კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

ვენერაზე სიცოცხლის შესაძლო ნიშანი აღმოაჩინეს

მეცნიერება ასტრონომია
ვენერაზე სიცოცხლის შესაძლო ნიშანი აღმოაჩინეს

დედამიწაზე არსებული სიცოცხლისა და მისთვის აუცილებელი პირობების ცოდნა, შესაძლოა, სუბიექტური იყოს. ამაზე დაგვაფიქრებს საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფის ახალი აღმოჩენა, რომელიც ვენერას ღრუბლებში ფოსფინის კონცენტრაციას უკავშირდება. დედამიწაზე ამ ნაერთს როგორც ცოცხალი ორგანიზმები (მაგალითად, უჟანგბადო გარემოში მცხოვრები ბაქტერიები), ისე არაცოცხალი პროცესები (მაგალითად, ვულკანები, ელვა, სხვადასხვა ქიმიური რეაქცია) წარმოქმნის. ეს ნივთიერება ვენერას ღრუბლებში პირველად 2017 წელს აღმოაჩინეს და მაშინ ის არაცოცხალ პროცესებს დაუკავშირეს. თუმცა 2019 წელს, ატაკამის დიდი მილიმეტრიანი/სუბმილიმეტრიანი ტალღების მასივის (ALMA) ტელესკოპით ჩატარებულმა დაკვირვებებმა მეცნიერები სხვა შესაძლო სცენარებზე დააფიქრა. (შესაბამისი კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა).

მიუხედავად იმისა, რომ ვენერაზე გოგირდმჟავას წვიმებია და ზედაპირის ტემპერატურა 470 ºC-ს აღწევს, შესაძლოა, პლანეტის უჟანგბადო გარემო ცოცხალ ორგანიზმებს მასპინძლობდეს. ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ვენერაზე ფოსფინის კონცენტრაციაზეა ორიენტირებული, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ პლანეტის ღრუბლებში ფოსფინის რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე არაცოცხალი პროცესების შედეგად შეიძლება წარმოიქმნას. ამას გარდა, ვენერას მჟავა ღრუბლები ამ ნივთიერებას სწრაფად უნდა შლიდეს, თუმცა 2017-დან 2019 წლამდე დაკვირვებები ადასტურებს, რომ ვენერაზე ფოსფინის წარმოქმნა მუდმივად მიმდინარეობს.

„იმის გათვალისწინებით, რაც დღეს ვენერაზე ვიცით, მასზე ფოსფინის არსებობის ყველაზე სარწმუნო ახსნა, რამდენადაც ფანტასტიკურად არ უნდა ჟღერდეს ეს, სიცოცხლეს უკავშირდება. და თუ ეს ასეა, თუ ეს ნამდვილად ფოსფინია და თუ ის მართლაც ცოცხალი ორგანიზმების მიერაა გამოყოფილი, ეს ნიშნავს, რომ მარტონი არ ვართ. გარდა ამისა, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენს თუ სხვა გალაქტიკებში, უნდა არსებობდნენ პლანეტები, რომლებიც სიცოცხლის სხვადასხვა ფორმას მასპინძლობენ“, – აცხადებს კვლევის თანაავტორი, კლარა სოუზა-სილვა.

რა თქმა უნდა, მკვლევარებს სიცოცხლის ფორმები ჯერ არ აღმოუჩენიათ და დანამდვილებით არ არის ცნობილი, რამდენად რეალურია მეცნიერთა ეჭვი ვენერაზე რაიმე სახის სიცოცხლის არსებობის შესახებ. პლანეტაზე არსებული გარემოდან გამომდინარე (რომელიც ზემოთ აღვწერეთ), მისი შესწავლა სირთულეებთან არის დაკავშირებული. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პლანეტაზე გაგზავნილი რამდენიმე ზონდი დაიწვა, უახლოეს მომავალშიც, ალბათ, რთული იქნება იმის დაზუსტებით თქმა, ფოსფინის გამოყოფას ჩვენთვის უცნობი ქიმიური პროცესები იწვევს თუ მას ცოცხალი ორგანიზმები გამოყოფენ.

ამ აღმოჩენის შემდეგ კვლევა, რა თქმა უნდა, გრძელდება და ჯერჯერობით, არ ვიცით, რა გზებს მიმართავენ მეცნიერები ახლად გაჩენილ კითხვაზე ზუსტი პასუხის გასაცემად. იქნება ეს კიდევ ერთი განწირული ზონდის ვენერას ზედაპირზე დაშვების მცდელობა, თუ მასზე შორიდან, ტელესკოპებით დაკვირვების გაგრძელება. მასპინძლობს თუ არა ვენერა სიცოცხლეს? თუ ამ კითხვაზე პასუხი დადებითი იქნება, ანუ, თუ ბიოლოგიურ ორგანიზმებს აღმოვაჩენთ ისეთ გარემოში/პლანეტაზე, სადაც დედამიწაზე არსებული ვერც ერთი ცოცხალი ორგანიზმი გადარჩება, ერთი მხრივ, ეს იქნება პასუხი კითხვაზე – არსებობს თუ არა სიცოცხლე სხვა პლანეტაზე? მეორე მხრივ კი, მზის სისტემასა თუ მის გარეთ, სიცოცხლის აქტიური ძებნის საფუძველი, რადგან აქამდე სიცოცხლის ჩვენთვის უცნობ ფორმებს მხოლოდ იმ პლანეტებზე ვეძებდით, სადაც დედამიწისეული ორგანიზმებისთვის შედარებით ხელსაყრელი პირობებია.

კომენტარები