ილონ მასკის აზრით, არსებობს „ძალიან მნიშვნელოვანი“ შეკითხვა, რომელიც გასაუბრებაზე აუცილებლად უნდა დაისვას. მისი თქმით, ამ შეკითხვის საშუალებით შესაძლებელია ზუსტად დადგინდეს, რამდენად შეუძლია აპლიკანტს პრობლემის იდენტიფიცირება, გადაწყვეტის გეგმის შემუშავება და შემდგომში ამ გეგმის განხორციელება.
SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნულ საკითხზე მსოფლიო სამთავრობო სამიტზე, დუბაიში ისაუბრა. „შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი კარიერის განმავლობაში ყველაზე რთული პრობლემა, რომელიც გადაგიჭრიათ და გვიამბოთ, როგორ მოაგვარეთ ის?“ - განაცხადა ილონ მასკმა.
მისი თქმით, დასმული შეკითხვა საკმარისია იმის გასარკვევად, თუ რამდენად იყო კანდიდატი უშუალოდ ჩართული პრობლემის გადაჭრის პროცესში, ანუ თავად მოძებნა გამოსავალი, შეიმუშავა სამოქმედო გეგმა და მიჰყვა მას.
„ადამიანები, რომლებმაც რეალურად გადაჭრეს პრობლემა, ზედმიწევნით კარგად იციან, როგორ გააკეთეს ეს და ახსოვთ ყველა, თუნდაც უმნიშვნელო დეტალი. ასეთი კანდიდატები დეტალურად მოგიყვებიან, რა სირთულეებს შეხვდნენ და რა სტრატეგია გამოიყენეს პრობლემის გადასაჭრელად. გამორჩეული კანდიდატები ამ შეკითხვაზე „მრავალეტაპიან პასუხს“ გაგცემენ. ის კი, ვინც მხოლოდ ცდილობს შთაბეჭდილების მოხდენას და პრობლემების გადაჭრის უნარის დემონსტრირებას, პირველივე ეტაპზე მარცხს განიცდის. როდესაც კანდიდატი მოკლედ და მშრალად პასუხობს, უნდა იცოდეთ, რომ ის პრობლემის გადაჭრის პროცესში მხოლოდ შემსრულებელი რგოლი იყო. ადამიანს, რომელმაც რეალურად მოიფიქრა გადაწყვეტა და თავად გაიარა პრობლემის გადაჭრის ყველა ეტაპი, არასოდეს დაავიწყდება არც ერთი დეტალი“, - განმარტა ილონ მასკმა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს