კოლორადოს აეროპორტში, ამერიკული ავიახაზების თვითმფრინავის ბორტზე ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მგზავრების ევაკუაცია ასაფრენ ბილიკზე განხორციელდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ არიან მგზავრები თვითმფრინავის ფრთაზე შეკრებილები, ზოგს ხელში ბარგი უჭირავს, ხოლო თვითმფრინავის ქვედა ნაწილში ალი მძვინვარებს. აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) ინფორმაციით, მგზავრებმა აეროპორტის ტერიტორიაზე უსაფრთხოდ დასაშვებად გასაბერი ტრაპები გამოიყენეს. უწყება აცხადებს, რომ ინციდენტის გამომწვევ მიზეზებს გამოიძიებს.
თვითმფრინავი კოლორადო სპრინგსიდან აფრინდა და ტეხასის შტატში, დალას ფორტ-უორტის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მიემართებოდა. FAA-ს განცხადებით, ეკიპაჟმა ძრავის ვიბრაციის შესახებ შეატყობინა, რის შემდეგაც თვითმფრინავი დენვერში გადამისამართდა. დაშვების შემდეგ, თვითმფრინავს ცეცხლი აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე მოძრაობისას გაუჩნდა.
American Airlines-ის განცხადებით, ბორტზე 172 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. კომპანიის ინფორმაციით, ყველა მათგანი უსაფრთხოდ იქნა ევაკუირებული. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი Boeing 737-800-ის მოდელი იყო და მას ძრავთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს