თიბისიმ ახალი კონცეფციის ფარგლებში თბილისში ექვსი განახლებული ფილიალი გახსნა. ძველი ფილიალებისგან განსხვავებით, განახლებული სივრცეები თანამედროვე და მყუდრო დიზაინით გამოირჩევა, რომლებიც მაქსიმალურად არის მორგებული მომხმარებელთა ინტერესებსა და კომფორტზე.
ამასთან, თანამედროვე დიზაინის ფილიალებში წარმოდგენილია ქართველი ხელოვანების ნამუშევრები, რომლებიც მთლიან კედლებზეა დატანილი და ორიგინალურად ერწყმის ფილიალების განახლებულ დიზაინს. ოთხი ნამუშევრის ავტორი გრაფიკული დიზაინერი გია ბოხუაა.
ფილიალების განახლების მიზეზებსა და თიბისის კედლებისთვის ნამუშევრების შერჩევის პროცესზე გია ბოხუა და თიბისის ბრენდის ლიდერი ბეკი ფანცხავა საუბრობენ:
„ფილიალების განახლების პროექტზე მუშაობა 2019 წელს დაიწყო, ხოლო პირველი სივრცეები 2020 წლის დეკემბრიდან გაიხსნა. ამ ეტაპზე, თბილისში მომხმარებლებს უკვე ექვსი ახალი ფილიალი ემსახურება, 2021 წელს კი ახალი სივრცეები რეგიონებშიც გამოჩნდება. პროექტზე თიბისის გუნდთან ერთად ბრიტანული სააგენტო GEOMETRY მუშაობდა, რომელსაც ცნობილი ბრენდების სივრცეების შექმნის დიდი გამოცდილება აქვს. ეს საერთაშორისო სააგენტო კომპანიებს მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნაში ეხმარება და ნამუშევარი აქვს ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა IKEA, KFC, Philips, Coca-Cola, WWF და სხვა.“ - აცხადებს ბეკი ფანცხავა.
მისი თქმით, თიბისის მისია ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა და კომპანია ცდილობს, ყველა პროდუქტსა თუ მომსახურებას ამ ჭრილში შეხედოს. „მუდმივად ვუსმენთ მომხმარებლებს, ვიღებთ მათგან უკუკავშირს და კომპანიაც შესაბამისად ვითარდება. ჩვენი მთავარი გზავნილია „აქ.ახლა“, რაც მომხმარებლებთან ერთად მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას, წარმატების გაზიარებას და ცხოვრების გამარტივებას ნიშნავს ნებისმიერ შეხების წერტილში, იქნება ეს ციფრული თუ ფიზიკური სივრცე“, - აღნიშნავს ბრენდის ლიდერი.
ბეკი ფანცხავა განმარტავს, რომ თიბისის ახალი კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც ფილიალები განახლდა, მოდულარულობისა და სიმარტივის პრინციპზეა აგებული. „გარემო მაქსიმალურად მოქნილია როგორც კლიენტებისთვის, ისე თიბისელებისთვის, რაც ფილიალში სტუმრობის გამოცდილებას მაქსიმალურად კომფორტულს, სწრაფს და სასიამოვნოს ხდის. აღსანიშნავია ისიც, რომ ფილიალების განახლება ეფუძნება ახალ – უნივერსალური მომსახურების ბიზნეს მოდელს. მაქსიმალურად გამარტივებულია მომხმარებლის ნავიგაცია. ახალ ფილიალში იპოვით საცალო, პერსონალური საბანკო და ბიზნეს მომსახურებების სივრცეებს, ასევე ნებისმიერ სტუმარს შეუძლია გამოიყენოს მოქნილი და მყუდრო საერთო სამუშაო სივრცე. ყველა ფილიალში არის გამოყოფილი კუთხე, სადაც აგურის კედელზე ქართველი ხელოვანების ნამუშევრებია გადატანილი. ამ ეტაპზე გვაქვს გია ბოხუას და დავით ჩანადირის ნამუშევრები, რომლებიც კონკრეტულ სივრცეებზეა მორგებული და განსაკუთრებით უხდება მათ ხასიათსა და გარემოს. ესეც ბრენდის ამბის თხრობის ნაწილია“, - აცხადებს ბეკი ფანცხავა.
გია ბოხუა მუშაობის პროცესზე საუბრობს: „ფერებთან დაკავშირებით აბსოლუტური თავისუფლება მქონდა, თუმცა ჩემივე მოსაზრებით, ვეცადე, ნაკლებად კონტრასტული კომბინაციები შემემუშავებინა. თითო კედელზე მიახლოებით 14-15 განსხვავებული ფერია და ყველა ფილიალს სხვადასხვა ფერთა გამა აქვს. რაც შეეხება პროცესს, პირველ რიგში, არსებული ნამუშევრები კედლის ზომებს მოვარგეთ. შემდეგ ფერთა ურთიერთშესაბამება და პალიტრა განისაზღვრა. ნამუშევრის დამტკიცებიდან დაიწყო ფერების დამზადება. ასევე, ჩვენი მეგობარი კომპანია x-lab-ის დახმარებით, ამოიჭრა შაბლონები, რათა ნამუშევრის ფორმები ცდომილების გარეშე გადასულიყო კედლის ზედაპირზე. შემდეგ პროცესი ასისტენტ მხატვარს, ირაკლი გაბეცაძეს გადაბარდა. ირაკლიმ შაბლონების მეშვეობით და ზუსტი ზომების დაცვით კედელზე ააგო ნამუშევრის სილუეტი, რის შემდეგაც დაფერა ისე, რომ ხაზები გამართული და ზუსტი გამოსულიყო“.
კითხვაზე, თუ როგორ დააკავშირა მსგავსად ფერადი ნამუშევარი თიბისის განახლებული ფილიალების კონცეფციასთან, გია ბოხუა პასუხობს, რომ ბრენდები ცდილობენ, ერთ ფერზე მიბმას იდენტიფიკაციის ეფექტურობისთვის, თუმცა ესთეტიკა ზოგჯერ ზარალდება. „მოხარული ვიყავი, რომ თიბისიმ ექსპერიმენტის სახით თავისუფლება მომცა ფერთა არჩევანში. ამან ფილიალის ინტერიერში გარკვეული ამაღლებული ვიბრაციები შეიტანა, რაც საბოლოო ჯამში, ხანმოკლე ვიზიტორისთვის სასიამოვნო გამოცდილებად გარდაიქმნება“, - აღნიშნავს გია ბოხუა.
მისივე თქმით, მუშაობის პროცესში გარკვეული სირთულეები ფერების შერევისას წარმოიშვა, თუმცა ეს პრობლემა ფერების მინიმალური მოდიფიკაციებით მარტივად მოგვარდა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს