შეთქმულების თეორიები საზოგადოების ნაწილისთვის თვალსაჩინო სხვადასხვა გლობალური მოვლენის პარალელურად ხდება. ასეთი მოვლენებია: ომები, ბუნებრივი კატასტროფები, ტერორისტული აქტები და დიახ, პანდემიებიც. გასულ თვეებში შეთქმულების თეორიების უპრეცედენტო ტალღები გამოვიარეთ და ზოგმა ჩვენგანმა ეს ვერც ისე წარმატებით მოახერხა. დღემდე მრავლად შეხვდებით ყალბ ინფორმაციას 5G ქსელის მიერ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, თუ იმის შესახებ, თუ როგორ აზიანებენ COVID-19-ის ტესტისთვის ნაცხის აღებისას ტვინის გარსს. მეტიც, ადამიანთა დიდ ნაწილს პანდემიის არსებობის საერთოდაც არ სჯერა და სხვათა შორის, ეს ვირუსის გავრცელებისთვის საკმაოდ სასარგებლო რწმენაა… ბევრისთვის მსგავსი წარმოდგენები ინფორმაციის, მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების ნაკლებობასთან ასოცირდება. რა თქმა უნდა, ლოგიკური ახსნაა, თუმცა, ეს საკმაოდ ზედაპირული მიდგომაა იმ კომპლექსური საკითხის ასახსნელად, რასაც შეთქმულების თეორიების დაჯერება ჰქვია. აღსანიშნავია, რომ შეთქმულების თეორიების მხოლოდ განვითარებად ქვეყნებში როდი სჯერათ. ბოლო დროს ვნახეთ 5G-ის საწინააღმდეგო აქციები დიდ ბრიტანეთსა თუ აშშ-ში, მეტიც, ვნახეთ როგორ გასცდნენ აქციის მონაწილეები მშვიდობიანი მანიფესტაციის ფორმატს და გადაწვეს ანძები. ეს ფაქტი, ზედაპირული თვალისთვისაც კი, ერთ-ერთი მყარი არგუმენტი შეიძლება იყოს იმაზე დასაფიქრებლად, რომ ეს არ არის ფენომენი, რომელიც მხოლოდ ჩვენს კულტურას ახასიათებს და საქმე მხოლოდ ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობასთან, ცხოვრების ხარისხთან ან განათლების დონესთან არ გვაქვს.
ფსიქიკური, სოციალურ-პოლიტიკური და პიროვნული ფაქტორები ის ზოგადი ჩამონათვალია, რომელიც ე.წ. ანტივაქსერებსა თუ ბრტყელი დედამიწის თეორიის მიმდევრების მსგავს წარმოდგენებს ასაზრდოებს. ჰო, დედამიწაზე მილიონობით ადამიანს სწამს, რომ ჩვენი პლანეტა არა მრგვალი, არამედ ბრტყელია და შესაბამისი ლიტერატურაც მრავლად აქვთ გამოცემული. როგორია ჩვენი პლანეტა ბრტყელი დედამიწის თეორიის მიმდევრების რწმენით მსოფლიოს მასშტაბით, მოსახლეობის არც თუ ისე მცირე ნაწილის მხრიდან შეთქმულების თეორიების შეთხზვა და დაჯერება ცნობილი ფენომენია და მისი ახალი გამოვლინებები სულაც არ იწვევს სოციალური ფსიქოლოგების გაკვირვებას. სოციალურ თუ კლინიკურ ფსიქოლოგიაში, შეთქმულების თეორიის კუთხით, აქტიური კვლევა 1990 წლიდან დაიწყო. თუმცა, ამ მიმართულებით ძირითადი მიგნებები ბოლო ათწლეულს უკავშირდება. ამ დროის განმავლობაში, მკვლევრებმა შეძლეს შეთქმულების თეორიების რწმენის საფუძვლებში/წინაპირობებში (პრედიქტორებში) გარკვეულიყვნენ და შესაბამისად, დღეს ამ მხრივ მეტი ცოდნა გვაქვს. სტატიის ფარგლებში, 2019 წელს, ჟურნალ Frontiers-ში გამოქვეყნებულ მეტა-ანალიზზე დაყრდნობით, განვიხილავ თუ რა კლინიკური, სოციალ-პოლიტიკური თუ პიროვნული ფაქტორები უდევს საფუძველად შეთქმულების თეორიების დაჯერებას. აღსანიშნავია, რომ ეს მეტა-ანალიზი აერთიანებს 96 კვლევის შედეგს, რომელთა 50% 2015-დან 2018-წლამდეა გამოქვეყნებული. ამ 96 კვლევიდან 92 რეცენზირებული ნაშრომია, ერთი – თავი წიგნიდან, დარჩენილი 3 კი რეფერირებად ჟურნალში გამოუქვეყნებელი 2 დისერტაცია და 1 სამაგისტრო ნაშრომი. გაანალიზებული კვლევების 80% ჩატარებულია აშშ-სა და ევროპის კონტინენტზე. მონაცემები შეგროვებულია როგორც ონლაინ, ასევე პირდაპირი ინტერვიუირების გზით.
ჩვეულებრივ, შეთქმულების თეორიების შექმნაში საერთაშორისო დონის ქსელები მონაწილეობენ და მათი მიზანია სხვადასხვა ადამიანთა ჯგუფის ფსიქიკური, თუ სოციალ-ეკონომიკური მოცემულობების გამოყენება სხვადასხვა მიზნის მისაღწევად. ამას ისინი მოტყუებისა და მანიპულირების გზით ახერხებენ. ძირითადად, ისინი რეაგირებენ მნიშვნელოვან მოვლენებზე, როგორიცაა ომი, ბუნებრივი კატასტროფები, ტერორისტული აქტები და ა.შ. როგორც წესი, ისინი მასების მოტყუების მიზანს აღწევენ მაშინ, როცა სხვადასხვა მოვლენა საკმარისი დამაჯერებლობით არაა დოკუმენტირებული/გადმოცემული, მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა მეცნიერულად დამტკიცებული არაერთი ფაქტი არსებობს, თუმცა, შეთქმულების თეორია მაინც ძალაში რჩება უამრავი ადამიანისთვის. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი კი, ზოგ შემთხვევაში, ფსიქიკური აშლილობებია.
ფსიქიკური აშლილობები, როგორც შეთქმულების თეორიების რწმენის წინაპირობები
მეტა-ანალიზში განხილული კვლევების უმეტესობა შეთქმულების თეორიების რწმენას სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობის სიმპტომად, ან აშლილობის აქტიური ფაზების მომასწავებლად მიიჩნევს. მსგავსი აშლილობების ჩამონათვალში კი, რომელსაც ამ რწმენის პრედიქტორებად/წინაპირობებად განიხილავენ, შედის პარანოია, პარანოიული აზროვნება და შიზოტიპია . ამ ორ უკანასკნელს მსგავსი თვისებები აერთიანებს, მათ შორის: ცრურწმენების დაჯერება და რეალობას მოწყვეტილი აზროვნება. პარანოიული აზროვნების ქონის შემთხვევაში, ადამიანს სწამს, რომ გარემო და ზოგადად, სამყარო მტრულადაა მის მიმართ განწყობილი. ეს კი კარგი საფუძველია შეთქმულების თეორიის დასაჯერებლად, რადგან კონკრეტულ ადამიანს გარემოს უნდობლობისთვის მნიშვნელოვანი ფსიქიკური საფუძველი უკვე აქვს.
პიროვნული ფაქტორები/მიდრეკილებები
შიში და შფოთვა მნიშვნელოვან ფაქტორებად გვევლინება შეთქმულების თეორიის დაჯერების საკითხში. ლოგიკა კი შემდეგნაირია – როცა ადამიანებს ეშინიათ და შფოთავენ, აქვთ შეგრძნება, რომ ნაკლებად შეუძლიათ სიტუაციის კონტროლი. ასეთი ადამიანების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს მოცემულობა, რომელიც მას შიშს გვრის, გარე, მასზე ძლიერი ძალის მიერაა მართული. საკუთარი ცხოვრებისა და სოციალური გარემოს კონტროლის მოთხოვნილება და შეგრძნება თითოეული ადამიანისთვის სასურველი და სიმშვიდის მომტანი რამაა. გარკვეულ სიტუაციებში მისი დაკარგვა კი, მის დაკარგვასთან თვალის გასწორების ნაცვლად, ჩვენს ფსიქიკას ყალბი რეალობის მიღებისკენ უბიძგებს. შესაბამისად, გვჯერა, რომ ეს ჩვენი კი არა, სხვისი ბრალია. ამ ფიქრში თანამოაზრეებიც ბლომად გვყავს, რადგან კრიტიკულ სიტუაციასთან გამკლავებისას გარეგანი კონტროლის ლოკუსის გამოყენება მეტად კომფორტული და მარტივი რამ არის, ვიდრე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. იმაზე ფიქრით კი, რომ ჭეშმარიტებაზე ხელი მიგვიწვდება, ანუ „გავშიფრეთ“ მასონების, ან ჩვენი დაჩიპვის მსურველების გეგმა, გვექმნება ილუზორული აღქმა, რომ ამ ინფორმაციის ფლობით მათთვის ხელის შეშლა შეგვიძლია. ვქმნით ფეისბუკ ჯგუფებს, ვკრებთ თანამოაზრეებს და ამ ყველაფერში იმაზე ღრმად ვეფლობით, ვიდრე ჩვენს ფსიქიკას თავიდან, დროებით, თავის გადასარჩენად სჭირდებოდა. თავს სუპერგმირებად წარმოვიდგენთ, რომელთა მხრებზეც სიმართლისთვის ფარდის ახდა და მსოფლიო წესრიგის დამყარებაა… ეს თვითშეფასებას ძალიან გვიმაღლებს, შესაბამისად, სასიამოვნო რამაა, კი, ნამდვილად, თუმცა ძალიან დიდი ილუზიაა, თავის მოტყუებაა და ობიექტურ რეალობასთან არაფერი აქვს საერთო…
პარანორმალური მოვლენების რწმენა – კონსტრუქტი, რომელიც პარანოიულ აზროვნებასა და შიზოტიპურ მახასიათებლებს უკავშირდება, ასევე დადებით კორელაციაშია შეთქმულების თეორიების დაჯერებასთან. ის გულისხმობს მეცნიერულად დაუმტკიცებელი და რაციონალური აზროვნებისგან შორს მდგომი მოვლენების დაჯერებას (მაგალითად: წინასწარმეტყველებები, ექსტრასენსორული აღქმები, სულების გამოცხადებები). ასეთი ადამიანები მიდრეკილები არიან ცრურწმენებისკენ და რელიგიური აზროვნებისკენ. თუმცა, მიუხედავად რელიგიური აზროვნებისა, მათი ნაწილი კონკრეტულ რელიგიურ მიმდინარეობას ნაკლებად აღიარებს. მათ არ სწამთ რელიგიური მოძღვრებების, ისევე, როგორც მეცნიერულად დამტკიცებული ცოდნის. მათი იჭვნეულობა იმდენად მაღალია, რომ მიემართება ყველაფერს და ასე იქმნება ალტერნატიული, ყველასგან განსხვავებული შეხედულებები, რომელიც მხოლოდ თანამოაზრეებს აღიარებს, ვისი გამოყენებაც საკუთარი წარმოდგენების დადასტურებისთვის და ვალიდიზებისთვისაა საჭირო.
გარდა ამისა, შეთქმულების თეორიების რწმენის კუთხით, არსებობს კიდევ ერთი პიროვნული ფაქტორი და ეს გადაჭარბებული თვითშეფასებაა. ადამიანები, რომლებიც ნარცისიზმის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებიან, ანუ გაზვიადებულად უყვართ საკუთარი თავი, მიდრეკილები არიან შეთქმულების თეორიების დაჯერებისკენ. სხვა მხრივ, ნარცისიზმი დადებითად უკავშირდება პარანოიულ აზროვნებას, რადგან ნარცისების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სხვების ქმედებები კონკრეტულად (მაინცდამაინც) მათკენაა მიმართული (მიმართების იდეები). მსგავსი აღქმები კი, ისევ, შეთქმულების თეორიებთან კავშირდება, რადგან მათ სწამთ, რომ სამყაროს ცენტრები თვითონ არიან და შესაბამისად, ბევრი მტერიც ჰყავთ… თუმცა, პოზიტიური თვითშეფასება, ნარცისიზმის გარეშე, არ არის ასოცირებული შეთქმულების თეორიების დაჯერებასთან, პირიქით – ის ნეგატიურ კავშირშია მასთან.
სოციალური და პოლიტიკური ფაქტორები
მეტა-ანალიზში განხილული ლიტერატურის მეორე ნაწილი ამტკიცებს, რომ შეთქმულების თეორიების რწმენის საფუძვლების დასადგენად, კლინიკური, ან სუბკლინიკური კორელანტები არასაკმარისია. შესაბამისად, საჭიროა სოციალურ-პოლიტიკური ფაქტორების კვლევაც, რომლებიც შესაძლოა მსგავსი რწმენების საფუძველი იყოს. აშლილობაცენტრული მიდგომა, მართლაც, არასაკმარისია ამ კომპლექსური საკითხზე საუბრისას. ამ კვლევებში განხილული სოციო-პოლიტიკური ცვლადები, როგორიცაა პოლიტიკური ცინიზმი და ნეგატიური დამოკიდებულება ავტორიტეტების მიმართ , წარმოდგენილია შეთქმულების თეორიის რწმენის წინაპირობებად. გარდა ამისა, იკვეთება ანომიის როლიც, ანუ საზოგადოების ისეთი მდგომარეობის, რომელიც ხასიათდება სოციალური ნორმების შესუსტებით, ან მათ მიმართ გულგრილი დამოკიდებულებით. ადამიანები, რომლებსაც ანომიის მაღალი დონე აქვთ, სოციალური სისტემებისგან გარიყულად გრძნობენ თავს და სწორედ ეს არის წინაპირობა იმისათვის, რომ გარე აგენტებს (გარემოს) დააბრალონ საკუთარი დაბალი სოციო-პოლიტიკური გავლენა. იგივე ვრცელდება დაუსაქმებელ ადამიანებზე, ან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებზე, რომლებიც მცირე და დაქვემდებარებული ჯგუფის წევრობიდან გამომდინარე, ბუნებრივია, თავს დომინანტი ჯგუფის წევრად ვერ გრძნობენ. შესაბამისად, აქვთ ფსიქოლოგიური საფუძველი ირწმუნონ, რომ მათი ბედი გარე ძალებზე – დომინანტ ჯგუფებზეა დამოკიდებული. გარე ჯგუფებს კი, შესაძლოა, მათთვის ზიანის მოტანა უნდოდეთ.
კვლევების შედეგად დადგინდა, რომ რელიგიური ინდივიდები უფრო მიდრეკილები არიან შეთქმულების თეორიების დაჯერებისკენ, ვიდრე არარელიგიურები. გარდა ამისა, მკვლევრებმა შეისწავლეს პოლიტიკური შეხედულებები, თუ ორიენტაციები, რომლებიც შესაძლოა, მსგავს რწმენებს აღვივებდეს. პოლიტიკური ექსტრემიზმი, არ აქვს მნიშვნელობა მემარცხენე თუ მემარჯვენე, დადებითად უკავშირდება მსგავს რწმენებს. გარდა ამისა, გამოიყო ორი მნიშვნელოვანი ცვლადი, რომელიც სოციალურ ფსიქოლოგიაში წინარწმენის (ჯგუფების მიმართ წინასწარი, მადისკრიმინირებელი წარმოდგენების) პროგნოზირების მაღალი მაჩვენებლის გამო, „მომაკვდინებელ კავშირადაა“ მიჩნეული. ესენია – მემარჯვენე ფრთის ავტორიტარიზმი და სოციალური დომინანტობის ორიენტაცია . ავტორიტარიზმის საფუძვლად ავტორიტარული – დასჯაზე დაფუძნებული აღზრდის სტილია მიჩნეული. ანუ ბავშვობისას, ჭარბი დასჯის შედეგად ინდივიდს დაუცველობისა და მუდმივი საფრთხის განცდები უყალიბდება და ამ განცდების შესამცირებლად ის ავტორიტეტებისა და სოციალური ნორმებისადმი მკაცრი მორჩილების გზას ირჩევს. ხოლო მეორე პრედიქტორი, რომელიც შეთქმულების თეორიების დაჯერებასა და წინარწმენას შორის კიდევ ერთ პარალელს გვავლებინებს, სოციალური დომინანტობის ორიენტაციაა. მის მქონე ადამიანებს ახასიათებთ იერარქიების მაღალი ლეგიტიმაცია, ანუ კანონზომიერად მიიჩნევენ დომინანტი და დაქვემდებარებული ჯგუფების არსებობას, რესურსების არათანაბარ გადანაწილებას. შესაბამისად, ასეთი ადამიანები მიისწრაფიან დომინანტი ჯგუფების წევრობისკენ. ამ ორი პიროვნული და თან, სოციალური ნიშნის მქონე ადამიანები მხარს უჭერენ ისეთ შეთქმულების თეორიებს, რომლებიც არსებული სოციალური, ტრადიციული ნორმების გამყარებისკენაა მიმართული და ეწინააღმდეგება ცვლილებებს. (მაგალითად, თეორია იმის შესახებ, რომ ჰომოსექსუალობა გადამდები დაავადებაა). აღსანიშნავია, რომ ამ ორი ნიშნის მქონე ადამიანებში შეთქმულების თეორიების დაჯერება ასოცირებულია თავდაცვით რეაქციასთან, იმისათვის, რომ მათთვის ნაცნობი და მოწესრიგებული სისტემა არ დაიშალოს.
მეტა-ანალიზში განხილული რამდენიმე კვლევა მიგვითითებს ნეგატიურ კავშირებზეც. მაგალითად, იმაზე, რომ სამეცნიერო წყაროებიდან მიღებული ცოდნა, რაციონალური აზროვნება და შეთქმულების თეორიების დაჯერება უარყოფით კავშირშია ერთმანეთთან. მეორე მხრივ კი, დაბალი ინტელექტი სწორედ რომ სასათბურე პირობაა მსგავსი რწმენებისთვის. ამდენად, შეთქმულების თეორიის დაჯერებას კომპლექსური საფუძვლები აქვს. თუმცა, მეტა-ანალიზით დგინდება, რომ უფრო ხშირად ეს სოციალურ ფსიქოლოგიურ ფაქტორებთანაა კავშირში, ვიდრე კლინიკურ შემთხვევებთან. ასეთი თეორიები, ძირითადად, ისეთი ადამიანების „თავშესაფრად“ და „თავდაცვის საშუალებად“ იქცევა ხოლმე, ვინც დაბალი სოციალური გავლენით გამოირჩევა, ვინც სოციალური სისტემებისგან გარიყულად და უსარგებლოდ გრძნობს თავს, ვისაც საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის განცდა არ აქვს, ან ვისაც იმ სისტემის (იერარქიების) ცვლილების ეშინია, სადაც ჰგონია, რომ სრულფასოვნად ფუნქციონირებს. საინტერესოა ისიც, რომ კვლევების თანახმად, შეთქმულების თეორიების რწმენას იწვევს ერთი მხრივ ავტორიტეტებისადმი დაუმორჩილებლობის ტენდენცია, მეორე მხრივ კი მემარჯვენე ფრთის ავტორიტარიზმი, რომელიც სწორედ იერარქიების ლეგიტიმაციასა და ავტორიტეტების აღიარებას მოიცავს. თუმცა ეს ორი ცვლადი სხვადასხვა ჯგუფში სხვადასხვანაირად მუშაობს და როგორც ჩანს, ორივე მათგანს შეუძლია შეთქმულების თეორიების დაჯერების მნიშვნელოვანი წინაპირობა იყოს. საბოლოო ჯამში, ის თუ რისი გვჯერა ბევრ რამეს ამბობს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, სოციალურ დანაკლისებსა თუ პოლიტიკურ ორიენტაციებზე, ისევე, როგორც ჩვენს პიროვნულ მოთხოვნილებებსა და გამოცდილებებზე. ის თუ როგორ ვხსნით სამყაროს მუშაობის პრინციპს, ხსნის ჩვენი ფსიქიკური თუ სოციალური ფუნქციონირების პრინციპებსაც. მიუხედავად ამისა, კონკრეტულ შემთხვევებში დასკვნების გამოტანა მაინც მრავალფაქტორული შესწავლის საგანია, რადგან შეთქმულების თეორიების დაჯერების საფუძვლები საკმაოდ კომპლექსურია, მათი შესუსტება კი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მედიაწიგნიერების გაზრდასთან ერთად, ფსიქოგანათლებით შეიძლება.
ავტორი: ხატია თორდუა
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს