არქეოლოგებმა გაერთიანებულ სამეფოში რკინის ხანის ერთ-ერთი უდიდესი და მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს. მელსონბის განძი, რომელიც ჩრდილოეთ იორკშირში, მელსონბის მახლობლად მდებარე მინდორში აღმოაჩინეს, 800-ზე მეტ ნივთს მოიცავს. მათ შორის არის ორი ქვაბი ან ჭურჭელი, ცხენის აღკაზმულობა, ლაგამი, საზეიმო შუბები და 28 რკინის საბურავი, რომლებიც, სავარაუდოდ, დაახლოებით 2000 წლის წინ იყო დამარხული.
ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს უპრეცედენტო აღმოჩენა ჩრდილოეთ ბრიტანეთში მცხოვრები ელიტის სიმდიდრისა და სტატუსის მნიშვნელოვან გადაფასებას გამოიწვევს. აღმოჩენილი ნივთები მოიცავს ოთხბორბლიანი ეტლების ნაწილებს, ასევე ორბორბლიან ეტლებს, მათ შორის, სულ მცირე, 14 პონის მდიდრულ აღკაზმულობას, რომელთა ნაწილი წითელი, ხმელთაშუა ზღვის მარჯნითა და ფერადი მინით იყო მორთული. ნაპოვნია სამი საზეიმო შუბი და ორი მდიდრული ქვაბი ან ჭურჭელი, რომელთაგან ერთ-ერთი ხმელთაშუა ზღვისა და რკინის ხანის სტილშია გაფორმებული და, სავარაუდოდ, ღვინის შესარევად გამოიყენებოდა.
ზოგიერთი ნივთი კონტინენტურ ევროპაში აღმოჩენილ ანალოგებს უკავშირდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანები ამ მანძილზე ტექნოლოგიებს იზიარებდნენ. განძის ადრეული ანალიზი აჩვენებს, რომ ნივთების უმეტესობა მიზანმიმართულად იყო დამწვარი ან დაზიანებული დამარხვამდე, რაც ძალაუფლებისა და სიმდიდრის დემონსტრირებას ისახავდა მიზნად. ვარაუდობენ, რომ ნივთები დაკრძალვამდე კოცონზე დაწვეს, თუმცა ადამიანის ნაშთები არ აღმოჩენილა. აღმოჩენილი განძი ბრიტანეთისა და ევროპისთვისაც კი განსაკუთრებულია და აჩვენებს, რომ ინგლისის ჩრდილოეთში იმაზე მეტი სიმდიდრე იყო, ვიდრე ადრე ეგონათ.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს