თუ ავტომობილის მფლობელი ხართ, შესაძლოა, ერთხელ მაინც აღმოჩენილხართ სიტუაციაში, როდესაც საბურავი დაგეშვათ, ხოლო უახლოესი ვულკანიზაციის პოვნა ვერ მოახერხეთ. საზღვარგარეთ, მსგავს შემთხვევებში, ბენზინგასამართ სადგურებზე სპეციალურ მოწყობილობებს შეხვდებით, რომლითაც მარტივად შეძლებთ საბურავის დაბერვას. თუმცა, საქართველოში ასეთი სერვისით სარგებლობა ჯერჯერობით პრობლემატურია. „ედისონ თექ სოლუშენსის“ დამფუძნებლის, გივი ბერიძის განცხადებით, „მსგავსი ტექნოლოგიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს, თუმცა მათი იმპორტი საქართველოში საკმაოდ ძვირი ჯდება, რაც ამ პრობლემის გადაუჭრელობის მთავარი მიზეზია“. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, Edison Tech Solutions-მა შექმნა აღნიშნული მოწყობილობის შიდა კომპონენტები (პლატა) და კორპუსი, რომელთა წარმოებაც ადგილობრივ საწარმოში განხორციელდა. „მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია ინოვაციურ პროექტებზე მუშაობს, თუმცა, ამავდროულად, ვალდებულებად მივიჩნევთ, შევქმნათ ისეთი ტექნოლოგიები და პროდუქტები, რომლებიც, შესაძლოა, გლობალურად ინოვაციური არ იყოს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარებისთვის მათი ადგილობრივი წარმოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზნით შევქმენით ჭკვიანი შესანახი საკეტები (Lockers), საბურავის დასაბერი მოწყობილობა და სხვა მრავალი ტექნოლოგიური გადაწყვეტა, რომელთა გაცნობა ჩვენს პორტფოლიოშია შესაძლებელი“, – აღნიშნავს გივი ბერიძე. საბურავის დასაბერი მოწყობილობა, როგორც სრულად ქართული პროდუქტი, უკვე მზადაა ინსტალაციისთვის ნებისმიერ ლოკაციაზე. Edison-ის ინფორმაციით, პროდუქტის ხარისხი არ ჩამოუვარდება საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ანალოგებს, ხოლო ფასი მნიშვნელოვნად კონკურენტულია. მისი სავარაუდო ღირებულება 600 აშშ დოლარის ფარგლებშია.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს