ნელი ჩებოი, რომელმაც 2019 წელს ჩიკაგოში სარფიანი პროგრამული ინჟინერიის სამსახური მიატოვა, რათა კენიელი მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ლაბორატორიები შეექმნა, 2022 წლის CNN-ის წლის გმირი გახდა. ონლაინ გამოკითხვის შედეგად, სწორედ ის შეირჩა CNN-ის წლის 10 საუკეთესო გმირს შორის. ჩებოის არაკომერციულმა ორგანიზაციამ, "TechLit Africa", კენიის სოფლებში ათასობით მოსწავლეს გადამუშავებული კომპიუტერების გამოყენების შესაძლებლობა მისცა, რაც მათ უკეთესი მომავლის იმედს აძლევს. ჯილდოს მიღებისას, ჩებოის დედაც თან ახლდა, რომელმაც, მისი თქმით, შვილების განათლებისთვის ბევრი იშრომა. დაჯილდოების ცერემონიალზე, ნელიმ და დედამისმა ერთად შეასრულეს სიმღერა, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ნელის ბავშვობაში. როგორც CNN-ის წლის გმირი, ჩებოი 100,000 დოლარს მიიღებს თავისი საქმიანობის გასაფართოებლად. გარდა ამისა, წლის 10 საუკეთესო გმირი 10,000 დოლარის ოდენობის ფულად პრემიას მიიღებს. პირველად, "Elevate Prize Foundation"-თან თანამშრომლობის ფარგლებში, ისინი დამატებით გრანტებს, ორგანიზაციულ ტრენინგებსა და მხარდაჭერას მიიღებენ. ნელი ასევე "Elevate Prize"-ის გამარჯვებული გახდება, რაც მის არაკომერციულ ორგანიზაციას 300,000 დოლარის გრანტსა და 200,000 დოლარის ღირებულების დამატებით მხარდაჭერას მოუტანს. ჩებოი კენიის სოფელ მოგოტიოში სიღარიბეში გაიზარდა. მისი თქმით, მან იცის, რას ნიშნავს სიღარიბე და არასდროს დავიწყებია ის ღამეები, როდესაც შიმშილისგან მუცელი ტკიოდა. ნელიმ, როგორც მონდომებულმა მოსწავლემ, 2012 წელს ილინოისის შტატში მდებარე "Augustana College"-ში სრული დაფინანსება მოიპოვა. სწავლის დასაწყისში, მას კომპიუტერებთან მუშაობის თითქმის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, ნაშრომებს ხელით წერდა და შემდეგ ლეპტოპში გადაჰქონდა. ყველაფერი შეიცვალა მესამე კურსზე, როდესაც ჩებოიმ პროგრამირების კურსი გაიარა, რომელიც მათემატიკის სპეციალობის სტუდენტებისთვის სავალდებულო იყო. კომპიუტერულმა მეცნიერებამ ის ძალიან მოხიბლა და მიხვდა, რომ ეს იყო ის, რისი კეთებაც კარიერად სურდა, და ასევე, სურდა ეს ცოდნა თავისი თემისთვის გაეზიარებინა. თუმცა, კომპიუტერული უნარების დაუფლება მისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ნელი იხსენებს, რომ კოდირების გასაუბრებაზე გასასვლელად, ექვსი თვის განმავლობაში ბრმად ბეჭდვას ვარჯიშობდა. ბრმად ბეჭდვა ახლა "TechLit"-ის სასწავლო გეგმის ძირითადი ნაწილია. ნელი ამბობს, რომ ძალიან ამაყობს, როდესაც ხედავს 7 წლის ბავშვებს, რომლებიც ბრმად ბეჭდავენ, მაშინ როდესაც მან ეს უნარი სულ რაღაც ხუთი წლის წინ ისწავლა. პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიაში მუშაობის დაწყების შემდეგ, ჩებოიმ მალევე გააცნობიერა, თუ რამდენ კომპიუტერს ყრიან კომპანიები ახალი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის დანერგვის გამო. მისი თქმით, კენიაში არიან ბავშვები, რომლებმაც საერთოდ არ იციან რა არის კომპიუტერი. ამიტომ, 2018 წელს მან დაიწყო შემოწირული კომპიუტერების კენიაში პირადი ბარგით გადატანა, საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა თავად უწევდა. ერთხელ 44 კომპიუტერი ჩამოიტანა და ბარგში იმაზე მეტი გადაიხადა, ვიდრე ავიაბილეთში. ერთი წლის შემდეგ, მან და მისმა კოლეგამ, პროგრამული ინჟინერმა, სამსახური დატოვეს და ერთად დააარსეს "TechLit Africa". არაკომერციული ორგანიზაცია კომპიუტერებს კომპანიებისგან, უნივერსიტეტებისა და კერძო პირებისგან იღებს შემოწირულობის სახით. ტექნიკა იწმინდება და განახლდება, სანამ კენიაში გაიგზავნება. იქ ის ნაწილდება სოფლად მდებარე პარტნიორ სკოლებში, სადაც 4-დან 12 წლამდე მოსწავლეები ყოველდღიურად სწავლობენ და ხშირად აქვთ შესაძლებლობა, პროფესიონალებისგან ისწავლონ, შეიძინონ უნარები, რომლებიც მათ განათლების გაუმჯობესებაში და მომავალი სამუშაოებისთვის უკეთ მომზადებაში დაეხმარებათ.
ნელი ჩებოი - CNN-ის წლის გმირი, რომელმაც კენიელი მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ლაბორატორიები შექმნა

გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს