2020 წლის 17 ნოემბერს Microsoft-მა წარმოადგინა პროცესორი Microsoft Pluton – უსაფრთხოების მიკროსქემა, რომელიც Windows-ის მომხმარებლებისთვის არის განკუთვნილი. აღნიშნული გადაწყვეტილება სათავეს იღებს საოპერაციო სისტემა Azure Sphere-ის შემუშავებიდან, რომელიც Linux-ის კერძო ვერსიაა საგნების ინტერნეტის მოწყობილობებისთვის. ამ სისტემაში კომპანია იყენებს Pluton-ის უსაფრთხოების ქვესისტემას. ეს ქვესისტემა მოიცავს სპეციალიზებულ პროცესორს, კრიპტოგრაფიულ ძრავას, შემთხვევითი რიცხვების გენერატორსა და გასაღებების იზოლირებულ საცავს. ახლა ეს ტექნოლოგია დაინერგება მომავალ პერსონალურ კომპიუტერებში Windows 10-ის მართვის ქვეშ, აპარატულ და პროგრამულ დონეებზე, ცენტრალურ პროცესორში ინტეგრირების გზით. Pluton-ის მიკროსქემის შექმნაში Microsoft-ს დახმარება AMD-მ, Intel-მა და Qualcomm-მა გაუწიეს. ამ ჩიპში უსაფრთხოების ინსტრუმენტები ბირთვშივეა ჩაშენებული. Pluton შეიქმნა უკვე მოძველებული TPM ჩიპების ჩასანაცვლებლად. დღეს TPM გამოიყენება აპარატული კომპონენტებისა და კრიპტოგრაფიული გასაღებების დასაცავად. ეს მოდული ასევე უზრუნველყოფს Windows Hello-ს უსაფრთხოებას, თუმცა დაცვის გვერდის ავლა შესაძლებელია მოწყობილობაზე ფიზიკური წვდომის მოპოვების შემთხვევაში. Pluton-ის მიკროსქემაში ასეთი ტიპის შეტევები გამორიცხულია ცენტრალურ პროცესორში ჩაშენებული მოდულის წყალობით. ახალი სისტემა ასევე უზრუნველყოფს სისტემის მთლიანობის შემოწმებას და მარტივად განახლებადია Windows Update-ის საშუალებით. Microsoft-ს ახალი გადაწყვეტილების გამოშვების კონკრეტული ვადები ჯერ არ გაუსაჯაროებია. კომპანიის განცხადებით, Intel-ი, AMD და Qualcomm-ი აქტიურად თანამშრომლობენ იმისთვის, რომ ახალი სისტემა უახლოეს მომავალში დაინერგოს მათ პროდუქტებში. მათ ასევე განმარტეს, რომ Windows-ზე დაფუძნებული კომპიუტერები Pluton-ის მხარდაჭერით TPM-ის ემულაციასაც მოახდენს, რაც ძველ სისტემებთან თავსებადობისთვის არის მნიშვნელოვანი და უზრუნველყოფს BitLocker-ისა და System Guard-ის ფუნქციონირებას.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს