როგორც წინა სტატიაში იყო აღნიშნული, იაპონელები ცნობილნი არიან სხვადასხვა ქვეყნიდან წარმატებული მიდგომების კოპირებით და მათი მუდმივი გაუმჯობესებით, რის შედეგადაც ორიგინალთან შედარებაც კი რთულდება. ფაქტობრივად, ნებისმიერი ინოვაცია, პროდუქტი, სერვისი, ბიზნეს მიმართულება თუ მოდელი, რომელსაც იაპონიაში შეხვდებით, წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული გამოცდილებების ნაზავს, ერთის მხრივ, და მეორე მხრივ, იაპონელების მიერ უსასრულობამდე დახვეწილ და გაუმჯობესებულ პროტოტიპებს. მოკლედ, იაპონიაში თქვენ იხილავთ მთელი მსოფლიოს გამოცდილების მუდმივად გაუმჯობესებულ ვარიანტებს.
ჩვენში პრობლემების ყველას ეშინია და ამიტომ მათ არავინ აღიარებს. პრობლემის არაღიარება, ერთი მხრივ, გამომდინარეობს ტრადიციული დამსჯელი ორგანიზაციული კულტურიდან, სადაც ნებისმიერი პრობლემის წარმოშობისას პირველი კითხვაა – „ვინ არის დამნაშავე?“, რათა დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პრობლემის „დამშვები“ სამსახურიდან, ნაცვლად იმისა, რომ ღრმად შეისწავლონ – რამ გამოიწვია ეს პრობლემა. მეორე მხრივ, პრობლემებს შიშით უყურებენ და მათში ვერ ხედავენ კომპანიის განვითარების შესაძლებლობას. იაპონური მიდგომით კი პრობლემა სწორედ ის გარდამტეხი წერტილია, რომელმაც კომპანია განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე უნდა გადაიყვანოს.
აღიარებულია, რომ გაუგებრობას და გაურკვევლობას წამყვანი ადგილი უჭირავს კომპანიაში წარმოშობილ პრობლემებში. ვინმესთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარების დავიწყებიდან დაწყებული, ურთიერთგამომრიცხავი ცნობების – მაგალითად, მცდარი რიცხვითი მონაცემების მიწოდებით, ან მცირე ინციდენტის შესახებ ინფორმაციის დამალვით დასრულებული, არასწორმა და არადროულმა ინფორმირებამ შესაძლოა სამომავლოში სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს და დააზიანოს ათასობით ადამიანი. ეს ყველაფერი კი კომუნიკაციის ნაკლებობითაა გამოწვეული.
უნიკალური იაპონური საკომუნიკაციო კულტურა Horenso – ზრდის როგორც ზეპირ, ასევე წერილობით კომუნიკაციას კომპანიის შიგნით და გარეთ. მისი მიზანია, გააუმჯობესოს კომუნიკაციის დონე კომპანიის ყველა თანამშრომელთან, მომხმარებელთან, მომწოდებელთან და საბოლოოდ ხელი შეუწყოს კომპანიის ეფექტიანობასა და წარმატებულ ფუნქციონირებას.
იაპონური საკომუნიკაციო კულტურა – Horenso გვასწავლის, როგორ ავიცილოთ კომპანიაში მსგავსი შეცდომები. Horenso-ს თითოეული ძირითადი მიმართულება – Hokoku, Renraku და Sodan კომუნიკაციის ლაბირინთებში გვიძღვება და გვმოძღვრავს ანგარიშის მომზადებაში, ინფორმირებასა და რჩევის მიღებაში ზემდგომებისგან, კოლეგებისა და დაქვემდებარებულებისგან. Horenso გვასწავლის, ვიყოთ გუნდური მოთამაშეები და არა პრობლემებთან მებრძოლი ცალკეული ინდივიდები.
რა სარგებელი მოაქვს “Horenso”-ს? ალბათ, ყველას ერთხელ მაინც დავფიქრებულვართ – რა აზრი აქვს ზედაპირულ ანგარიშს/რეპორტს, რომელშიც სრულად არ არის ასახული რეალობა იმის გამო, რომ კომპანიის რომელიმე თანამშრომელმა გადაწყვიტა, საკუთარი მცირე შეცდომა დამალული დაეტოვებინა? სამომავლოდ კი სწორედ ეს „მცირე“, დამალული პრობლემა ხელიდან გვისხლტება, დროთა განმავლობაში ზვავივით იზრდება და მთელი კომპანიის პრობლემად იქცევა… ამ ფონზე მარტივია იმის გააზრება, რამდენად ძლიერები ვხდებით, როდესაც დროულად ვიცით კომპანიაში არსებული თითოეული პრობლემის შესახებ დეტალურად.
‘Horenso’ იაპონური სიტყვაა და ისპანახს ნიშნავს, რომელიც ჯანსაღ კვებასთან ასოცირდება. ეს მეთოდიც აჯანსაღებს კომპანიის გარემოს და ისპანახის ღეროების მსგავსად, კომპანიის სხვადასხვა მიმართულებას საერთო კომუნიკაციით აერთიანებს. იგი იაპონური ბიზნეს კულტურის ნაწილია და განსაკუთრებით ეფექტიანად დაინერგა კომპანია ‘ტოიოტაში’ ერთსა და იმავე პროექტში ჩართულ კადრებს შორის უკეთესი კომუნიკაციისთვის. ის გამოიყენება კომპანიის გუნდებსა და მმართველ რგოლებს შორის, კლიენტებთან, მომწოდებლებთან და სხვა პარტნიორებთან კომუნიკაციისთვის. კომპანია „ტოიოტაში“ პერსონალისთვის სპეციალურად ტარდება ტრენინგები Horenso-ს კულტურის დასანერგად, რათა გამარტივდეს სამუშაო პროცესები და მათი მიმდინარეობა. ეს მიდგომა 2 ძირითად მიზანს ისახავს: დროულად განისაზღვროს, პასუხობს თუ არა კონკრეტული პროექტი კომპანიის მოთხოვნებს და ერთი ან რამდენიმე თანამშრომლის არყოფნის შემთხვევაში კომპანიის გუნდმა შეძლოს სრულფასოვანი მუშაობა.
სიტყვა Horenso შედგება 3 იაპონური ტერმინისგან:
* Ho koku 報告 – რეპორტი/ანგარიში * Ren kaku 連絡 – ინფორმირება * So dan 相談 – კონსულტაცია
**Hokoku – რეპორტი/ანგარიში**
იაპონური მიდგომა: ჯერ პროგრესი, შემდეგ შედეგი. რეპორტმა უნდა ასახოს მიმდინარე საქმიანობის პროგრესი: მიზანი, ფაქტები და მეთოდები. რეპორტში ინფორმაცია სასურველია 5W+2H პრინციპით აისახოს: რა (What), ვინ (Who), როდის (When), სად (Where), რატომ (Why) და როგორ (How), რამდენი (How Much / Many).
**Renkaku 連絡 – ინფორმირება**
იაპონური მიდგომა: თუ პრობლემა წარმოიშვა კომპანიაში, ჩვენ ყველანი ვიზიარებთ მის შედეგებს, მიუხედავად იმისა, ჩვენს დეპარტამენტში მოხდა თუ არა იგი. ეს ეტაპი მოიცავს ინფორმირებას და ყველა დონეზე/დეპარტამენტებს შორის ინფორმაციის ჯვარედინ გაზიარებას. ინფორმაციის გაცვლით სრული წარმოდგენა გვექმნება კომპანიაში არსებულ მდგომარეობაზე და სხვადასხვა რაკურსიდან ვხედავთ პრობლემას მთლიანობაში.
**Sodan 相談 – კონსულტაცია**
იაპონური მიდგომა: იაპონელ მენეჯერებს სურთ, იცოდნენ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ზოგჯერ ძალიან ტრივიალურიც კი… ეს ეტაპი მოიცავს ზემდგომებთან, კოლეგებთან და დაქვემდებარებულებთან კონსულტაციებს, როდესაც სამუშაო პროცესში პრობლემებს ვაწყდებით. ამგვარი კონსულტაციები იმართება არა მხოლოდ დიდ პრობლემებთან დაკავშირებით, არამედ პოტენციურ პრობლემებთან მიმართებაშიც კი, რომლებიც შესაძლოა მომავალში წარმოიშვას.
Horenso ვიზუალური დოკუმენტია, სადაც გაწერილია თითოეული ამოცანა, მისი პროგრესი, განახლებული მდგომარეობა და პასუხისმგებელი პირები. იგი არ არის უბრალო ელექტრონული რეპორტი, რომელიც კომპანიაში შესაბამის პირს ეგზავნება. ტრადიციულ კულტურაში მენეჯმენტის ინფორმირება ხდება მხოლოდ „ბლოკირების წერტილების“ შესახებ. იაპონურ კულტურაში კი, თუ ყველაფერი კარგად მიდის, ესეც უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს. აქ კომუნიკაციის სიხშირე გაცილებით მეტია იმ კლასიკურ პროცესთან შედარებით, რაც ჩვენ ვიცით. Horenso ინფორმაციის, know-how-ს და პრობლემების გაზიარებაა თითქმის ყოველდღიურად.
Horenso ასევე ენათესავება იაპონურ კულტურას Kikubari-ს, რომელიც სხვებზე ზრუნვასა და მათი საჭიროებების ხაზგასმას გულისხმობს, ამიტომაც გვაინტერესებს ყველაფერი ყველასა და ყველაფრის შესახებ.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს