ვაშინგტონი კვლავ განიხილავს ტრამპის ადმინისტრაციის უსაფრთხოების სერიოზულ დარღვევას. ამერიკულმა ჟურნალმა "The Atlantic"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი ჯეფრი გოლდბერგი დაემატა Signal-ის მესენჯერში შექმნილ ჯგუფს, რომელშიც, სავარაუდოდ, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი და ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩეველი მაიკ უოლცი შედიოდნენ.
ჯგუფში განხილვის მთავარი თემა იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების დაჯგუფებაზე თავდასხმა იყო. გოლდბერგის თქმით, მას თავდასხმამდე ორი საათით ადრე ჰქონდა წვდომა გასაიდუმლოებულ სამხედრო გეგმებზე, მათ შორის იარაღის პაკეტებზე, სამიზნეებსა და დროზე.
გოლდბერგის ინფორმაციით, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეცდომას უშვებს. ვიცე-პრეზიდენტის აზრით, ჰუსიტების ძალებზე თავდასხმა, რომლებიც სუეცის არხში გემებს ესხმიან თავს, უფრო ევროპის ინტერესებს ემსახურება, ვიდრე ამერიკისას, რადგან ევროპის ვაჭრობა უფრო მეტად გადის ამ არხზე. ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ მისი აზრით, პრეზიდენტმა შესაძლოა არ იცოდეს, თუ როგორ შეიძლება ამერიკის ქმედებებმა ევროპას დაეხმაროს. მან გამოთქვა შიში, რომ ნავთობის ფასები შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.
გოლდბერგის ცნობით, ვენსი მხარს დაუჭერდა კონსენსუსს, მაგრამ ამჯობინებდა თავდასხმის ერთი თვით გადადებას. მოგვიანებით, ვენსის პრესსპიკერმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ ტრამპსა და ვენსს ამ საკითხზე შემდგომი საუბრები ჰქონდათ და ისინი სრულ თანხმობაში არიან.
ცნობილია, რომ ტრამპი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხშირად აკრიტიკებდა ნატოს ევროპელ მოკავშირეებს, მოუწოდებდა მათ თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ და ამტკიცებდა, რომ ევროპამ თავად უნდა იზრუნოს საკუთარი ინტერესების დაცვაზე.
ვენსის არგუმენტებმა, თუ რატომ უნდა განახორციელოს ამერიკამ სამხედრო დარტყმა ჰუსიტებზე, ვერ შეცვალა მისი პოზიცია. მან თავდაცვის მდივანს მიმართა: "თუ ფიქრობთ, რომ ეს უნდა გავაკეთოთ, მაშინ წავიდეთ. უბრალოდ, არ მინდა ევროპას კიდევ ერთხელ დავეხმაროთ". ჰეგსეტმა მას დაეთანხმა და ევროპელების პარაზიტობას "სავალალო" უწოდა.
ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც მხოლოდ "SM"-ით არის იდენტიფიცირებული, განაცხადა, რომ თავდასხმის შემდეგ ამერიკამ მკაფიოდ უნდა განუმარტოს ეგვიპტესა და ევროპას, რას ელის სანაცვლოდ. მისი თქმით, თუ ევროპა არ გადაიხდის, მაშინ რა მოხდება? თუ ამერიკა დიდი დანახარჯებით წარმატებით აღადგენს ნავიგაციის თავისუფლებას, სანაცვლოდ გარკვეული ეკონომიკური სარგებელი უნდა მიიღოს.
გოლდბერგის ცნობით, აშშ-ის ეროვნული უშიშროების ხელმძღვანელმა თავდასხმის შემდეგ სამი ემოჯი გამოაქვეყნა: "მუშტი, ამერიკის დროშა და ცეცხლი". ახლო აღმოსავლეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ ვიტკოფმა ხუთი ემოჯი გამოაქვეყნა: "ორი ხელის ლოცვა, დაკუნთული ბიცეფსი და ორი ამერიკის დროშა". სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსმა სიუზი უაილსმა მხარდაჭერის გზავნილები გაავრცელეს. ვენსმა განაცხადა, რომ გამარჯვებისთვის ილოცებდა. გოლდბერგის თქმით, ორმა სხვა წევრმა ასევე დაამატა ლოცვის ემოჯი.
ვენსის შეშფოთებასთან დაკავშირებით, რომ ეს ქმედება შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს ტრამპის გზავნილს ევროპის შესახებ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა დაწერა: "ვიცე-პრეზიდენტო, მესმის თქვენი შეშფოთება და სრულად გიჭერთ მხარს პრეზიდენტთან ამ საკითხის წამოწევაში. მნიშვნელოვანი მოსაზრებებია, რომელთა უმეტესობის შედეგების პროგნოზირება რთულია (ეკონომიკა, უკრაინის მშვიდობა, ღაზა და ა.შ.). ვფიქრობ, გზავნილის გადმოცემა რთული იქნება, არ აქვს მნიშვნელობა რას ვიტყვით, რადგან არავინ იცის ვინ არიან ჰუსიტები, ამიტომ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ბაიდენმა ვერ შეძლო და ირანმა დააფინანსა ისინი".
ტრამპის ადმინისტრაცია მუდმივად ადანაშაულებდა ჯო ბაიდენს ირანის მიმართ ზედმეტად ლმობიერ დამოკიდებულებაში.
გოლდბერგის თქმით, 11 მარტს მან მიიღო მოულოდნელი მოწვევა Signal-ის მესენჯერში ანგარიშიდან, სახელად მაიკლ უოლცი, ხოლო ორი დღის შემდეგ ის დაემატა იემენის შესახებ ჯგუფურ ჩეთს. პრეზიდენტი ამ ჯგუფში არ იყო, მაგრამ ტრამპის უახლოესი თანამშრომლები იყვნენ. გოლდბერგს თავიდან ეგონა, რომ ეს ხუმრობა იყო, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ეს რეალობა იყო. ეს საკითხი ზეწოლას ახდენს ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩეველზე.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს