დასაქმების ბაზარზე ხშირად გვხვდება ვაკანსიები, სადაც გამოცდილება გადამწყვეტ მოთხოვნად არის წარმოდგენილი. თუმცა, საერთაშორისო კომპანია მაჟორელი ამ მიდგომით ნამდვილად არ გამოირჩევა. მაჟორელი ქართულ ბაზარზე 2016 წელს შემოვიდა, მაშინ ის არვატო ბერტელსმანის სახელით იყო ცნობილი. 2019 წელს კი, არვატო ბერტელსმანისა და საჰამის გაერთიანების შედეგად, ახალი ბრენდი - მაჟორელი შეიქმნა. დღეს მაჟორელი ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 29 ქვეყანაში ოპერირებს და 48 000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. საქართველოში, თბილისის ორ და ქუთაისის ერთ ოფისში, უკვე 1000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
მაჟორელის თანამშრომლები მსოფლიოში ცნობილი კომპანიების მომხმარებლებს უწევენ დახმარებას, ეძებენ საჭირო ინფორმაციას, პასუხობენ შეკითხვებს და სთავაზობენ პრობლემების გადაჭრის გზებს. მაჟორელ საქართველოში ამჟამად 6 განსხვავებული პროექტი ხორციელდება. ერთ-ერთი ასეთი პროექტის - ელექტრონული კომერციის მიმართულების - მენეჯერია ლაშა ჭანკვეტაძე, რომელმაც კომპანიაში კარიერული გზა კლიენტთა მომსახურების წარმომადგენლის პოზიციიდან დაიწყო.
**კითხვა:** როგორ მოხვდით მაჟორელში? რა იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო?
**ლაშა ჭანკვეტაძე:** გერმანიიდან საქართველოში დროებით დავბრუნდი და სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე მაჟორელ საქართველოს ვაკანსია მომსახურების წარმომადგენლის პოზიციაზე. უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა და არ ვიყავი დარწმუნებული, თუ რა მიმართულებით მინდოდა კარიერის გაგრძელება. ამიტომ გადავწყვიტე, ბედი მეცადა და შევუერთდი მაჟორელ საქართველოს გუნდს. კომპანია საქართველოში ახალი დაფუძნებული იყო და ფაქტობრივად, მაშინ იდგამდა ფეხს. ალბათ, ამ ფაქტმა მიიპყრო ჩემი ყურადღება გასაუბრებაზე, რადგან ერთი საქმეა უკვე აწყობილი სტრუქტურის შენარჩუნება და მეორეა, თავად განავითარო ყველა საჭირო პროცესი. ჩემი მთავარი მოტივაციაც თავიდან სწორედ ეს იყო.
**კითხვა:** რა გზა გაიარეთ საწყისი პოზიციიდან დღემდე?
**ლაშა ჭანკვეტაძე:** ჩემი კარიერული განვითარება კომპანიაში საკმაოდ საინტერესო იყო. სამ წელიწადში რამდენიმე მნიშვნელოვანი საფეხური გავიარე, რათა დღევანდელ პოზიციაზე აღმოვჩენილიყავი. როგორც აღვნიშნე, მუშაობა ელექტრონული კომერციის პროექტის მომსახურების წარმომადგენლად დავიწყე. ვეხმარებოდი გერმანელ მომხმარებლებს პრობლემების მოგვარებაში, მათთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებაში. შემდეგ ჯგუფის მენეჯერი გავხდი და 20 ადამიანის მართვა დამევალა, რაც თავდაპირველად საკმაოდ რთული ჩანდა, რადგან ამ პოზიციის მიზანი ადამიანების მოტივაცია და მათი ეფექტური მუშაობა იყო. ერთი წლის შემდეგ, ამავე პროექტის, რითეილის ოპერაციების მენეჯერი გავხდი და უკვე 200-მდე თანამშრომელი მექვემდებარებოდა. დღეს კი, მაჟორელ საქართველოს ელექტრონული კომერციის პროექტის მენეჯერი ვარ. ჩემს დაქვემდებარებაში ორი პროექტია: რითეილი და ტექნიკური დახმარების ჯგუფი - „გაესაუბრე ექსპერტს“.
ჩვენი პროექტი უნიკალურია, რადგან მომხმარებლებს გერმანულ ენაზე ვუწევთ დახმარებას და პრობლემის გადაჭრის ინოვაციურ გზებს ვთავაზობთ. ჩემი მთავარი ფუნქცია დაგეგმვა, გუნდის მართვა და კონტროლია. გუნდისა, რომელშიც კლიენტთა მომსახურების წარმომადგენლები, მენეჯერები, ხარისხის ჯგუფი და ოპერაციების მენეჯერები ერთიანდებიან. ჩემს მოვალეობებში შედის ოპერაციული და ხარისხის პროცედურების გაძლიერება, სხვადასხვა დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა, ყოველდღიური სატელეფონო წარმოების კონტროლი, სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილებების მიღება, კლიენტთან კომუნიკაცია, რეპორტინგი და ინფორმაციის მიწოდება. კომპანიის წინაშე პასუხისმგებელი ვარ ჩემს გუნდზე და მათ კეთილდღეობაზე.
**კითხვა:** რა სირთულეები გადალახეთ, რომ ამჟამინდელი პოზიციისთვის მიგეღწიათ?
**ლაშა ჭანკვეტაძე:** ვფიქრობ, არ არსებობს სამსახური სტრესის გარეშე და რაც უფრო მაღალი პოზიციისკენ მიისწრაფვი, მით უფრო იზრდება პასუხისმგებლობა და მასთან ერთად ახალი გამოწვევებიც. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულე იყო ადამიანების მართვა და ინდივიდუალური მიდგომის პოვნა თითოეულთან. დამეთანხმებით, როდესაც 500 ადამიანი გიდგას მხარს, ძალიან რთულია მაქსიმალურად სწორად წარმართო საქმე ისე, რომ შედეგი მათზე ნეგატიურად არ აისახოს. თუმცა, ის, რასაც მაჟორელი თითოეულ თანამშრომელს სთავაზობს, არის მეგობრული გარემო, სადაც ყოველთვის დაგეხმარებიან ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ.
**კითხვა:** ახლანდელ პოზიციაზე რას საქმიანობთ მაჟორელში?
**ლაშა ჭანკვეტაძე:** ამჟამად ელექტრონული კომერციის პროექტის მენეჯერი ვარ. ეს არის მაჟორელ საქართველოში პირველი და ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც 500 თანამშრომელს აერთიანებს. ისინი ორ ქალაქსა და ორ ქვეგანყოფილებაში - „გაესაუბრე ექსპერტს“ და რითეილში - არიან განაწილებულნი. ჩემს დაქვემდებარებაშია ოპერაციების, ხარისხის, დაგეგმარებისა და რეპორტინგის გუნდები.
**კითხვა:** პროფესიით იურისტი ბრძანდებით. ფიქრობთ თუ არა, რომ საქმიანობა თქვენი პროფესიით გააგრძელოთ?
**ლაშა ჭანკვეტაძე:** პროფესიით ნამდვილად იურისტი ვარ და თავდაპირველად, როდესაც ამ მიმართულებით ვსწავლობდი, ვფიქრობდი, რომ ამ სფეროში გავაგრძელებდი მუშაობას. თუმცა, ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ვგეგმავთ.
**კითხვა:** როგორც ვიდეოში საუბრობთ, მაჟორელში იმდენად კარგი პირობები დაგხვდათ, რომ წასვლა გადაიფიქრეთ. რამ მოგხიბლათ ყველაზე მეტად?
**ლაშა ჭანკვეტაძე:** კომპანიამ პირველივე დღიდან მომხიბლა, რადგან აქ დამხვდა ის გარემო, რომელიც საქართველოს დასაქმების ბაზარზე არც თუ ისე ხშირია. ადამიანები, პროცესები, მიდგომები - ყველაფერი განსხვავებულია. აქ შენ არ ხარ ჩვეულებრივი თანამშრომელი, არამედ ერთი დიდი გუნდის წევრი ხარ, სადაც თავად იღებ პასუხისმგებლობას იმ საქმეზე, რასაც აკეთებ და რაც მთავარია, არ ხდება საქმის მიკრომენეჯმენტი. გარდა ამისა, ალბათ ისიც მნიშვნელოვანია, რომ მაჟორელში გაქვს შესაძლებლობა, მიიღო საერთაშორისო გამოცდილება, რადგან ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე, გიწევს ბევრ უცხოელ პარტნიორთან ან კოლეგასთან ურთიერთობა, რაც განსხვავებულ ხედვას გიქმნის და უფრო გეხმარება ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში. მაგრამ, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ კომპანიამ მომცა, არის სწრაფი განვითარების შანსი. სამ წელიწადში 4 პოზიცია გავიარე და არასდროს მიგრძვნია, რომ ერთ ადგილზე გავჩერდი - ეს კი ჩემთვის, როგორც დასაქმებულისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ამით ვგრძნობ, რომ ჩემი თითოეული ნაბიჯი დაფასებულია.
**კითხვა:** როდესაც საუბრობთ თანამშრომლებზე ზრუნვაზე, რას გულისხმობთ? როგორია თანამშრომლებზე ზრუნვა მაჟორელში?
**ლაშა ჭანკვეტაძე:** კომპანიისთვის პრიორიტეტულია თანამშრომლებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა, სწორედ ამიტომ მუდმივად ზრუნავს მათ სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე. კომპანია თითოეულ თანამშრომელს სთავაზობს მრავალფეროვან ბენეფიტებს, როგორებიცაა ტრენინგები და პიროვნული განვითარება, დაზღვევა, საღამოს საათებში ტრანსპორტირება, წლის განმავლობაში სახალისო აქტივობები, კინოჩვენებები, ხილისა და ნაყინის დღეები ოფისში და სხვა მრავალი. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ კომპანიაში დამკვიდრებულია თანამედროვე მმართველობის სტილი. დირექტორი და თითოეული თანამშრომელი ერთმანეთს „შენობით“ მიმართავენ, ყველა პოზიციის ადამიანისთვის კარი ყოველთვის ღიაა და მენეჯმენტი მუდამ მზად არის მოისმინოს მათი აზრი.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს