„პროკრედიტ ბანკი“ საკუთარი ეკო-შენობებითა და მწვანე დაფინანსების პროგრამებით მდგრადი განვითარების მიზნებისკენ აქტიურ ნაბიჯებს დგამს. მწვანე შენობები ინვესტორებისთვის მიმზიდველი სექტორია. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მონაცემებით, განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის ამ სექტორში მხოლოდ 2030 წლისთვის 24.7 ტრილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის მობილიზებაა შესაძლებელი.
მიუხედავად ამისა, დაინტერესებული მხარეებისთვის ბაზარზე შესასვლელად მნიშვნელოვანი ბარიერები კვლავ არსებობს, კერძოდ, როგორ უნდა შეფასდეს შენობის გარემოზე ზემოქმედება რაოდენობრივად, ან როგორ მოხდეს მისი მწვანე შენობად კლასიფიცირება. ასეთი გამოწვევა იდგა „პროკრედიტ ბანკის“ წინაშეც, რომელიც საერთაშორისო „პროკრედიტ ჯგუფის“ წევრია და წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფი დაფუძნებულია გერმანული „პროკრედიტ ჰოლდინგის“ მიერ.
„პროკრედიტი“ წლების განმავლობაში დაინტერესებული იყო და ახორციელებდა მწვანე შენობების დაფინანსებას. ბანკმა თითოეულ ქვეყანაში შეფასების ინდივიდუალური მიდგომა შეიმუშავა, რა დროსაც მნიშვნელოვანი სირთულეები გამოიკვეთა, რადგან ინფორმაციის მოპოვება საკმაოდ რთული აღმოჩნდა.
თბილისში მდებარე „პროკრედიტ ბანკი საქართველოს“ სათავო ოფისმა EDGE სერტიფიკატი 2020 წლის დეკემბერში მოიპოვა. „პროკრედიტის“ ძირითადი მიზნობრივი აუდიტორია მცირე და საშუალო ბიზნესია. ბანკის მიზანია, კლიენტებს რესურსეფექტიანი და ეკოლოგიურად სუფთა ინვესტიციების განხორციელების საშუალება მისცეს.
მწვანე დაფინანსება ბანკის გარემოსდაცვითი მართვის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს სისტემა მოიცავს შიდა გარემოსდაცვითი მენეჯმენტის ნაწილს, ეკო სესხებისთვის სტანდარტების შემუშავებასა და ენერგოეფექტიანი პროექტების დაფინანსების მიმართულებას.
აღსანიშნავია, რომ „პროკრედიტ ჯგუფმა“ პირველი მწვანე სესხი 2006 წელს გასცა. ჯგუფმა ეტაპობრივად შეიმუშავა მწვანე სესხების გაცემის მეთოდოლოგია, მწვანე ობლიგაციების ჩარჩო, მწვანე დაკრედიტების სტანდარტიზაციისა და გარემოზე კონკრეტული ზემოქმედების უზრუნველსაყოფად. 2020 წლის ბოლოსთვის ჯგუფის მწვანე სესხების პორტფელმა თითქმის 1 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც მთლიანი საკრედიტო პორტფელის 19%-ს შეადგენს.
ამ დრომდე ჯგუფი მწვანე შენობებს ქვეყნის საბაზისო მაჩვენებლების, სამშენებლო წესებისა და ნორმების (კოდექსების) შესაბამისად აფასებდა. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი ინტენსიური და ხშირად რთულად განსახორციელებელია, სამოქმედო ქვეყნებში მონაცემთა ნაკლებობის ან სათანადო რეგულირების არარსებობის გამო.
სიტუაცია მაშინ შეიცვალა, როდესაც „პროკრედიტმა“ EDGE-ის ინტეგრირება დაიწყო მისი ბანკების სათავო ოფისების გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში, სადაც EDGE-ის მნიშვნელოვანი უპირატესობები გამოიკვეთა. ეს იყო მონაცემების ხელმისაწვდომობა, ზეგავლენის წინასწარი შეფასების შესაძლებლობა, მომხმარებლისთვის ხელსაყრელი გამოყენება და, რაც მთავარია, აღიარებული სერტიფიცირება.
სწორედ ამიტომ, „პროკრედიტმა“ გადაწყვიტა საკუთარ ბაზარზე EDGE-ის დანერგვის ხელშეწყობა, რაც მწვანე შენობების შეფასების პროცესში მისი ინსტრუმენტად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. ამ ეტაპზე ბანკებს შეუძლიათ მწვანე სესხის გაცემისას შენობის შეფასებაში EDGE-ის გამოყენება, ინდივიდუალური ანალიზის ჩატარების ნაცვლად.
„პროკრედიტ ბანკი“ კლიენტთა განხილვის საწყის ეტაპზე, დაგეგმილ ფინანსურ ინვესტიციებთან დაკავშირებით, წინასწარ შეფასებას EDGE აპლიკაციის გამოყენებით გვთავაზობს, რითაც შესაძლებელია დადგინდეს, ადგილობრივ საბაზისო მაჩვენებლებთან შედარებით, რამდენად აქვს პროექტს 20%-ით გაუმჯობესებული მწარმოებლობის პოტენციალი.
პროექტი Sintali-SGS-თან პარტნიორობით ხორციელდება, რომელიც EDGE-ის ექსპერტთა მხარდაჭერას გვთავაზობს პარტნიორი ქსელის საშუალებით. EDGE-ის ექსპერტები ხელს უწყობენ აპლიკაციის გამოყენებასა და „პროკრედიტის“ კლიენტთა პროექტების საწყისი ანალიზის ჩატარებას. შემდეგ ეტაპზე შეფასება ბანკის ბიზნეს კომიტეტს წარედგინება განსახილველად. დამტკიცების შემთხვევაში კი კლიენტი სესხის შეღავათიანი განაკვეთებით სარგებლობს საკუთარი მწვანე შენობის პროექტის განსავითარებლად. სესხის შეღავათიანი განაკვეთების მისაღებად EDGE სერტიფიკაციის პროცესის დასრულებაა მოთხოვნა.
დასაშვები კრიტერიუმების დასადგენად EDGE-ის მონაცემების გამოყენებით, „პროკრედიტ ბანკს“ ბაზარზე სტანდარტიზებული და შედარებადი მექანიზმი გააჩნია, რაც მნიშვნელოვან პოტენციალს ქმნის მშენებლობის გაუმჯობესებისა და მწვანე დაფინანსების კუთხით. მექანიზმი მნიშვნელოვნად ამცირებს პროექტის პირველადი ანალიზისთვის საჭირო დროს, რადგან ადგილობრივი საბაზისო მაჩვენებლები EDGE აპლიკაციაში უკვე გაანგარიშებულია.
ბაზრის სტიმულირების ხელშეწყობისა და მწვანე შენობების უკეთ სისტემატიზების მიზნით, „პროკრედიტი“ ასევე თანამშრომლობს Sintali-SGS-თან. თანამშრომლობის მიზანია, „პროკრედიტ ბანკის“ კლიენტებმა ისარგებლონ ფასდაკლებით სერტიფიცირებასა და აუდიტზე. ასეთი შეთავაზებით ბანკი იმედოვნებს, რომ გააძლიერებს მწვანე შენობების ინიციატივებს და დაეხმარება ბაზრებზე ცვლილებების განხორციელებაში.
„პროკრედიტისთვის“ პირადი მაგალითით შთაგონება აქ არ მთავრდება. ჯგუფს სჯერა, რომ მათი ქმედებები პოზიტიური მაგალითის მიმცემია. მათ აიღეს ვალდებულება, რომ 2023 წლისთვის საკუთარ საქმიანობაში ნახშირბადის ნეიტრალურ დონეს მიაღწევენ, რაც მრავალფეროვან საქმიანობას მოიცავს, განახლებადი ენერგიის შესყიდვიდან დაწყებული EDGE სერტიფიკატის მქონე საკუთარი შენობების ეფექტურობის გაუმჯობესებით დამთავრებული.
დღეისათვის საბანკო ჯგუფს EDGE სერტიფიკატის მქონე სათავო ოფისები ჩრდილოეთ მაკედონიაში, ბულგარეთში, საქართველოში და კოსოვოში აქვს. ამჟამად ეკვადორში, სერბეთსა და უკრაინაში მდებარე სათავო ოფისების სერტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. ეს ძალისხმევა ჯგუფის შენობების გარემოსდაცვითი მართვის მიდგომებსა და მტკიცე კონცეფციაზე მეტყველებს.
ენერგოეფექტიან პროექტებთან დაკავშირებით დეველოპერებსა და კლიენტებთან დისკუსიების დროს ჯგუფს შეუძლია საკუთარი გამოცდილება მაგალითად გამოიყენოს და დაადასტუროს, რომ საქმიანობაში ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ზრდას პრაქტიკაში კომერციული პოტენციალიც აქვს. „პროკრედიტ ბანკი ბულგარეთის“ სათავო ოფისი პირველი შენობაა „პროკრედიტ ჯგუფში“, რომელმაც EDGE Zero Carbon (ნულოვანი ნახშირბადის) სერტიფიკატი მიიღო.
წმინდა ნულოვან ნახშირბადზე გადასვლა კვლავ ევროპისა და მსოფლიოს მთავარ პრიორიტეტად რჩება. მხოლოდ ასეთი მკაცრი ორიენტირებით იქნება შესაძლებელი პარიზის ხელშეკრულებით გათვალისწინებული კლიმატთან დაკავშირებული მიზნების მიღწევა. „პროკრედიტმა“ საფუძველი ჩაუყარა საკუთარი შენობების სერტიფიცირებას და იმედოვნებს, რომ უფრო მეტი შენობა გადავა ნულოვან ნახშირბადზე საკუთარი შენობების მთლიანი პორტფელის მასშტაბით.
რა არის დაგეგმილი მომავალში? მწვანე დაკრედიტების პროგრამების დანერგვითა და საკუთარი შენობების სერტიფიცირების გზით, სხვა კომპანიებისთვის საუკეთესო მაგალითის მიცემით „პროკრედიტი“ მდგრადი განვითარებისკენ სვლას განაგრძობს. მნიშვნელოვანია, რომ ამჟამად ჯგუფი მომხმარებლებს EDGE სერტიფიკატის მქონე მწვანე შენობების დაფინანსებას ეკვადორში, კოსოვოსა და საქართველოში სთავაზობს. მომდევნო წლებში კი „პროკრედიტი“ ამ შეთავაზებას ჯგუფის დანარჩენ ბანკებშიც გააგრძელებს.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს