საქართველოს ბანკი აგრძელებს მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტების დანერგვას. ამჯერად, ფინანსური ინსტიტუტი სთავაზობს განახლებულ და გამარტივებულ ონლაინ განვადების სერვისს, რომელიც სმარტ ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული.
აღნიშნული პროდუქტის მიზანია ხელი შეუწყოს ბიზნესის გაძლიერებას ონლაინ გაყიდვების ზრდის პარალელურად და მომხმარებელს შესთავაზოს გაუმჯობესებული ციფრული გამოცდილება.
ამიერიდან, მომხმარებელს აღარ მოუწევს დოკუმენტების შეგროვება და ვრცელი განაცხადების შევსება. საკმარისია მარტივი პროცედურის გავლა: ონლაინ მაღაზიაში სასურველი პროდუქტის არჩევის შემდეგ, შესაძლებელია განვადების პირობების (ვადისა და ყოველთვიური შენატანის ოდენობის) მორგება. განვადების მოთხოვნის მიზნით, მომხმარებელმა ავტორიზაცია უნდა გაიაროს ონლაინ მაღაზიის გვერდზე ინტეგრირებულ საქართველოს ბანკის ონლაინ განვადების პლატფორმაზე, საკუთარი იუზერისა და პაროლის გამოყენებით. პასუხი განაცხადზე მომენტალურად ხდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევებში, პასუხის მიღების შემდეგაც შესაძლებელია შერჩეული პირობების შეცვლა და მყიდველის საჭიროებებზე მორგება. ასევე, შესაძლებელია პროდუქტის ღირებულების ნაწილის საკუთარი სახსრებით დაფარვა, ხოლო ნაწილის განვადებით გადახდა.
მომხმარებელს, განვადების გაუქმების სურვილის შემთხვევაში, შეუძლია მარტივად, დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მოითხოვოს განვადების გაუქმება მობილბანკიდან (განვადების გაფორმებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში). მობილბანკი ასევე უზრუნველყოფს განვადებების ისტორიისა და გადახდის გრაფიკის კონტროლს.
რაც შეეხება ბიზნეს პარტნიორებს, მათთვის პროდუქტის საკუთარ პლატფორმაზე ინტეგრირება მაქსიმალურად გამარტივებულია. ონლაინ განვადების ფარგლებში, ბანკი ბიზნესს მიზნობრივ აუდიტორიასთან დაკავშირების შესაძლებლობასაც სთავაზობს, რაც ხელს უწყობს პროდუქციის ონლაინ გაყიდვების ზრდას და ბიზნესის გაძლიერებას.
„ონლაინ განვადების პროდუქტი შექმნილია მსოფლიოს წამყვანი და წარმატებული განვადებების გამოცდილების გათვალისწინებით. ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ როგორც მომხმარებლების, ასევე ბიზნეს პარტნიორების საჭიროებები და ინტერესები. ამ განვადების მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს სასურველი პროდუქტი სწრაფად, მარტივად, კომფორტულად, სახლიდან გაუსვლელად და მისთვის ხელსაყრელი პირობებით, ბანკთან და მაღაზიასთან ფიზიკური კონტაქტის გარეშე. ბიზნეს პარტნიორები კი მარტივად შეძლებენ პროდუქტის ინტეგრირებას საკუთარ პლატფორმებზე და პოტენციურ მყიდველებთან დაკავშირებას. ჩვენ ვაგრძელებთ ახალი გადაწყვეტილებების შეთავაზებას როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ბიზნესისთვის“, - განაცხადა ნინო ხორგუანმა, საქართველოს ბანკის საცალო სეგმენტის მართვის დეპარტამენტის დირექტორმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. [R]
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს