სამოცდათხუთმეტი წლის წინ, უელსის ერთ პატარა სოფელში საშინელი ავიაკატასტროფა მოხდა, რომლის მსგავსი მსოფლიოს არ ენახა. თვითმფრინავი, რომელშიც გახარებული რაგბის გულშემატკივრები იმყოფებოდნენ, 1950 წლის 12 მარტს უელსის ნაკრების მიერ ირლანდიის დამარცხების შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. დანიშნულების ადგილამდე, გლამოგანის ველზე მდებარე ლანდაუს აეროდრომამდე ცოტა ხნით ადრე, თვითმფრინავი ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი 83 ადამიანიდან 80 დაიღუპა. იმ დროისთვის ეს იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი ავიაკატასტროფა მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით.
ერთ-ერთი მსხვერპლის დამ, ბეტი როსიტერმა გაიხსენა, რომ რაგბის კლუბიდან კაცი მივიდა მათთან და უბრალოდ თავი გააქნია. მისი ძმა, დეივიდ ჰოკინსი, მეუღლესთან, კათლინთან ერთად იმყოფებოდა თვითმფრინავში. მათ ექვსი თვით ადრე იქორწინეს და მოგზაურობისთვის თითოეულმა 10 ფუნტი სტერლინგი დაზოგა, რაც დამატებით მოლოდინს ქმნიდა ხუთი ერის თამაშის წინ, რომელშიც უელსის გამარჯვების შემთხვევაში სამმაგი გვირგვინი ელოდათ.
ბეტი როსიტერის თქმით, დედამისი ძალიან აღელვებული იყო და ამბობდა, რომ მისი დეივი თვითმფრინავით მიფრინავდა და იმედოვნებდა, რომ მასთან ყველაფერი კარგად იქნებოდა. როდესაც მათ შეიტყვეს, რომ დეივი და კათლინი დაიღუპნენ, 85 წლის ქალბატონმა როსიტერმა თქვა, რომ დედამისი ძალიან განიცდიდა, ისევე როგორც მამამისი. დედამისი ამის შემდეგ აღარასოდეს ყოფილა ისეთი, როგორიც ადრე იყო. ეს საშინელი დრო იყო.
იმ საბედისწერო დღეს თვითმფრინავს ახლომდებარე სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ესკადრილია ელოდა, რომლის მეთაური, ბილ ირვინგიც ბორტზე იმყოფებოდა. ესკადრილიის ისტორიკოსის, მარტინ ვეიდის თქმით, მათ საშინელებით დაინახეს, როგორ უახლოვდებოდა თვითმფრინავი, უეცრად ზემოთ აიჭრა და მიწაზე დაეცა. ბევრი ოფიცერი სასწრაფოდ გაემართა ასაფრენ ბილიკზე და პირველები იყვნენ შემთხვევის ადგილზე. მათ სამწუხარო მოვალეობა ჰქონდათ, თვითმფრინავიდან ამოეყვანათ თავიანთი მეთაურის ცხედარი, ისევე როგორც ყველა დანარჩენი, ვინც სიცოცხლე დაკარგა.
Avro Tudor-ის ტიპის თვითმფრინავის ხუთივე ეკიპაჟის წევრი და 75 მგზავრი დაიღუპა. ეს ტრაგედია სამუდამოდ დარჩა იმ სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიცრების გონებაში, რომლებმაც ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახეს. გამოძიებამ მოგვიანებით დაადგინა, რომ თვითმფრინავი შესაძლოა გადატვირთული ყოფილიყო და დამატებითი ბარგი არ აწონეს. დაღუპულთაგან შვიდი დაკავშირებული იყო ლანჰარანის რაგბის კლუბთან. ლანჰარანი მაშინ გაცილებით პატარა იყო, ვიდრე დღეს არის, რაც იმას ნიშნავდა, რომ ტრაგედიის გავლენა განსაკუთრებით დიდი იყო.
ბეტი როსიტერის მეუღლეს, ალან როსიტერს, რომელიც იმ დროს 10 წლის ბავშვი იყო და სოფელში ცხოვრობდა, ახსოვს ყველა მსხვერპლის დაკრძალვა, რომელიც ლანჰარანში გაიმართა. მისი თქმით, ეს იყო ყველაზე დიდი დაკრძალვა, რაც კი ოდესმე უნახავს. ეს იყო სამწუხარო დღე ლანჰარანისთვის, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. ლანჰარანის რაგბის კლუბის წევრმა, ალან ჯენკინსმა გადახედა კლუბის არქივებს იმ დროიდან. მისი თქმით, საკმაოდ დიდი დრო გავიდა, სანამ ამის შესახებ კლუბის ოქმებში რაიმე სახის მოხსენიება გაკეთდებოდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში შეხვედრები არ იმართებოდა და თითქოს არაფერი მომხდარა. მისი აზრით, ეს იმდენად დიდი ტრაგედია იყო, რომ კლუბმა უბრალოდ არ იცოდა, როგორ გაუმკლავებოდა მას.
საოცარია, მაგრამ კატასტროფას სამი ადამიანი გადაურჩა. მათგან ორი - ჰენდელ როჯერსი, რომელიც მოგვიანებით უელსის რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდა, და მისი სიძე, გვინ ენტონი - თვითმფრინავის უკანა მხარეს, ახლად დამონტაჟებულ დამატებით სავარძლებზე ისხდნენ. მესამე, მელ თომასი ლანჰარანის რაგბის კლუბიდან, შეჯახების დროს ტუალეტში იმყოფებოდა. BBC Wales-თან 60 წლისთავზე საუბრისას მან თქვა, რომ ავარიის შესახებ ბევრი არაფერი ახსოვს.
აბერკარნი, კაერფილის საგრაფოში, კიდევ ერთი სოფელი იყო, რომელიც ღრმად დაზარალდა კატასტროფის შედეგად. აბერკარნის ადგილობრივი რაგბის კლუბის ოთხი წევრი დაიღუპა. ალბერტ ჯონ რობინსი, იგივე ჯეკი, ერთ-ერთი დაღუპული იყო. ის აბერკარნის რაგბის კლუბის ბარგის მომსახურე იყო და მეორე მსოფლიო ომში მიღებული მძიმე ჭრილობების შემდეგ რაგბის თამაშს ვეღარ ახერხებდა. რობინსის დისშვილის, მიშელ ილესის თქმით, მან სიხარულით მიიღო მოგზაურობის ბილეთი, მას შემდეგ, რაც ოჯახის სხვა წევრს მოუწია უარის თქმა. ეს იყო სასტიკი ბედის ირონია რობინსისთვის და იმ მრავალი ადამიანისთვის, ვინც სიცოცხლე დაკარგა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს