წყნარ ოკეანეში ჩატარებული კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა უნიკალური აღმოჩენა გააკეთეს. მათ ზღვის ფსკერიდან 8,336 მეტრის სიღრმეზე, ახალგაზრდა ლოქოსებრი თევზი გადაიღეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ეს არის ყველაზე ღრმად მცხოვრები თევზი, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა ვიდეოზე.
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტისა და ტოკიოს საზღვაო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მკვლევარებმა, გასული წლის სექტემბერში, იაპონიის ღრმა წყალქვეშა თხრილებში, სპეციალური წყალქვეშა რობოტების საშუალებით გადაღებული კადრები გამოაქვეყნეს.
გარდა ამისა, ექსპედიციის დროს, მეცნიერებმა ფიზიკურად დაიჭირეს ორი სხვა ეგზემპლარი 8,022 მეტრის სიღრმეზე, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია თევზის დაჭერის სიღრმის მიხედვით.
მანამდე, ყველაზე ღრმად მცხოვრები ლოქოსებრი თევზი 2008 წელს, 7,703 მეტრის სიღრმეზე იყო დაფიქსირებული. აქამდე, მეცნიერებს არასდროს მოუხერხებიათ თევზის დაჭერა 8,000 მეტრზე ქვემოთ.
ექსპედიციის ხელმძღვანელის, საზღვაო ბიოლოგის, ალან ჯემისონის თქმით, ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან ის გვიჩვენებს, თუ რამდენად ღრმად შეუძლია კონკრეტული სახეობის თევზს ოკეანეში ჩასვლა.
იაპონიის სანაპიროსთან მდებარე თხრილებში კვლევა, მსოფლიოში ყველაზე ღრმად მცხოვრები თევზების პოპულაციების 10-წლიანი კვლევის ნაწილია. ლოქოსებრი თევზები Liparidae-ს ოჯახს მიეკუთვნებიან. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა ზედაპირულ წყლებში ცხოვრობს, ზოგიერთი მათგანი რეკორდულ სიღრმეებში ახერხებს გადარჩენას.
გასული წლის ორთვიანი კვლევის დროს, სამი ავტომატური წყალქვეშა რობოტი, აღჭურვილი მაღალი რეზოლუციის კამერებით, სხვადასხვა სიღრმეზე განთავსდა იაპონიის, იზუ-ოგასავარასა და რიუკიუს თხრილებში.
იზუ-ოგასავარას თხრილში გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ მშვიდად დაცურავს ყველაზე ღრმად მცხოვრები ლოქოსებრი თევზი სხვა კიბოსნაირებთან ერთად ზღვის ფსკერზე.
ჯემისონმა აღნიშნა, რომ გადაღებული თევზი ახალგაზრდა იყო და რომ ახალგაზრდა ღრმა ზღვის ლოქოსებრი თევზები ხშირად ცდილობენ რაც შეიძლება ღრმად დარჩენას, რათა თავიდან აიცილონ უფრო დიდ მტაცებლებთან შეხვედრა, რომლებიც ზედაპირულ სიღრმეებში ბინადრობენ.
იმავე თხრილში, 7,500-დან 8,200 მეტრამდე სიღრმეზე გადაღებულ სხვა კადრებში ჩანს თევზებისა და კიბოსნაირების კოლონია, რომლებიც წყალქვეშა რობოტზე დამაგრებულ სატყუარას ჭამენ.
ორი დაჭერილი ლოქოსებრი თევზის ფოტოები, რომლებიც იდენტიფიცირებულია როგორც Pseudoliparis belyaevi, იშვიათ შესაძლებლობას იძლევა დავინახოთ ის უნიკალური მახასიათებლები, რომლებიც ამ ღრმა ზღვის სახეობებს ექსტრემალურ გარემოში გადარჩენაში ეხმარება.
მათ აქვთ პატარა თვალები, გამჭვირვალე სხეული და არ გააჩნიათ საცურაო ბუშტი, რაც სხვა თევზებს ცურვაში ეხმარება, თუმცა ამ სახეობისთვის ეს უპირატესობაა.
პროფესორის თქმით, წყნარი ოკეანე განსაკუთრებით ხელსაყრელია აქტიური სიცოცხლისთვის, რადგან მისი თბილი სამხრეთი დინება ხელს უწყობს საზღვაო არსებების უფრო ღრმად ჩასვლას, ხოლო უხვი საზღვაო სიცოცხლე უზრუნველყოფს საკვების კარგ წყაროს ფსკერის ბინადართათვის.
მეცნიერებს სურთ მეტი გაიგონ ექსტრემალურ სიღრმეებში მცხოვრები არსებების შესახებ, მაგრამ ხარჯები შემაკავებელი ფაქტორია. ჯემისონის თქმით, თითოეული წყალქვეშა რობოტის აწყობა და ექსპლუატაცია 200,000 დოლარი ჯდება.
მისი თქმით, გამოწვევა ის არის, რომ ტექნოლოგია ძვირია და მეცნიერებს დიდი ფინანსები არ აქვთ.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს