კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

ქართული Shrimp ამაზონის იმპერიაში

ტექნოლოგია ციფრული
ქართული Shrimp ამაზონის იმპერიაში

**Shrimp – გიორგი ბერუაშვილის პროგრამა, რომელსაც ამაზონი 13 ქვეყანაში იყენებს**

ამერიკული კომპანია „ამაზონი“ მსოფლიოს უდიდესი ონლაინ მაღაზიაა, რომლის სათავო ოფისი სიეტლში (აშშ) მდებარეობს. კომპანია 1994 წელს ამერიკელმა კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტმა და ბიზნესმენმა, ჯეფრი ბეზოსმა დააარსა. თავდაპირველად მას „კადებრა“ ერქვა და ინტერნეტით წიგნებით ვაჭრობდა. 1995 წელს სახელი „ამაზონით“ შეეცვალა. ამავე პერიოდში Amazon.com უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. კომპანია საკმაოდ სწრაფად გაიზარდა და მალევე წიგნებთან ერთად სხვა პროდუქციის ონლაინ გაყიდვაც დაიწყო. აღსანიშნავია, რომ „ამაზონი“ თავიდანვე მომხმარებელზე ორიენტირებული იყო – სწორედ მან დანერგა პირველად მომხმარებლისთვის პროდუქტის შეფასების ფუნქცია, ნეგატიური გამოხმაურების შემთხვევაშიც კი.

დღესდღეობით, „ამაზონი“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი და უდიდესი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის, ღრუბლოვანი სერვისების, ციფრული სტრიმინგისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას იკავებს. კომპანიის ლოგო 2000 წლიდან არსებობს, სადაც სიტყვა „ამაზონში“ ასოები A და Z ისრით არის დაკავშირებული. ეს იმის მანიშნებელია, რომ ონლაინ მაღაზიაში ნებისმიერი ასოთი დაწყებული პროდუქტის მოძიებაა შესაძლებელი. ისარი, ამასთანავე, ღიმილის სიმბოლოცაა.

„ამაზონი“ მუდმივად განვითარებადი კომპანიაა, რომელიც ყოველწლიურად უამრავ სამუშაო ადგილს ქმნის. ცნობილია, რომ ორგანიზაცია თანამშრომლებს კარგ სამუშაო პირობებს სთავაზობს. სწორედ ამიტომ, ის არაერთხელ დასახელდა აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ დამსაქმებლად. „ამაზონში“ მუშაობა ბევრი ადამიანის ოცნებაა. დასაქმების მსურველებს რამდენიმე შესარჩევი ეტაპის გავლა უწევთ. ლიდერობა, პასუხისმგებლობა, წინსვლისა და განვითარების მუდმივი სწრაფვა – ეს ის აუცილებელი მოთხოვნებია, რომლებიც „ამაზონში“ მუშაობის დაწყების მსურველს უნდა ჰქონდეს. კომპანია გრძელვადიან პერსპექტივაზეა ორიენტირებული. „იმუშავე ბეჯითად, გაერთე, შექმენი ისტორია“ (Work hard, have fun, make history) – ეს არის მისი სლოგანი.

აღსანიშნავია, რომ კომპანიაში დასაქმება ბევრმა ქართველმა მოახერხა, რომელთა წარმატების ისტორიები არაერთხელ გაგვიგია. გიორგი ბერუაშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც „ამაზონში“ უკვე 4 წელია წარმატებით მუშაობს. ამ დროის განმავლობაში მან დაწინაურება შეძლო და ამჟამად „ამაზონის“ ჩრდილოეთ ამერიკის ოპერატიული რეგიონალური მენეჯერის პოზიციას იკავებს. მისი ისტორია განსაკუთრებით საინტერესოა – გიორგიმ კომპანიისთვის სპეციალური მექანიზმი შეიმუშავა, რომელმაც თანამშრომელთა მუშაობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. „Shrimp“ – ასე ჰქვია პროგრამას, რომლითაც ქართველმა ახალგაზრდამ „ამაზონის“ ყურადღება მიიპყრო. მას სამუშაო პროცესში აქტიურად უკვე 13 ქვეყანაში იყენებენ. გიორგი ბერუაშვილმა კომპანიაში მიღებულ გამოცდილებაზე, მის მიერ შექმნილ პროგრამასა და სამომავლო გეგმებზე „ნავიგატორთან“ დეტალურად ისაუბრა.

**როგორ მოხვდით ამერიკაში და როგორ დასაქმდით „ამაზონში“?**

ამერიკაში 8 წლის წინ სასწავლებლად ჩამოვედი. ბაკალავრიატი ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტში (UCF – University of Central Florida) გავიარე. საერთოდ სხვა სფერო – დიპლომატია, საერთაშორისო ურთიერთობები ვისწავლე. ფლორიდაში, ქალაქ ორლანდოში ვცხოვრობდი. ბაკალავრის დამთავრების შემდეგ გაეროში სტაჟიორად ვიმუშავე, თუმცა ეს საქმიანობა არ მომეწონა. თავიდან დავფიქრდი, თუ რა მინდოდა ცხოვრებაში მეკეთებინა. მაგისტრატურა უკვე ბიზნესის მიმართულებით გავაგრძელე. მენეჯმენტის მაგისტრი დავამთავრე, რის შემდეგაც „ამაზონში“ დავიწყე მუშაობა.

კომპანიას ამერიკის სხვადასხვა შტატში საწყობები აქვს, პირველი მისისიპის შტატში გაიხსნა. უზარმაზარი საწყობია, სადაც დაახლოებით 8000 ადამიანი მუშაობს. მასში სხვადასხვა დეპარტამენტია, ერთ-ერთის რეგიონალური უფროსი მე ვარ, სადაც 500-დან 700-მდე ადამიანია დასაქმებული. ჩემი პირველი პოზიცია რეგიონალური მენეჯერის პირველი დონე იყო. ახლა მეორე დონეზე ვარ, სადაც 1 წელი და 5 თვეა ვმუშაობ. მესამე დონე უკვე რეგიონალური მენეჯერების უფროსს გულისხმობს.

**რა სერვისი შესთავაზეთ „ამაზონს“ და რამ გამოიწვია ამხელა დაინტერესება?**

მუშაობის მეოთხე თვეს, გავაცნობიერე, რომ „ამაზონს“, რომელიც ასეთი მასშტაბური კომპანიაა და დაახლოებით ათასამდე სხვადასხვა საიტი, ასევე თანამშრომლების შესახებ ინფორმაციის მოძიების პლატფორმა აქვს, არ აღმოაჩნდა ვებ-პლატფორმა, სადაც ყველაფრის ნახვა ერთიან სივრცეში იქნებოდა შესაძლებელი. რეგიონალური მენეჯერები ჩვენი ათსაათიანი ცვლის დაახლოებით 5-7 საათს ამ საიტების მოძიებას, Excel-ში გადმოტანას, მათ გახსნასა და ანალიზს ვანდომებდით. უდიდესი დრო იხარჯებოდა და უშუალოდ თანამშრომლებთან კომუნიკაციის დრო აღარ გვრჩებოდა. დავფიქრდი, რისი გაკეთება შემეძლო ამ პრობლემის გადასაჭრელად.

სწორედ ამ პერიოდში დავინტერესდი Excel VBA macros-ით: Excel-ის დეველოპერის მენიუში შედიხარ და კოდს ქმნი, რომელიც საიტებიდან ინფორმაციის ავტომატურად გადმოტვირთვას უზრუნველყოფს. ერთ-ორ თვეში მიღებული ცოდნის საფუძველზე, „ამაზონის“ 12-13 საიტი გავაერთიანე. მათი ნახვა ერთ სივრცეში, ერთიანად გახდა შესაძლებელი. თავდაპირველად, ეს პლატფორმა მხოლოდ ჩემი და ჩემი გუნდისთვის შევქმენი, რათა ჩვენი სამუშაო პროცესი გაგვემარტივებინა. თუმცა, სიახლე საკმაოდ სწრაფად გავრცელდა: სხვა დეპარტამენტები და სხვა საწყობებიდანაც მწერდნენ თხოვნით, რომ მათთვისაც შემექმნა მსგავსი პლატფორმა.

„ამაზონს“ აქვს შიდა საიტი, სადაც მისი ყველა რესურსი თავსდება. შექმნილი პლატფორმა ამ საიტზე განვათავსე, რათა სხვა საწყობებისთვისაც გამეზიარებინა. კომპანია დაინტერესდა და ამჟამად უკვე დაახლოებით 140 სხვადასხვა საწყობი იყენებს, 13 სხვადასხვა ქვეყანაში. ჩემს პროგრამას Shrimp ჰქვია და ჩემს გუნდში და მთელ „ამაზონში“ უკვე ასე მიცნობენ. ამხელა გამოხმაურებას არ ველოდი. მისი დახმარებით, 5 საათის ნაცვლად, ნებისმიერი საჭირო ინფორმაციის მოძიება რამდენიმე წუთშია შესაძლებელი, რაც ჩვენს მუშაობას მნიშვნელოვნად ამარტივებს.

**მისი შექმნის პროცესი რამდენად შრომატევადი იყო?**

კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით არასდროს მისწავლია, Excel-თან შეხება საერთოდ არ მქონია. ყველაფრის თავიდან სწავლა მომიწია. ამ პლატფორმაზე მუშაობის პროცესი საკმაოდ ნელი გამოდგა, მის შესაქმნელად დაახლოებით 1 თვე დამჭირდა. 11-12-საათიანი სამუშაო დღის შემდეგ, სახლში ვბრუნდებოდი და ყოველდღიურად რამდენიმე საათს ამ პროგრამაზე ვმუშაობდი, ამიტომაც იმ პერიოდში თითქმის არ მეძინა. პლატფორმის შექმნა 2021 წლის დეკემბერში დავიწყე, იანვარში ჩემი დეპარტამენტი იყენებდა, თებერვალ-მარტის პერიოდში კი გავრცელება დაიწყო. მაისში მას უკვე სხვადასხვა ქვეყნებში იყენებდნენ.

ამ პლატფორმის 4 ვერსიის შექმნა დამჭირდა, რადგან პირველი მხოლოდ ჩემს დეპარტამენტზე იყო მორგებული, სადაც საწყობში პროდუქციის შემოტანა ხდება. სამ სხვა დეპარტამენტს მათ საჭიროებებზე მორგებული პლატფორმა სჭირდებოდათ. ამჟამად უკვე 4 სხვადასხვა ვერსია არსებობს. მისი განახლება ყოველთვიურად მიწევს. ეს საკმაოდ რთულია, რადგან, როგორც წესი, „ამაზონში“ ასეთ მასშტაბურ პროგრამებზე 3-4 ადამიანი მუშაობს. მათი მოვალეობაა ამ პროგრამების განახლება. ბუნებრივია, ეს ჩემი პირდაპირი მოვალეობა არ არის, უბრალოდ მისი შექმნის აუცილებლობა დავინახე და მასზე მუშაობა თავად მოვინდომე. 4 სხვადასხვა პლატფორმის ყოველთვე განახლება ძალიან შრომატევადია და დიდ დროს მოითხოვს, თუმცა ეს ყველაფერი ჩემს თავისუფალ დროს უნდა გავაკეთო, რადგან სამუშაო საათებში სხვა ვალდებულებები მაკისრია და არ შემიძლია ამ დროის პლატფორმის განახლებისთვის გამოყენება. ამ ერთი პროგრამის გარდა, ჩემს მიერ შექმნილი 27 სხვადასხვა პროგრამა მაქვს, მაგრამ ყველა მათგანი ასეთი მასშტაბური არ არის. უმეტესობას მხოლოდ ჩვენი საწყობი იყენებს.

**რა სამომავლო გეგმები გაქვთ: ამ კომპანიაში დარჩენასა და განვითარებაზე ფიქრობთ, თუ მიღებული გამოცდილების სხვაგან გამოყენებას განიხილავთ?**

„ამაზონში“ დარჩენა მინდა, რადგან კომპანია სწრაფად აწინაურებს მონდომებულ თანამშრომლებს, რომლებსაც მუშაობა აინტერესებთ და „ამაზონის“ განვითარებაზე ზრუნავენ. სხვა კომპანიებში ასე არ ხდება, ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლას გაცილებით დიდი დრო სჭირდება. მაგალითად, ჩვენი მთელი საწყობის უფროსი 29 წლის ახალგაზრდაა, რომელიც 8000 ადამიანს ხელმძღვანელობს. ანაზღაურებაც ძალიან მაღალი აქვს. კომპანია სწრაფი განვითარების შესაძლებლობას იძლევა, ამიტომაც აქ დარჩენას ვაპირებ.

ჯერჯერობით მინდა, რომ ოპერატიულ სამსახურში დავრჩე. შემდეგ კი ოპერატიულ რეგიონალურ პოზიციაზე უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდე და ჩემს დაქვემდებარებაში უფრო მეტი საწყობი იყოს. სამომავლოდ, ჩემს თავს კორპორატიულ სამსახურშიც კი ვხედავ. ჩემი საბოლოო მიზანია, რომ ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე გადავიდე, მაგრამ ეს ჯერჯერობით შორეული გეგმებია. „ამაზონი“ საკუთარ განვითარებაში დიდ ფინანსურ რესურსს დებს. ის მუდმივად ვითარდება და სხვა კომპანიებისგან სწორედ ამით განსხვავდება.

**ამაზონში ბევრი ქართველი მუშაობს, თქვენ თუ შეგხვედრიათ კომპანიაში?**

კომპანიაში მართლაც ბევრი ქართველი მუშაობს. გვაქვს შიდა საიტი, სადაც სახელსა და გვარს ჩაწერ და „ამაზონის“ თანამშრომლებს გიჩვენებს. ამ საიტზე გადავამოწმე და ბევრი ქართველი ვნახე. თითქმის ყველა კორპორატიულ პოზიციებზეა, ან ფინანსთა დეპარტამენტში, ზოგიერთი კი ტექნოლოგიურ დეპარტამენტში მუშაობს. ოპერატიულ სამსახურებში ჯერჯერობით ვერავინ ვნახე.

**ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ „ამაზონმა“ თანამშრომლები გაათავისუფლა, რამ გამოიწვია ეს ფაქტი?**

თანამშრომლები „მეტამაც“ გაუშვა, „ტესლამაც“ ბევრი გაათავისუფლა, ახლა „მაიკროსოფტიც“ იგივეს გეგმავს. „ამაზონმა“ დაახლოებით 10 000 კორპორატიული და ტექნოლოგიური პერსონალი გაათავისუფლა. კომპანიამ ვერ გათვალა, თუ რამდენი კვალიფიციური კადრი სჭირდებოდა. ძალიან ბევრი ადამიანი დაასაქმეს, თუმცა ბევრ მათგანს ოფისში კონკრეტული სამუშაო არ ჰქონდა. ბოლო პერიოდში „ამაზონის“, როგორც კომპანიის ღირებულება, 120-დან 87-მდე დაეცა. ეს მისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა იყო. კომპანიაში მიხვდნენ, რომ ცვლილებები უნდა განეხორციელებინათ და შეემცირებინათ ისეთი პოზიციები, სადაც მაღალ ანაზღაურებას იხდიდნენ. ასეთები ტექნოლოგიური და კორპორატიული სამუშაო როლები იყო. გაათავისუფლეს ძველი თანამშრომლებიც, რომლებიც უკვე წლებია მუშაობენ და კომპანიაში დიდი დრო გაატარეს. ამ 10 000-დან ნაწილი ისეთი ადამიანებიც აღმოჩნდნენ, რომლებმაც გასაუბრება გაიარეს, თუმცა მუშაობის დაწყება ვერ მოასწრეს – მათი გათავისუფლებაც მოუწიათ. შემცირება მსოფლიოს მასშტაბით განხორციელდა, ძალიან ბევრი გაუშვეს ინდოეთში, გერმანიაში, იაპონიაში. გათავისუფლება ოპერატიულ სამსახურებს არ შეხებია. არც ბოლო პერიოდში აყვანილი ახალი კვალიფიციური კადრები გაუთავისუფლებიათ. ბოლო დროინდელი გათავისუფლებების მიუხედავად, ამერიკული კომპანია ახალი კვალიფიციური თანამშრომლების მიღებას არ წყვეტს.

საინტერესოა, რომ 2020 წლის მონაცემებით, „ამაზონში“ დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 1,298,000 იყო. გიორგი ბერუაშვილი იმ წარმატებულ ქართველებს შორისაა, რომელსაც უმსხვილესი ონლაინ მაღაზიის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს.

კომენტარები