახდა ქალების უკმაყოფილების მიზეზი. თუმცა, ავტორის შეხედულებები და დამოკიდებულებების თავისებური ახსნა, კიდევ უფრო მიმზიდველს და დამაფიქრებელს ხდის წიგნის მთავარ იდეას. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ქალბატონი, რომელიც ამ წიგნს წაიკითხავს, ამოიცნობს საკუთარ თავს და გააცნობიერებს, თუ რომელმა თვისებებმა შეუწყო ხელი წარმატებას ან გამოიწვია წარუმატებლობა ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე. * **48 Days to the Work You Love – Dan Miller.** საშუალოდ, ცხოვრების პირველი 20 წელი ეთმობა შესაფერისი სამსახურის ძიებას, ხოლო მომდევნო 40 წელი – იმის გარკვევას, თუ როგორ გავუმკლავდეთ ამ საქმეს, შევინარჩუნოთ ბალანსი, ვიფიქროთ პოზიტიურად და შევეგუოთ არჩეულ გზას. ეს წიგნი გთავაზობთ რჩევებსა და მეთოდებს, რომლებიც 48 დღეში დაგეხმარებათ საოცნებო სამსახურის პოვნაში ან საქმის წამოწყებაში. შედეგად, აღარ მოგიწევთ საქმის კეთება იძულებით, არამედ შეძლებთ სიამოვნების მიღებას საკუთარი გადაწყვეტილებებით. * **Start Something That Matters – Blake Mycoskie.** რამდენჯერ გიფიქრიათ ნაცნობზე: „საიდან ამდენი ფული, ბიზნესში ხომ არაფერი გაეგება?“ ან: „მე ამას ვერ გავაკეთებ, არასდროს მქონია შეხება მსგავს საკითხთან“. თუ ეს ფრაზები თქვენთვის ნაცნობია, მაშინ აუცილებლად გადაშალეთ ეს წიგნი და ჩაეფლეთ ბიზნეს სტარტაპების სამყაროში. კითხვის პროცესში არა მხოლოდ გენიალური იდეები გაგიჩნდებათ, არამედ უკეთ გაიცნობთ საკუთარ შესაძლებლობებს და მიხვდებით, თუ რა მიმართულებით უნდა განავითაროთ თქვენი ნიჭი.“
ტას ნიკოლაუ, მარკეტინგის კონსულტანტი: „ეს სამი წიგნი ერთად, ღირებულ და საჭირო ცოდნას მისცემს როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ მარკეტერებს, რომელთაც ახალი ბიზნესის ან პროდუქტის წამოწყება სურთ:
* **Guerrilla Marketing by Jay Conrad Levinson** (პირველი გამოცემა 1983 წელს). რა არის პარტიზანული მარკეტინგი? ეს არის მარკეტინგული სტრატეგია ან ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება მოულოდნელი და არატრადიციული ინტერაქციისთვის, ხმაურის შესაქმნელად, ვირუსული გავრცელებისთვის და, საბოლოო ჯამში, გაყიდვების გასაზრდელად. წიგნი განიხილავს ამ საკითხს და გთავაზობს იდეებს სტრატეგიის შემუშავებისთვის. გირჩევთ, წაიკითხოთ ბოლო გამოცემა, სადაც უახლესი მაგალითებია მოყვანილი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს წიგნი საწყისი წერტილია. როგორც კი მკითხველი პარტიზანული მარკეტინგის არსს ჩაწვდება, მან შთაგონება სხვა წყაროებში უნდა ეძებოს და სექტორის, ინდუსტრიის თუ ბაზრის განვითარებისთვის საკუთარი იდეები წარმოადგინოს. * **The Hidden Persuaders by Vance Packard** – (პირველი გამოცემა 1957 წელს). მასობრივი მარკეტინგი მასობრივი წარმოების ეპოქიდან იღებს სათავეს. ეს იყო პირველი წიგნი, რომელშიც განხილული იყო, თუ როგორ ზემოქმედებს მასობრივი მარკეტინგი საზოგადოებაზე პროდუქციის გაყიდვის მიზნით. მკითხველი ამ წიგნიდან მიიღებს საბაზისო ცოდნას ბაზრის კვლევის შესახებ და ისწავლის იმ ხერხებს, რომლებიც კარგად მუშაობს იმ მყიდველებზე, რომელთაც ჯერ არ იციან, რომ მყიდველები არიან. * **Marketing Myopia by Theodore Levitt** – (პირველი გამოცემა 1975 წელს). ჩემი აზრით, ეს ყველა დროის საუკეთესო წიგნია მარკეტინგზე და #1 საკითხავია ყველა მარკეტერისთვის. თუ ეს წიგნი წაკითხული და გააზრებული არ გაქვთ, საკუთარ თავს მარკეტერს ვერ უწოდებთ. რას საქმიანობს თქვენი კომპანია? ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კითხვაა, რომელიც ანტრეპრენერებმა, კომპანიებმა და ბრენდებმა საკუთარ თავს უნდა დაუსვან. ამ კითხვაზე პასუხის არქონა მიუთითებს იმაზე, თუ რატომ იხურება ხშირად კომპანიები. ავტორი ამ წიგნში მოჰყავს იმ კომპანიების მაგალითები, რომლებიც მოძველდნენ იმის გამო, რომ ვერ გააცნობიერეს, თუ რა ბიზნესით იყვნენ დაკავებულნი და რა სურდათ მათ მომხმარებლებს. ავტორი განმარტავს ოთხ გავრცელებულ მითს, რითაც კომპანიები საკუთარ თავს საფრთხეს უქმნიან, და სანაცვლოდ გვთავაზობს მეთოდებს, რომლებიც ბიზნეს ლიდერებს მომხმარებლების საჭიროებების უკეთ დანახვაში დაეხმარება.“
ფოლკერ ვრაგე, Leavingstone-ის დირექტორი: „გირჩევთ შემდეგ წიგნებს:
* **Robert I. Sutton – Good Boss, Bad Boss.** რობერტ სატონის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი მისი პირველივე წიგნის – „უარი არამზადების წესებზე“ – გამოქვეყნების შემდეგ გავხდი. ეს შესანიშნავი წიგნია ყველასთვის, ვისაც ორგანიზაციაში მმართველობითი როლი აკისრია. ის არა მხოლოდ საინტერესო საკითხავია, არამედ შეიცავს უამრავ პრაქტიკულ რჩევას, ჩეკ-ლისტს, მცირე დავალებასა და სხვა სასარგებლო ინსტრუმენტებს, რომლებიც ყოველდღიურ რუტინაში ჩაფლულ ბოსებს უკეთეს ლიდერებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. * **Howard Luck Gossage, Jeff Goodby – The Book Of Gossage.** გოსაჟი ისეთი ავტორია, რომლის ნაშრომიც ჩვენს ინდუსტრიაში ყველამ უნდა წაიკითხოს. ასევე გასათვალისწინებელია მიზეზი, რის გამოც ჯეფ გუდბის ხედვის მქონე ლიდერად მიიჩნევენ. ეს არის ფუნდამენტური წიგნი რეკლამაზე, რომელიც ამასთანავე გასართობია და მოიცავს გოსაჟის წიგნს – „არის იმედი რეკლამისთვის?“. * **Joseph Murphy – The Power Of Your Subconscious Mind.** ამ წიგნის კითხვა ახლახან დავიწყე, თუმცა უკვე საკმაოდ დამეხმარა. ეს წიგნი არ არის რეკლამაზე, არამედ ჩვენს ცნობიერსა და არაცნობიერზე, და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია დავაპროგრამოთ ისინი ცხოვრებისეული მიზნების მისაღწევად, როგორ მივაღწიოთ უფრო ბედნიერ და სრულყოფილ ცხოვრებას, და როგორ გვქონდეს ჯანსაღი გონება, სხეული და სული.“
ვატო ქავთარაძე, WINDFOR’S-ის თანადამფუძნებელი: „გულწრფელად ვურჩევდი ყველას იუვალ ნოა ჰარარის ტრილოგიას. ეს არის ერთი ავტორის მიერ დაწერილი სამი წიგნი, რომელიც, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად აფართოებს თვალსაწიერს, მათ შორის პროფესიულსაც. ის უშუალოდ მარკეტინგსა და რეკლამაზე არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ მასში განხილული საკითხების ცოდნა უაღრესად მნიშვნელოვანია რეკლამისა და მარკეტინგის სპეციალისტებისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანისთვის.
* **Yuval Noah Harari (იუვალ ნოა ჰარარი). წიგნები: Sapiens (საპიენსი), Homo Deus (ჰომო დეუსი), 21 Lessons For 21 Century (21 გაკვეთილი 21-ე საუკუნისთვის).**“
მიშო წიკლაური, Redberry-ის კრეატივ დირექტორი: „შესაძლოა, ზედაპირული წიგნები შევარჩიე, მაგრამ სწორედ ისინი მიყვარს ყველაზე მეტად და პირველ რიგში სწორედ ისინი გამახსენდა. ვფიქრობ, განსაკუთრებით სასარგებლო იქნება სარეკლამო ინდუსტრიის თანამშრომლებისთვის, თუმცა ყველასთვის საკმაოდ საინტერესო საკითხავია:
* **A Whack On the Side of the Head – Roger von Oech.** 2020 წლისთვის შეიძლება მოძველდა, მაგრამ მისი გადაკითხვა ყოველთვის ისეთივე სახალისოა, როგორც პირველად წაკითხვა. ეს არის წიგნი კრეატიული აზროვნების პროცესზე, არსებულ ბარიერებსა და მათი გადალახვის მეთოდებზე. ავტორი ამ ყველაფერს ისე გიყვებათ, რომ მთელი პროცესი თამაშს უფრო ჰგავს, ვიდრე წიგნის კითხვას. თამაშის დასრულების შემდეგ, ხვდებით, რომ ეგრეთ წოდებული „კრეატიულობა“ ყველასთვის ხელმისაწვდომია და, ამავდროულად, ყველას სჭირდება. და თუ ოდესმე ამ იდუმალი საქმიანობის მოტივაცია გაგიქრებათ, უბრალოდ გადაშალეთ ნებისმიერ გვერდზე, თვალი გადაავლეთ და ყველაფერი რიგზე იქნება. * **One Plus One Equals Three: A Masterclass in Creative Thinking – Dave Trott.** სათაური ცოტა ბანალური და ამავდროულად დამაინტრიგებელია, მაგრამ, როგორც დეივ ტროტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განმარტა, ადამიანის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ ერთ რამეს იღებს, მეორეს ამატებს და მესამეს იღებს. სწორედ ამ პროცესზე დაწერა წიგნი. მცირე, იუმორით გაჯერებული მოთხრობების მეშვეობით, ავტორი მარტივად ხსნის კრეატიულობის მნიშვნელობას ნებისმიერ პროცესში და, რაც მთავარია, ამ თვისების განვითარების მეთოდებს. * **The Accidental Creative: How to Be Brilliant at a Moment’s Notice – Todd Henry.** ხანდახან კრეატიულობა ქრება და რაღაც ისე არ გამოდის, როგორც მიჩვეულები ვართ. ტოდ ჰენრის თქმით, სწორედ ამ დროს ვიწყებთ ფიქრს იმაზე, თუ საერთოდ როგორ მუშაობს ეს უნარი თუ თვისება. მრავალი კვლევა-ძიების შედეგად, მან დაწერა წიგნი ამ საკითხზე, უფრო კონკრეტულად კი იმაზე, თუ როგორ ვიპოვოთ საკუთარი კრეატიულობის პატერნები და ამის წყალობით გავზარდოთ ჩვენი ეფექტურობა.“
ელენე ჯღარკავა, კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი: „ხელოვნური ინტელექტი, სთორითელინგი და სოციალური მედია კვლავ აქტუალური საკითხებია მარკეტერებისთვის, ისევე როგორც წარმატებული CEO-ების გამოცდილების გაზიარება. შესაბამისად, გიზიარებთ რამდენიმე წიგნს:
* **The End of Marketing: Humanizing Your Brand in the Age of Social Media and AI – Carlos Gil.** ეს წიგნი სასარგებლოა ბრენდის სპეციალისტებისთვის, სააგენტოებისთვის და მარკეტერებისთვის, რომ გაიგონ, თუ რატომ ამოწურა ტრადიციულმა მარკეტინგმა რესურსი და როგორ უნდა იმოქმედონ სოციალური მედიის ეპოქაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კონტენტ მარკეტინგის მნიშვნელობას და ბრენდსა და მომხმარებელს შორის ადამიანურ ურთიერთობას. * **„This is Marketing: You Can’t Be Seen Until You Learn To See“ (Seth Godin).** სეთ გოდინის შემოქმედების მოყვარულებს, რომელთაც ჯერ არ წაგიკითხავთ ეს წიგნი, საინტერესო საკითხავი გელით. ავტორის სტილი ამ წიგნში უცვლელია და საინტერესოა როგორც სტარტაპერებისთვის, მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის, ისე მსხვილი კორპორაციებისთვის. მთავარი, რასაც გოდინი ამ წიგნში გვასწავლის, არის ის, თუ როგორ მოვიპოვოთ ნდობა და ნებართვა ჩვენს სამიზნე ჯგუფებში, რატომ აღარ მუშაობს რეკლამისა და ბრენდინგის ძველი მიდგომები და რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი პოზიციონირება. * **The Ride of a Lifetime: Lessons Learned from 15 Years as CEO of the Walt Disney Company (Robert Iger).** ბობ აიგერის გამოცდილების გაზიარებით, მკითხველი გაიგებს ნამდვილი ლიდერობის მნიშვნელოვან პრინციპებს, მათ შორის ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ოპტიმიზმი, გამბედაობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი და სამართლიანობა. ბობი ამბობს, რომ თუ გვსურს ვიყოთ უფრო თავდაჯერებულები ბიზნესში და პირად ცხოვრებაში, ეს წიგნი სწორედ ჩვენთვისაა. * **AI Superpowers: China, Silicon Valley, and the New World Order (აუდიო წიგნი).** თუ ჯერ არ არის გვიანი, ახლა მაინც უნდა დავიწყოთ ფიქრი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაზე და მის მოსალოდნელ შედეგებზე.“
ოთარ ქირია, McCann Tbilisi-ის სტრატეგიული დაგეგმვის დირექტორი: „გირჩევთ შემდეგ წიგნებს:
* **HBR’s 10 Must Reads 2020: The Definitive Management Ideas of the Year from Harvard Business Review.** HBR-ის საუკეთესო სტატიების კრებული ტრადიციულად პოპულარულია, თუმცა უახლესი გამოცემა, მეტსახელად „2020“, მართლაც შესანიშნავი კრებულია რამდენიმე მიზეზის გამო. აქ საუბარია სტრატეგიაში კრეატივის ზრდის გარდაუვალობაზე. ამ კრებულის კიდევ ერთი უპირატესობაა ინდუსტრიებისა და დიქოტომიების ფართო დიაპაზონი. მაგალითად, სტერეოტიპები ქალისა და მამაკაცის შესახებ მენეჯმენტში, დროის მართვის თეორიების მუდმივი განახლების აუცილებლობა, ტრანსპარენტულობის მნიშვნელობა, როგორც კონკურენტული უპირატესობა და სხვა. კრებულის გამაერთიანებელი კონცეფცია კი – „გადაწყვეტილების მიღებაა“. აქ იპოვით იდეებს, რომლებიც ეფექტური და დროული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. * **Paris Through a Fashion Eye, by Megan Hess.** ეს არის ე.წ. „ლაითი წიგნი“, სადაც დიდი დატვირთვა ილუსტრაციებზე მოდის, თუმცა არა მხოლოდ თვალის გასახარად. ყველა ფოტოსა და ესკიზს ახლავს ანოტაცია და, რაც მთავარია, განმარტება – „რატომ“. ამ გზით ვაცნობიერებთ მერჩენდაიზინგის როლს კომუნიკაციის პროცესში და, შესაბამისად, მარკეტინგში. ამას ემატება ისიც, რომ ხშირად მოდის ინდუსტრიის გიგანტი ბრენდები სწორედ ქუჩასთან კომუნიკაციას მიიჩნევენ მთავარ მამოძრავებელ ძალად. უფრო მეტიც, ქუჩები და ქალაქები ერგება ამ ბრენდების ფილოსოფიებს, რაც უშუალო კავშირშია ქალაქებისა და ტურისტული ზონების ბრენდირების დისციპლინასთან. ხშირად ადამიანები რომელიმე დიდი ქალაქის მოდის ქუჩას „ლამაზსა“ და „სვეცკის“ უწოდებენ და ამით შემოიფარგლებიან. არადა, ამ სილამაზის უკან დიდი მათემატიკა, სტატისტიკა, მეცნიერები და ტიტანური შრომა იმალება. „Paris Through a Fashion Eye“ მკითხველს დააფიქრებს იმაზე, თუ რამდენად ჰარმონიულად ჯდება Dior-ისა თუ Chanel-ის სახლების ფასადი პარიზის კონკრეტული ქუჩის კონტექსტში და პირიქით. ეს კონკრეტული წიგნი სერიის ნაწილია. უკვე არსებობს მსგავსი სტრუქტურის გამოცემა ნიუ-იორკზეც და ავტორი სხვა ქალაქების მიხედვითაც გეგმავს High Street-ისა და Retail Street-ის კონცეფციებში ჩაღრმავებას. * **Customer Service Training 101.** ამ სახელმძღვანელოს გაცნობა სასარგებლო კი არა, სავალდებულოა ყველასთვის, ვისაც მომსახურებასთან თუნდაც ირიბი შეხება აქვს. ყველა ბრენდი მუდმივად ცდილობს მომხმარებელთან ურთიერთობის დახვეწას, თუმცა ჩნდება კითხვა – როდესაც მომხმარებელი შეისწავლის (დაამუღამებს) თქვენს ტაქტიკას, იტყვის თუ არა ის, რომ თქვენ „არ იცით“ ან „მოძველებული“ ხართ? ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. ერთი შეხედვით ძალიან მარტივი საკითხია, მაგრამ ფაქტია, ბევრს არასდროს დაუსვამს ეს კითხვა. „Customer Service Training 101“-ის გამოყენებისთვის კონკრეტული რჩევაც მაქვს: ა) კარგად გაეცანით ტრენინგ პროგრამის ყველა ინსტრუმენტს, ბ) თითოეული კომპონენტი სიმულაციურად დატესტეთ (პირისპირ, ტელეფონით, ონლაინ და ა.შ.), გ) მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ თანამშრომლების ტრენინგი, დ) მიეცით თანამშრომლებს შესაძლებლობა, რომ თავადაც იგრძნონ ინსტრუმენტების ძალა. ვფიქრობ, ეს წიგნი მომხმარებელთან ინტერაქციის ყველაზე პრაქტიკული საშუალებაა ამ ეტაპზე.“
ნიკოლოზ არჩვაძე, მარკეტერი: „გირჩევთ შემდეგ წიგნებს:
* **The Way Of The Superior Man.** სათაურის მიუხედავად, წიგნი თანაბრად საინტერესოა როგორც მამაკაცი, ისე ქალი მკითხველისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ჰყავს მეუღლე/შეყვარებული ან იმედოვნებს, რომ ეყოლება. წიგნში კარგად არის ახსნილი მამაკაცის ბუნება, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე განხილულია საზოგადოების ჭრილში, თუ რა გავლენა აქვს საზოგადოებაში გავრცელებულ შეხედულებებს (კლიშეებს) მამაკაცებზე. წიგნი დაეხმარება მამაკაცებს უკეთ გაიცნონ საკუთარი ბუნება, ხოლო წყვილებს – გადააფასონ და სხვა კუთხით შეხედონ ურთიერთობების ასპექტებს. * **Inner Engineering – “A Yogi’s Guide To Joy” by Sadhguru.** თანამედროვეობის ყველაზე პოპულარული ინდოელი გურუსა და იოგის, სადგურუს წიგნი, დაყოფილია ორ ნაწილად. პირველ ნაწილში სადგურუ ავტობიოგრაფიული სტილით გვიყვება საკუთარი ცხოვრების შესახებ და გადმოგვცემს, თუ რა გადახდა და რამ მიიყვანა იქამდე, რომ სხვა კუთხით შეეხედა სამყაროსთვის და გამოეტანა დასკვნები. მეორე ნაწილი უკეთ გვაცნობს საკუთარ თავს, სამყაროს და ჩვენს ადგილს სამყაროში. განხილულია ადამიანის სხეული, გონება და ენერგია. წიგნის მთავარი გზავნილი ბედნიერების ძიებას ეხება – ის უნდა ვეძებოთ ჩვენს შიგნით და არა გარეგან სამყაროში. * **You Are A Badass.** წარმატებული მწერლის, სპიკერის და პერსონალური ქოუჩის, ჯენ სინსეროს წიგნი, ეხება საკუთარი თავის მართვას, აზრების, ენერგიის კონტროლს, ცხოვრებაში ჰარმონიის, ბედნიერებისა და პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას. ის ასევე დაგეხმარებათ თავიდან მოიშოროთ ის მცდარი შეხედულებები, რომლებიც წარმატების გზაზე გვაფერხებს, შეცვალოთ ის, რაც არ მოგწონთ საკუთარ თავში და შეიყვაროთ ის, რისი შეცვლაც შეუძლებელია. რაც მთავარია, წიგნი გაჯერებულია ავტორის ცხოვრებისეული ისტორიებით და გადმოცემულია იუმორით. ის იკითხება ხალისით და მკითხველი ბევრ მომენტში ამოიცნობს საკუთარ თავს. * **Subtle Art Of Not Giving A Fuck.** მილენიალი ბლოგერის, მარკ მენსონის გენიალური წიგნი, თვალს უხელს და დააფიქრებს მილენიალებს (და, განსაკუთრებით, ქართული საზოგადოების ახალგაზრდობას) იმაზე, თუ რატომ ვთვლით თითოეული საკუთარ თავს „განსაკუთრებულად“, ხოლო საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ მუდმივად უკმაყოფილო, მოუთმენლები და წარუმატებლები ვართ. რატომ გვგონია, რომ თუ რაიმეს მივაღწიეთ, ეს თავისთავად მოგვეკუთვნოდა, ხოლო თუ ვერ მივაღწიეთ – ეს „სხვისი ბრალი“ იყო. ავტორი ამბობს, რომ ბედნიერება არ არის პრობლემების არიდება, არამედ პრობლემების გადაჭრის პროცესია. წიგნი Amazon-ის self-help კატეგორიაში #13 ადგილს იკავებს.“
ეკატერინე ჩუბინიძე, Leavingstone-ის კლიენტებთან ურთიერთობის დირექტორი: „გირჩევთ შემდეგ წიგნებს:
* **Power of now – Eckhart Tolle.** ამ წიგნის ავტორი მსოფლიოში ცნობილი „სულიერი მასწავლებელი“, ეკჰარტ ტოლეა. მთელი წიგნი არის მოგზაურობა საკუთარ თავში ჰარმონიის წერტილის საპოვნელად. ყველაფერი კი იმის გაანალიზებით და შეგრძნებით იწყება, რომ ერთადერთი, რაც თითოეულ ჩვენგანს გააჩნია – მოცემული მომენტია. წიგნი სავსეა პრაქტიკული სავარჯიშოებითა და მაგალითებით, თუ როგორ დავიკავოთ დამკვირვებლის პოზიცია საკუთარ თავთან მიმართებაში, გავაცნობიეროთ ჩვენი ემოციები და ქმედებები, მათი მიზეზები და შედეგები. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ გავიცნოთ და მივიღოთ საკუთარი თავი. აქვე გირჩევთ, წიგნის ღირებულება გაათმაგდება, თუ მის აუდიო ვერსიას მოისმენთ ავტორის ხმით. * **Mindset: The new psychology of success – Carol S. Dweck.** სიტყვა „მაინდსეტი“ უკვე ძალიან აქტიურად გამოიყენება ყოველდღიურ ლექსიკონში. რა არის მაინდსეტი და როგორ შეუძლია ჩვენი შესაძლებლობებისა და უნარების აღქმას წარმატების გარანტია გახადოს? სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, კეროლ დვეკი, ჭიქას, რომელიც ნახევრად ცარიელია, აუცილებლად ნახევრად სავსედ დაგანახებთ. წიგნში უამრავ რეალურ ქეისს იხილავთ, მათ შორის თქვენი ბავშვობიდანაც კი, რომელიც ამტკიცებს ავტორის თეორიას იმის შესახებ, რომ ნებისმიერი უნარი განვითარებადია. მთავარია, თუ რისკენ მივმართავთ ჩვენს მაინდსეტს – ზრდისკენ თუ მოცემულობასთან შეგუებისკენ. ამ წიგნის შეფასებების ძიებისას ასეთ კომენტარს წავაწყდი: „კარგი წიგნია ის, რომლის რჩევებსაც ენდობი. შესანიშნავი წიგნია ის, რომლის რჩევებსაც მიჰყვები. ეს არის წიგნი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს თქვენი ცხოვრება, ისევე როგორც მისმა იდეებმა შეცვალა ჩემი.“ * **Value s-driven organization – Richard Barrett.** თუ პირველი ორი წიგნი საკუთარი თავის შეცნობის ინსტრუმენტებით მოგამარაგებთ, ეს წიგნი ფიქრის არეალს უფრო ფართო მასშტაბზე გადაგიყვანთ – რა არის ორგანიზაციის ცნობიერება, ცნობიერების დონის მიხედვით რა საჭიროებები აქვთ ორგანიზაციის თანამშრომლებს და რა პატერნები ახასიათებთ მაღალი ეფექტურობის მქონე ორგანიზაციებს. წიგნის ავტორი Barrett Values Center-ის დამფუძნებელია, კომპანია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ორგანიზაციების ტრანსფორმაციებზე მუშაობს. წიგნში მოცემული ტექნიკები და მიდგომები განსაკუთრებით საინტერესო ხდება, როდესაც საკუთარი ორგანიზაციის შეფასებას ამ ჭრილში იწყებთ. დარწმუნებული ვარ, ამ წიგნის ფურცლებზე ბევრ მიმდინარე გამოწვევას და, შესაძლოა, გადაჭრის გზებსაც კი იპოვით.“
გიორგი (ბიო) კარანაძე, “რედბერის” სტრატეგი: „გირჩევთ შემდეგ წიგნებს:
* **Creative Blindness (And How To Cure It) – Dave Trott.** ეს წიგნი იმ იშვიათ ნამუშევრებს მიეკუთვნება, რომლებიც კრეატიულობას ცხოვრების ყველა საფეხურზე აღმოგაჩენინებთ. დეივ ტროტი ამ წიგნში აგრძელებს თავის წერის სტილსა და ტრადიციას. ის მკითხველს ბრიტანული ფეხბურთიდან ამერიკის ისტორიამდე ამოგზაურებთ. ყურადღებას ამახვილებს ისეთ მოვლენებზე, რომლებიც, ვფიქრობ, კრეატიულ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებისთვის შთაგონების წყარო უნდა გახდეს. * **The News: A User’s Manual – Alain de Botton.** შესაძლოა, ავტორის სახელი ყველასთვის ცნობილი არ არის, თუმცა ის პოპულარულია სხვა წამოწყებითაც. ‘School of Life’ YouTube-ზე ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი არხია. მისი წიგნი კი ახალი ამბებისა და მაყურებლების, მსმენელების, მომხმარებლების შესახებ მოგვითხრობს. როგორია ცხოვრება ინფორმაციის ოკეანეში, სადაც ახალი ინფორმაცია განსაზღვრავს, თუ როგორი დღე გექნებათ, როგორ იმუშავებთ, როგორ იცხოვრებთ... ეს წიგნი კომუნიკაციის სპეციალისტებისთვის ერთ-ერთი საინტერესო საკითხავი იქნება, რადგან ავტორი კონკრეტული მაგალითებით თანამედროვე საინფორმაციო სივრცეს საჭირო დიაგნოზს უსვამს. * **The Information: A History, a Theory, a Flood – James Gleick.** ეს საუკეთესო წიგნია იმისთვის, რომ ინფორმაცია კომპლექსურ სისტემად გავიგოთ. წიგნი ქეისებზეა აგებული, რომლებიც მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილებს, ისე მის პრაქტიკაში გამოყენებებსაც. შესაძლოა, იფიქროთ, რომ სახელმძღვანელო ამ სიაში შემთხვევით მოხვდა, თუმცა, თუ კარგად დავფიქრდებით, დავინახავთ, რომ ის არც ერთ ქართულ უნივერსიტეტში პროგრამაშიც კი არ არის შეტანილი. შესაბამისად, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ნაშრომი მოგვითხრობს ინფორმაციის განვითარების იმ ეტაპებზე, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა. ეს, ფაქტობრივად, ისტორიული ექსკურსიაა, რომელიც არა მხოლოდ თეორეტიკოსებისთვის არის განკუთვნილი, არამედ 2020 წელს მოღვაწე პრაქტიკოსებისთვისაც.“
[გაგრძელება იქნება]
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს